ახალი ამბებიხელოვნება

იუნესკომ ქართული დამწერლობა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

30 ნოემბერი, 2016 • 12608
იუნესკომ ქართული დამწერლობა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია. გადაწყვეტილება იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა ეთიოპიაში დღეს გამართულ მე-11 სესიაზე მიიღო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ნომინაცია საქართველოს მთავრობისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით მომზადდა, ხოლო ნომინაციის მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე უზრუნველყო საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სააგენტოს ინფორმაციით, ნომინაციის მომზადებაში ჩართული იყვნენ: ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული მუზეუმი, საქართველოს საპატრიარქო, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები და ცალკეული ენათმეცნიერები. მათივე ცნობით, 2015 წლის 19 მარტს „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

როგორც კულტურის ეროვნული დაცვის სააგენტოში აცხადებენ, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა საუკუნეების განმავლობაში ქართული დამწერლობის ევოლუციისა და მის საფუძველზე მიღებული სამი ანბანური სისტემის (მრგლოვანი, ნუსხური, მხედრული) სხვადასხვა კულტურული და სოციალური ფუნქციით თანაარსებობის შედეგად ჩამოყალიბდა. სააგენტოს განცხადებით, ელემენტი მოიცავს ქართული ანბანის სამ სახეობას, მათი გამოყენების მრავალფეროვნებასა და თანაარსებობის ცოცხალ კულტურას, ლიტერატურულ მემკვიდრეობასა და კულტურას, ანბანის სწავლების მეთოდიკას (დედაენა – საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი), ტიპოგრაფიის, გრაფიკულ და მედია-დიზაინის ხელოვნებას. მათივე ცნობით, ელემენტი ინახავს თხუტმეტსაუკუნოვანი ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკასა და გრამატიკას, რაც ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგენს.

სააგენტოს განცხადებით, იუნესკოს მხრიდან „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებას ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია როგორც ქართული საზოგადოებისა და დიასპორისთვის, ასევე, საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და ზოგადად საქართველოს, როგორც მაღალი კულტურის მქონე ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისთვის საერთაშორისო დონეზე:

“ნომინაცია ხელს უწყობს საქართველოში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას, საზოგადოებაში ტოლერანტობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სოციო-კულტურული კავშირების განმტკიცებას, ქართველოლოგის, როგორც მეცნიერების, პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. ის ასევე წაახალისებს ქართული ენის, ანბანისა და ლიტერატურის კვლევითი ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას, რაც ელემენტის უმთავრეს დამცავ მექანიზმად მიიჩნევა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სრულიად საქართველოს ულოცავს ამ დიდ წარმატებას.”

კომიტეტის სესიაზე, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე იმართება, საქართველოს დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით მონაწილეობს: საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში ეკატერინე სირაძე-დელონე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუნესკოს ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი აფრიკის კავშირში ვახტანგ ჯაოშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან მირზიკაშვილი. ექსპერტის სტატუსით, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მიწვეულია კონსტანტინე ნაცვლიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი