ახალი ამბები

პრემიერი: ვიზის ლიბერალიზაცია რეფორმების მოტივაციას გაგვიზრდის

30 ნოემბერი, 2016 • 3319
პრემიერი: ვიზის ლიბერალიზაცია რეფორმების მოტივაციას გაგვიზრდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მან პირველი შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, მარტინ შულცთან გამართა. პრემიერმა საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.

“ევროკავშირის უზარმაზარი მხარდაჭერის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით. ჩვენს დღის წესრიგში, რომელიც 2017-2020 წლებს მოიცავს, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ინსტიტუციური სტანდარტების გაუმჯობესება მათი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

ეს ძირითადი ღირებულებები უდევს საფუძვლად საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ, ძალიან ამბიციურ პარტნიორობას – სწორედ ამ მიზანს ვიცავთ და ვემსახურებით. ევროპარლამენტის შემდგომი ჩართულობა ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია რეფორმების წახალისებისთვის.”

კვრიკაშვილმა ასევე ისაუბრა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობის შესახებ და მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მხარდაჭერისათვის.

“ამ შედეგს [სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას] მოუთმენლად ელის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, როგორც წარმოუდგენლად დიდი ტრანსფორმაციისა და წახალისების ეფექტის მქონე მოვლენას. ის საშუალებას მოგვცემს, უფრო მოტივირებულად განვაგრძოთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის იმპლემენტაცია. იმედი გვაქვს, რომ შიდა პროცესები ბრიუსელში მალე მოიტანს სასურველ შედეგს და ქართველი მოსახლეობის მოლოდინი გამართლდება და მოქალაქეებისათვის ხელშესახები ბენეფიტი იქნება. ევროპარლამენტის აქტიურმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი მოტივაცია და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპარლამენტი კვლავ განაგრძობს ჩვენს მხარდაჭერას და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება.” – განაცხადა პრემირმა.

პრემირის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტებთან, მანფრედ ვებერთან და ჯანი პიტელასთან. ასევე, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი