ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებით მინიჭებული საარჩევნო უფლებით ევროკავშირის 117 მოქალაქე ისარგებლებს

14 სექტემბერი, 2012 • • 984
საკონსტიტუციო ცვლილებით მინიჭებული საარჩევნო უფლებით ევროკავშირის 117 მოქალაქე ისარგებლებს

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ამჟამად ამომრჩეველთა ერთიან სიაში 117 ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც ბოლო 5 წელი ცხოვრობს საქართველოში და დაბადებით ქართველია.

“ეს ხალხი არის ამომრჩეველთა სიაში, მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განთელსილნი არიან საარჩევნო უბნებში და ასეთთა რაოდენობა არის 117”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში მამუკა კაციტაძე.

სამი თვის წინ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებით, საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 5 წელი ცხოვრობენ მშობლიურ ქვეყანაში, პასიურთან ერთად, აქტიური საარჩევნო უფლება აქვთ მინიჭებული. თუმცა, 4 ძირითად პარტიას, რომლებსაც საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კვლევებით პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა აქვთ, მსგავსი კანდიდატები სიებში არ ჰყავთ.

“ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, დაბადებით ქართველი, რომელიც ბოლო 5 წელი ცხოვრობს საქართველოში, ასეთი სიაში არ გვყავს”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში კანონის ინიციატორი პარტიის “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე.  

არც “ახალ მემარჯვენეებსა” და არც “ნაციონალურ მოძრაობას” მსგავსი პირები საარჩევნო სიაში არ ჰყავთ.

თავის დროზე დიდი ხმაურით მიმდინარეობდა აღნიშნული კანონის განხილვა. მაშინ, აღინიშნა, რომ ამ კანონით სარგებლობას შეძლებდა კოალიცია “ქრთული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც პრეზიდენტის ბრძანებულებით მოქალაქეობა ჩამოართვეს.

თუმცა, კოალიციის პოზიცია უცვლელია ამ საკითხზე, ისინი არ აპირებენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებით ისარგებლონ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების დროს აღნიშნავდა, რომ ეს იყო გაუმართლებელი და მიუღებელი ცვლილება. ორგანიზაცია ამავე პოზიციაზე რჩება.

თუმცა, საიას საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ეს არჩევნები არ აჩვენებს, რამდენად გამოიყენეს ეს ცვლილება.

“ამის გამოყენება მხოლოდ ამ არჩევენბზე კი არ არის შესაძლებელი, არამედ მისი გამოყენება შესაძლებელია საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც და პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დაკავებაც შეუძლია პირს, ამიტომ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ეს არჩევნები არ აჩვენებს რამდენად გამოიყენეს თუ არა ეს ცვლილება, რამეთუ ცვლილება ჯერ კიდევ მოქმედებს 2014 წლის 1 იანვრამდე”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში თათული თოდუა.

მასალების გადაბეჭდვის წესი