ახალი ამბები

ნინუა და ცაბაძე ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში თანამდებობებზე აღადგინეს

1 დეკემბერი, 2016 • 3817
ნინუა და ცაბაძე ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში თანამდებობებზე აღადგინეს

საქართველოს თავდაცვის სამნისტროს ცნობით, სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე, რომლებმაც ავიაციასა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში პოსტები 2016 წლის 16 ნოემბერს დატოვეს, თანამდებობებზე აღადგინეს.

ნინუას და ცაბაძის მიერ თანამდებობების დატოვების მიზეზი გახდა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს პირები რომ 2012 წელს  პოლიტიკურ რეპრესიებში მონაწილეობდნენ. მათი გადაგომა მოჰყვა თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციაში დაწყებულ მოკლევას, რომელიც სწავლობდა აღნიშნული პირების სავარაუდო მონაწილეობას 2012 წელს ენმ-ის ეგიდით პოლიტიკურ რეპრესიებში.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გენინსპექციის მოკვლევამ ეს ბრალდებები არ დაადასტურა.

“შეიარაღებული ძალების ოფიცრების, ვიცეპოლკოვნიკების – სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 16 ნოემბერს დაწყებული მოკვლევა დასრულდა.

მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ მედიაში გაჟღერებული ბრალდება, რომლის მიხედვითაც სამხედრო მოსამსახურეები 2012 წლის არჩევნების წინ ძალისმიერი მეთოდებით ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში, არ დასტურდება.

მოკვლევისას გამოიკითხნენ მედიაში გაჟღერებული ფაქტების მონაწილე პირები: „ინფო-9“-ის ოპერატორი, იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც 2012 წელს ვიცეპოლკოვნიკები, სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე მეთაურობდნენ, და თავად ხსენებული ოფიცრები. გამოკითხულთაგან არც ერთმა დაადასტურა მედიაში კონკრეტული პირის მიერ გავრცელებული ბრალდება.

შესაბამისად, ვიცეპოლკოვნიკი სერგო ნინუა აღდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, გიორგი ცაბაძე კი – ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე,”- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი