ახალი ამბები

წერეთელი: ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა არის ლარის გაუფასურების მიზეზი

1 დეკემბერი, 2016 • 6015
წერეთელი: ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა არის ლარის გაუფასურების მიზეზი

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, ლარის გაუფასურების მიზეზი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

“გაუფასურების მიზეზი არის არასწორი პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებდა. მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ გახმოვანებულმა პროგრამამ კიდევ უფრო დააბნია ხალხი, ე.წ. ანტიკრიზისულმა გეგმამ.  ძალიან სწორი და ზოგჯერ შეიძლება მკაცრი ნაბიჯები სჭირდება ლარის დასტაბილურებას ხელისუფლების მხრიდან , რაც დღეს არ კეთდება,” – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2016 წლის 2 დეკემბრისთვს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.5871 ლარი ღირს, რაც 1 დეკმბრისთვის დადგენილ კურსს 0.0519 ერთეულით აღემატება.

რაც შეეხება ევროს, ლართან მიმართებით 5 თეთრით გაძვირდა ევროც. კერძოდ, ეროვნული ვანკის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.7491 ლარად არის შესაძლებელი, რაც 1 დეკემბრისთვის დადგენილ კურსზე 0.0511 ერთეულით მეტია.

ეროვნულმა ბანკმა კურსი 1 დეკემბერს 16:30-ზე განაახლა. ამ დროისათვის “ბლუმბერგზე” 1 აშშ დოლარი 2.5638 ლარი ღირს, თუმცა, დღის განმავლობაში ბლუმბერგზე 1 აშშ დოლარი 10 თეთრით უფრო ძვირი, 2.66 ლარი ღირდა. ასევე, დღის განმავლობაში კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასმა 2. 72 ლარს მიაღწია, თუმცა ამ დროისთვის, 2,63 ლარი ღირს.

ეროვნულ ბანკს 1 დეკემბერს ინტერვენცია არ მოუხდენია. მათ გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმადაც, ნოემბრის თვეში ლარის გაუფასურება დოლარის მკვეთრი გამყარებით იყო გამოწვეული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი