ახალი ამბები

ხოშტარია: განსხვავებული პოზიციის გამო ზოგიერთი თანაგუნდელი შანტაჟზე გადმოვიდა

30 ნოემბერი, 2016 • 3128
ხოშტარია: განსხვავებული პოზიციის გამო ზოგიერთი თანაგუნდელი შანტაჟზე გადმოვიდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და მე–9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ენმ–ის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას ყრილობის წესის შესახებ არ ემხრობა, თუმცა ემორჩილება.

როგორც ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს,  განსხვავებული პოზიციის გამო ზოგიერთი მისი თანაგუნდელი ლანძღვაზე და შანტაჟზე გადავიდა, თუმცა მათ ვინაობას პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს.

“რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევას, რაც ყრილობაზე გადაწყდება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თავმჯდომარეები უნდა იცვლებოდნენ, გუნდი უნდა მდიდრდებოდეს და ამის ვინმეს დაკნინებად აღქმა და, მით უმეტეს, ამის გამო ლანძღვა, სრულიად გაუგებარია ჩემთვის. მე ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ ჩვენი პარტია გახდეს ევროპული, იცვლებოდნენ თავმჯდომარეები, გადაწყვეტილებები დემოკრატიულად მიიღებოდეს და ვვითარდებოდეთ,” – წერს ხოშტარია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ, პარტია 7000-დელეგატიან ყრილობას ჩაატარებს და ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს. პოლიტსაბჭოს ერთმა წევრმა თავი შეიკავა.

პოლიტსაბჭოს პარალელურად, ენმ–ის ოფისთან შეკრებილი იყვნენ მხარდამჭერები, რომლებიც 7 000-დელეგატიან ფორმატს ემხრობოდნენ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ მათ გამარჯვება აღნიშნეს და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელს სკანდირებდნენ, რომელიც ასევე ამ წესს უჭერდა მხარს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს 60-დან 50 წევრი დაესწრო და ყრილობის ჩატარების წესის 2 ვარიანტი განიხილა.

პირველი ვარიანტის მიხედვით, ყრილობა უნდა ჩატარდეს 27 დეკემბერს და მასში 2 158-მა დელეგატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამ ვარიანტის მიხედვით, პარტიამ უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე. ეს პოსტი მას მერე გახდა ვაკანტური, რაც მიხეილ საკააშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ეს ვარიანტი მოამზადა სამდივნოს გავლით პოლიტსაბჭოს მიერ ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა.

რაც შეეხება მეორე ვარაინტს, ეს ვარიანტი მოამზადეს პოლიტსაბჭოს წევრებმა: ზაზა ბიბილაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ და ლევან ბეჟაშვილმა. მეორე ვარიანტის მიხედვით, ყრილობა უნდა ჩატარდეს 20 იანვარს და მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს მინიმუმ 7000-მა დელეგატმა. ამ ვარიანტში ახალი თავმჯდომარის არჩევა გათვალისწინებული არ არის. ამ ვარიანტს მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილი. ხმათა უმრავლესობით, სწორედ ეს ვარიანტი აირჩია პოლიტსაბჭომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი