ახალი ამბები

პატრიარქის მოწოდებით ბაგრატზე მთავრობა და ოპოზიცია შეიკრიბება

15 სექტემბერი, 2012 • 1322
პატრიარქის მოწოდებით ბაგრატზე მთავრობა და ოპოზიცია შეიკრიბება

“ვუერთდები პატრიარქის მოწოდებას, რომ ყველანი ერთად, განურჩევლად პარტიული შეხედულებებისა, მოვიდეთ აქ, ამ ტაძრის კურთხევის დღეს”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 14 სექტემბერს ბაგრატის ტაძრის ეზოში გააკეთა.

 

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 9 სექტემბერს, საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა, რომ 16 სექტემბერს ის საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს და აკურთხებს გადახურულ და რეაბილიტირებულ ბაგრატის ტაძარს:

 

“მეფე ბაგრატი, ამშენებელი ამ ტაძრისა, არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას გიწვევთ იქ – პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს. მადლი ღვთისა ყველამ უნდა მიიღოს ამ დიდი და მადლიანი ტაძრიდან”, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

 

პატრიარქის მიწვევა მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს. ისინი ბაგრატის ტაძრის კურთხევის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ. ამის შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტმა აღდგენილი ბაგრატის ტაძრიდან, რომელიც მისი თქმით, “საქართველოს აღდგენისა და ერთიანობის სიმბოლოა”, ყველა პარტიას ერთიანობისკენ მოუწოდა:

 

“მოდით, ნუ შევუშინდებით ერთიანობას, მოდით, შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში ვართ ერთად და ამით ყველას – ერსაც და ბერსაც, მტერსაც და მოყვარესაც ხმამაღლა განვუცხადოთ – ყოველი ჩვენგანი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგ არის “ქრისტიან-დემოკრატი” თუ “ლეიბორისტი”, “ნაციონალი” თუ “მეოცნებე”, “მემარჯვენე” თუ მემარცხენე.

 

ბაგრატის დიდებული ტაძარი უკვე აღდგენილია – აღდგენილია, როგორც ერთიანობის იდეის უკვდავების სიმბოლო, როგორც დანგრეულის ხელახლა აშენებისა და გატეხილის გამთელების სიმბოლო… შესაძლოა, ჩვენ ბევრი რამ გვყოფდეს, მაგრამ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც არ შეიძლება ამ გაყოფის ხაზგასმა და წინ გამოტანა, რადგან, საბოლოოდ, ჩვენი მტრის დამარცხება და ჩვენი ერის გამარჯვება ერთ მთავარ ძალაშია, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს გადარჩენის წინაპირობა – ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია.”

 

შეგახსენებთ, რომ ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის საზეიმო ცერემონია 17 აგვისტოს გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საააშვილი მონაწილეობდა. პრეზიდენტმა ამის გამო ეს დღე უქმედ გამოაცხადა ქუთაისში. საქართველოს პატრიარქი ამ ღონისძიებას არ დასწრებია, თუმცა უცნობია ამის მიზეზი.

 

ბაგრატის ტაძრის აღდგენის და გადახურვის სამუშაოები 2008 წელს დაიწყო, როცა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისი მეორე დედაქალაქად გამოაცხადა, ხოლო თავისი საპრეზიდენტო ფიცი ბაგრატის ტაძარში დადო. აღდგენითი სამუშაოების გამო იუნესკომ, რომელიც 1994 წლიდან იცავს ბაგრატის ტაძარს, უკმაყოფილება გამოხატა მიმდინარე წლის ზაფხულში, როცა გამოაქვეყნა წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც ბაგრატის ტაძარმა დაკარგა ის ღირებულება, რის გამოც ის კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. იუნესკოს რამდენიმე თვის წინ უნდა მიეღო გადაწყვეტილება ბაგრატის ტაძრის ამ ნუსხიდან შესაძლო ამორიცხვის შესახებ, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ორგანიზაცია ამ საკითხს 2013 წელს განიხილავს სესიაზე.

ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი

მასალების გადაბეჭდვის წესი