ახალი ამბები

შულცი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე მალე შეთანხმდებიან

30 ნოემბერი, 2016 • 3508
შულცი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე მალე შეთანხმდებიან

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შულცმა დადებითად შეაფასა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. ასევე იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებში მინისტრთა საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმსა და ვიზის ლიბრალიზაციასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევენ.

“ვულოცავ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას, მართლაც ღირსშესანიშნავი შედეგებით. ვისურვებდი, რომ მეც მქონდეს ასეთი შედეგები არჩევნებში. ასე რომ, გილოცავთ! ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც ჩემი კოლეგებით იყო დაკომპლექტებული, მაღალი შეფასება მისცა საარჩევნო პროცესს თქვენს ქვეყანაში.

დეტალურად განვიხილეთ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი და მიმდინარე მოლაპარაკებები მინისტრთა საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის. პრემიერ-მინისტრთან საუბარში მე გამოვხატე ჩემი ოპტიმიზმი, რომ მომდევნო დღეებში საბჭო და პარლამენტი მიაღწევენ კომპრომისულ შეთანხმებას, განსაკუთრებით უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით.” – განაცხადა მარტინ შულცმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა:

“კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვაძლევ პრემიერ-მინისტრს გარანტიას: ჩვენ, როგორც ევროპული ინსტიტუტი, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს პრინციპი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ შეგიძლიათ გვქონდეთ ევროპარლამენტის უპირობო მხარდაჭერის იმედი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხში.”

შულცის თქმით, შეხვედრაზე მხარებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების საკითხები, ასევე საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და ქვეყნის ურთიერთობები რეგიონალურ მეზობლებთან და გეოსტრატეგიული მოვლენები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მარტინ შულცს მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე.

პრემირის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტებთან, მანფრედ ვებერთან და ჯანი პიტელასთან. ასევე, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი