ახალი ამბები

უნივერსიტეტთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს

17 სექტემბერი, 2012 • 989
უნივერსიტეტთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილე სტუდენტებს საკუთარი მოთხოვნების რექტორისთვის გაცნობა უნდოდათ, რომელიც სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სიტყვით ტრადიციულად პირველი კორპუსის წინ უნდა გამოსულიყო. თუმცა თსუ–ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი პირველი კორპუსის წინ სიტყვით არ გამოსულა, რექტორმა მისასალმებელი შეხვედრა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში 11 საათისთვის დანიშნა.

 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აუცილებლად შევლენ სააქტო დარბაზში და რექტორს საკუთარ მოთხოვნებს გააცნობენ.

 

ამ წუთებში თსუ–ს პირველი კორპუსის წინ შეკრებილი დაახლოებით 30–მდე მონაწილე უნივერსიტეტში შევიდა, მათ ტრანსპარანტები უჭირავთ ლოზუნგებით – “ძირს განათლების გაუნათლებელი სისტემა”, “უნივერსიტეტი სტუდენტებს”, “სოლიდარობა რეპრესირებულ პროფესორებს”, “ავტონომია უნივერსიტეტს”.

სტუდენტთა პირველი აქცია უნივერსიტეტთან 14 სექტემბერს გაიმართა, სტუდენტებმა ადმინისტრაციას რამდენიმე მოთხოვნა გააცნეს და ორშაბათამდე მათი შესრულება მოითხოვეს. ისინი საგნების ასარჩევი ბაზის სრულყოფას, უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორების დაბრუნებას, რეგენტთა საბჭოს დაშლას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნირებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობიდან ანდრო ბარნოვის გათავისუფლებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი