ახალი ამბები

ოქრიაშვილი: ბანკები ეკონომიკის რეალურ სექტორში კონკურენციას ახშობენ

1 დეკემბერი, 2016 • 2408
ოქრიაშვილი: ბანკები ეკონომიკის რეალურ სექტორში კონკურენციას ახშობენ

“დღეს ლარის კურსმა მიაღწია  ისტორიულ მინიმუმს.  ამ ნეგატიურ ტენდეციაში  ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკაა დამნაშავე,” – ეს განცხადება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

კახა ოქრიაშვილის აზრით,  არსებობს მრავალი ფაქტორი, რომლებიც ქვეყნის სწრაფ განვითარებას ხელს უშლის:

“ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ნეგატიური ფაქტორი არის ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მტაცებლური პოლიტიკის გატარება საქართველოს ეკონომიკის რეალურ სექტორში. ბატონებო, საჭიროა აბსოლუტურად კონკრეტული, კონკურენტული და თავისუფალი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფა. როდესაც ბანკები აფუძნებენ კერძო კომპანიებს, ან  ფაქტიური მფლობელები არიან სხვადასხვა კომპანიების, ეს იწვევს კონკურენციის დახშობას დარგში,  ბიზნესის უნდობლობას საბანკო სფეროს და მთავრობის მიმართ.”

ოქრიაშვილის აზრით, ბანკები არაპროფილური ბიზნესსაქმიანობით არ უნდა იყვნენ დაკავებული:

“ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც კრძალავს ბანკების არაპროფილურ საქმიანობას და ამის მიუხედავად, ბანკები სხვადასხვა სქემებით ფლობენ და მართავენ არაპროფილურ ბიზნესს და კლავენ კონკურენციას. კონკურენციის გარეშე ეკონომიკა ვერ გაზრდება. მთავრობა კარგავს ბიზნესის ნდობას, რადგან არსებობს კანონი და ის არ სრულდება.”

კახა ოქრიაშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის “შპს პსპ ფარმას” პარტნიორია, საიდანაც 2015 წელს 6 მლნ 700 ათასი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” მენეჯმენტმა განაცხადა, რომ  ფარმაცევტულმა კომპანია „ჯიპისიმ” და ფარმაცევტულმა კომპანია „ეი-ბი-სი ფარმაციამ” (ფარმადეპო) ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და მარეგულირებელ ორგანოთა თანხმობის მოპოვებისა და ტრანზაქციების დასრულების შემდეგ გაერთიანდებიან.

მათივე ინფორმაციით, შერწყმის შედეგად წარმოქმნილ კომპანიას  სააქციო საზოგადოება „ქართული ფარმაცია“ (GEPHA) დაერქმევა, რომლის 67%-იანი წილის მფლობელი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” (GHG), ხოლო 33%-ის მფლობელი „ეი-ბი-სი ფარმაციას” არსებული ძირითადი აქციონერები იქნებიან.

სამედიცინო კორპორაცია “ევექსს” “საქართველოს ჯანდაცვს ჯგუფი” მართავს, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ირაკლი გილაური. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში”, თავის მხრივ, ინვესტიციას BGEO ჯგუფი ახორციელებს, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს ასევე ირაკლი გილაური ხელმძღვანელობს. BGEO ჯგუფი ინვესტიციებს ასევე ახორციელებს “საქართველოს ბანკში”, “m2-ში”, “თელიან ველში” და ა.შ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება 2015 წლის ოქტომბერში მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი