ახალი ამბებიეკონომიკა

მთავრობის ლარიზაციის გეგმის პოპულისტური მესიჯები და რეალობა

1 დეკემბერი, 2016 • 2496
მთავრობის ლარიზაციის გეგმის პოპულისტური მესიჯები და რეალობა

თამბაქოსა და ნავთოპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდა მოსახლეობისთვის თითქმის ყველა ტიპის პროდუქტს გააძვირებს, თუმცა ამით უკმაყოფილო მოქალაქეებისთვის მთავრობამ ონლაინ-სესხების რეგულირებისა და დოლარში სესხების მქონე პირთათვის სუბსიდიების გაცემის პროექტები დააანონსა. რეალურად კი, მთავრობამ ამ სქემით საბიუჯეტო შემოსავლებში მოგების გადასახადის რეფორმირების შედეგად გაჩენილი ნახევარმილიარდიანი დანაკლისის შევსების რესურსი მოძებნა.

მოგების გადასახადის რეფორმირების შედეგად 2017 წლის ბიუჯეტში მთავრობა 519 მილიონი ლარის შემოსავალს კარგავს, თუმცა ამ დანაკლისს აქციზის გადასახადის ზრდით შეავსებს, რითაც წინა წელთან შედარებით 615 მლნ ლარით მეტს მიიღებს, ანუ გადაფარავს მოგების გადასახადის ნაწილში გაჩენილ დანაკლისს და კიდევ დამატებით 96 მილიონი ლარი დარჩება.

ამ ფონზე მთავრობა 65 მილიონ ლარს გამოყოფს მოქალაქეთა ნაწილის მიერ დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაციის დროს 20-პუნქტიანი სხვაობის დასაფარად. ეს პროექტი 30 ათასზე მეტ ადამიანს შეეხება, თუმცა იმის გამო, რომ ამით ამ მოქალაქეებს გაუძვირდებათ სესხის საპროცენტო განაკვეთი, შესაძლოა, მათმა დიდმა ნაწილმა ამ პროგრამით არც ისარგებლოს. ამ პროექტის დეტალები ეროვნულმა ბანკმა  დღეს გამოაქვეყნა. დღესვე გამოქვეყნდა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, საიდანაც მოგების და აქციზის გადასახადების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას ვიღებთ.

მოგების გადასახადის რეფორმა – ნახევარმილიარდიანი დანაკლისი ბიუჯეტში

2017 წლიდან დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება, რაც 519 მილიონი ლარით ამცირებს 2017 წელს ამ გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების პროგნოზს.

“ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და კერძო ინვესტიციების წახალისებისათვის საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა მოგების გადასახადის რეფორმის სახით, რაც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას, მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. USAID-ის მიერ განხორციელებული კვლევების შესაბამისად, აღნიშნული რეფორმა ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს დაახლოებით 1,5%-ით”, – ნათქვამია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში.

მთავრობის გაანგარიშებით, რეფორმის განხორციელების გარეშე მოგების გადასახადის სახით შესაძლებელი იქნებოდა 1 მლრდ 200 მლნ ლარზე მეტის მობილიზება, თუმცა რეფორმის გამო მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 681 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 1.8 პროცენტია.

აქციზის გაძვირება – დამატებით 615 მლნ ლარი ბიუჯეტში

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 მილიარდ 627 მილიონი ლარის ოდენობით, რაც 2016 წლის მონაცემთან შედარებით (1 მლრდ 12 მლნ ლარი) 615 მილიონი ლარით მეტია.

აქციზის გადასახადის ზრდა 2017 წელს

რატომ მაინცდამაინც თამბაქო, ნავთობპროდუქტები და ავტომობილები?

მთავრობა 2017 წლის 1 იანვრიდან აქციზის გადასახადს აძვირებს თამბაქოს ნაწარმზე, ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე?

საქმე ის არის, რომ  თამბაქოს ნაწარმი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საიმპორტო ჯგუფია.

მთავრობის გათვლით, თამბაქოს იმპორტი ყოველწლიურად 100 მლნ დოლარზე მეტი ვალუტის გადინებას იწვევს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფილტრიან სიგარეტზე აქციზი იზრდება 0,60 ლარით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე -0,30 ლარით.

“ეს იმპორტის ნაწილობრივ შემცირების გათვალისწინებით დამატებით გვაძლევს 200,0 მლნ ლარამდე დამატებით შემოსავალს”, – ნათქვამია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში.

გარდა ფინანსური სარგებლისა, მთავრობა ამ გადაწყვეტილებას სხვა მიზეზებითაც ხსნის, როგორიცაა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ევროკავშირის 2011 წლის 21 ივნისის 2011/64/EU დირექტივა- წარმოებული თამბაქოს აქციზის გადასახადის სტრუქტურისა და განაკვეთების შესახებ. დირექტივის მე-10 მუხლის შესაბამისად, სიგარეტზე აქციზურმა გადასახადმა საქართველოში უნდა შეადგინოს საშუალო შეწონილი საცალო ფასის არანაკლებ 60 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 90 ევრო ათას ღერ სიგარეტზე). ამ ვალდებულებების გარდა, მთავრობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნვის საკითხსაც გამოყოფს:

“აქციზის ზრდა თამბაქოს ნაწარმზე მისი მოხმარების შესამცირებლად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. საქართველოში ბოლო წლებში რამდენჯერმე მოხდა აქციზის გაზრდა სიგარეტზე, რამაც გამოიწვია მოხმრების შემცირება 5%-მდე. ჩვენი გათვლებით, 4 აქციზის ახალი განაკვეთების ამოქმედებით მოხმარების შემცირება დამატებით 8-10%-მდე მოხდება”.

მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიზრდება აქციზის განაკვეთი ავტომობილებზე.

მთავრობის ცნობით, ავტომობილების წმინდა იმპორტი (იმპორტსა და რეექსპორტს შორის სხვაობა) ბოლო წლებში გაორმაგდა და 2016 წელს გადააჭარბებს 300 მლნ აშშ დოლარს.

“წარმოდგენილი კანონპროექტით, შემუშავებულია ავტომობილზე აქციზის განაკვეთები, თანაბარი საგადასახადო ტვირთის და ასევე გარემოსდაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ძველი და გარემოსათვის მავნე ავტომობილებისათვის უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთს”, – აცხადებს მთავრობა, რომელიც დარწმუნებულია, რომ 2017 წელს ეს გადაწყვეტიება ბიუჯეტს დამატებით 45,0 მლნ ლარის შემოსავალს  მისცემს.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით, საქართველოში იმპორტირებული ავტომობილის ძირითად ნაწილზე გადასახადების ოდენობა შეადგენს ავტომობილის ღირებულების 8-10 პროცენტს, რაც ხელისუფლების მტკიცებით, რამდენჯერმე ჩამორჩება ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნებში არსებულ განაკვეთებს. მაგალითად, მთავრობის ინფორმაციით, უკრაინის შემთხვევაში საშუალო საგადასახადო წნეხი შეადგენს ავტომობილის საბაჟო ღირებულების 50-დან 90 პროცენტამდე; აზერბაიჯანის შემთხვევაში – 20-დან 50 პროცენტამდე;  ევრაზიის კავშირის ქვეყნები კი ავტომობილის იმპორტს ბეგრავენ ერთიანი განაკვეთით საბაჟო ღირებულების 54%, მაგრამ არანაკლებ 2.5 ევრო/სმ -ზე.

მთავრობის ცნობით, გაიზრდება აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, რაც მათი გათვლით, 250,0 მლნ ლარზე მეტ შემოსავალს მოგვცემს 2017 წლის ბიუჯეტში.

მთავრობა აცხადებს, რომ 2015 წელს საქართველოში დაახლოებით 660 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა. მათივე თქმით, მზარდი ტენდენცია ნარჩუნდება 2016 წელსაც.

“საქართველოში ბენზინის ფასი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებსა და თუნდაც მეზობელ თურქეთში, ამიტომ ხშირად საშუალო შემოსავალის მქონე მოქალაქეებიც არ ერიდებიან დიდი კუბატურის ძრავის მქონე, მეორადი ავტომობილების შეძენას, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფით ასახვას პოვებს ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც.

საწვავზე აქციზის გადასახადის გაზრდით შემცირდება ქვეყანაში ბენზინის მოხმარება, რაც სტიმული იქნება ავტოპარკის მცირე მოცულობის ძრავიანი, ჰიბრიდული და ელექტრომანქანებით განახლებისთვის, საბოლოო ჯამში კი, ეს ღონისძიება დადებით ზეგავლენას იქონიებს ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე”, – იუწყება მთავრობა.

მთავრობამ მთელი ეს გეგმები 29 ნოემბერს გახადა საჯარო და ლარიზაციის გეგმის ნაწილად გამოაცხადა, რამაც უნდა შეუწყოს ხელი ლარის უცხოურ ვალუტასთან დასტაბილურებას. ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო თვეების მანძილზე კატასტროფულად უფაუსრდება და დღეის, 1 დეკემბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის კურსით 1 აშშ დოლარი 2.5352 ლარი ღირს, თუმცა სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.58 ლარს აჭარბებს. მთავრობა ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს მზარდ იმპორტს და კლებად ექსპორტს, სწორედ იმპორტის შემცირებისკენაა მიმართული აქციზის ზრდა ზემოთ აღნიშნულ პროდუქციაზე. თუმცა ეკონომიკის დარგის სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ გამოსავალი მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მნიშვნელოვან ზრდაშია, რასაც მოქმედი მთავრობა ვერ ახერხებს. 2017 წელს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას გეგმავს, თუმცა პროცესის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი