ახალი ამბები

სტუდენტები ანდრო ბარნოვთან შეხვედრას ითხოვენ

17 სექტემბერი, 2012 • 979
სტუდენტები ანდრო ბარნოვთან შეხვედრას ითხოვენ

დაახლოებით ნახევარი საათის წინ სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორს, ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდნენ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პრობლემებიდან სიმართლეს მხოლოდ ერთი შეესაბამება, ეს არის ბაზების პრობლემა.

როგორც კვიტაშვილმა განაცხადა, ბაზების პრობლემა მოსაგვარებელია, თუმცა ეს არ არის ის საკითხი, რის გამოც აქცია უნდა იმართებოდეს:

“ბაზების პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რაც სტუდენტმა აქციით უნდა აპროტესტო, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ეს რთული სამუშაოა და მალე აუცილებლად გამოსწორდება”, – განაცხადა კვიტაშვილმა. რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით ლექტორების გათავისუფლებას, რექტორის განცხადებით, მსგავსი რამ უნივერსიტეტში არ ხდება:

“ქალბატონმა ლელა გაფრინდაშვილმა ვერ გაიარა კონკურსი, მას უნდა წარმოედგინა სილაბუსში შეტანილი ინგლისური მასალის ქართული თარგმანი, რაც არ წარმოუდგენია. ჩვენთან მუდმივად ცხადდება კონკურსი და თუკი მას ეს მასალა ექნება, შეუძლია თავიდან შემოიტანოს განაცხადი”, – განაცხადა კვიტაშვილმა. მისი თქმით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პოლიტიკური ნიშნით პედაგოგების გათავისუფლება აზრად არავის მოუვიდოდა და დასამტკიცებლად ისიც კმარა, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მუშაობს გუგული მაღრაძე, ასევ,ე გია ჟორჟოლიანი, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების” წევრია.

რაც შეეხება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს ანდრო ბარნოვს, ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, ის ჯერ მხოლოდ გამოსაცდელი ვადითაა უნივერსიტეტში:

“ანდრო ბარნოვს ექვსი თვე აქვს გამოსაცდელი ვადა, ის მხოლოდ ერთი თვეა რაც მუშაობს და ჩვენ ჯერ ვერ შევაფასებთ მის მუშაობას. ექვსი თვის შემდეგ გადაწყდება, დარჩება თუ არა დეკანის პოზიციაზე”, – განაცხადა კვიტაშვილმა. მისივე თქმით, რექტორის კომპეტენციაში არ შედის არც რეგენტთა საბჭოს დაშლა, ამისათვის ჯერ კანონი უნდა შეიცვალოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი