ახალი ამბები

აუდიტის სამსახური პარტიების მიერ დახარჯული თანხის ოდენობას აქვეყნებს

15 სექტემბერი, 2012 • • 1265
აუდიტის სამსახური პარტიების მიერ დახარჯული თანხის ოდენობას აქვეყნებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი პოლიტიკური სუბიექტებისათვის აწესებს შემოწირულებების მიღების და ხარჯვის ლიმიტს. კანონი არ აწესებს პოლიტიკური პარტიების კანონიერი შემოსავლის საერთო მოცულობის ლიმიტს, თუმცა დადგენილია ხარჯვის ზღვრული მოცულობა. ორგანული კანონის 251(1) მუხლი ადგენს, რომ წლის განმავლობაში პოლიტიკური სუბიექტის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს. 2012 წლის მდგომარეობით, კანონით დადგენილი წლიური ხარჯვის ზღვრული მოცულობა შეადენს 48 მილიონ 458 ათას 298 ლარს (29 მილიონი აშშ დოლარი ან 23 მილიონი ევრო).

 

ვინაიდან ორგანული კანონი პარტიების შესახებ 2012 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, აუდიტის სამსახურმაც პარტიების მიერ ფულის ხარჯვის ლიმიტის ათვლაც ამ დღიდან დაიწყო.

 

პარტიების ფინანსური დეკლარაციების ანალიზის შედეგად აუდიტის სამსახურმა გამოავლინა სამი სუბიექტი ყველაზე მაღალი საერთო შემოსავლით, ესენია: 1. კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” – 50 მილიონ 725 ათას 534 ლარი; 2. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 21 მილიონ 402 ათას 789 ლარი; 3. “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” -1 მილიონ 361 ათას 135 ლარი.

 

აუდიტის სამსახურის ცნობით, 21 აგვისტოს მდგომარეობით, კოალიციას „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” – უკვე დახარჯული აქვს 34 მილიონ 725 ათას 275 ლარი; “ერთიან ნაციონალური მოძრაობას” – 14 მილიონ 637 ათას 598 ლარი და “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” – 786,317 ლარი.

 

როგორც მაკონტროლებელი ორგანო განმარტავს, აღნიშნული ხარჯები მოიცავს როგორც კანონიერ ხარჯებს, რომლებიც მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარმოდგენილ დეკლარაციებში, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილ უკანონო ხარჯებს.

 

შესაბამისად, კანონით დადგენილი 48 მილიონ 458 ათას 298 ლარის ლიმიტის მიღწევამდე, პარტიებს უფლება აქვთ დახარჯონ მხოლოდ შემდეგი ოდენობი თანხა:

 

1. კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” – 13 მილოიონ 733 ათას 023 ლარი;

 

2. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 33 მილიონ 820 ათას 700 ლარი;

 

3. “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” – 47 მილიონ 671 ათას 981 ლარი.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ორგანული კანონის მიხედვით, დადგენილი ლიმიტის გადაცილება გამოიწვევს გადაჭარბებული ოდენობის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმებას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი მიუახლოვდება კანონით დადგენილ ხარჯვის ზღვრულ მოცულობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით გააფრთხილებს მას ამის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო კანონდარღვევის ფაქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი