ახალი ამბები

რის ხარჯზე იმუშავებს ახალი შეღავათი ტრანსპორტზე

14 სექტემბერი, 2012 • 1124
რის ხარჯზე იმუშავებს ახალი შეღავათი ტრანსპორტზე

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის ახალი ფასდაკლების სისტემა შემდეგში მდგომარეობს: ის მგზავრი, ვინც ტრანსპორტის გადასახადს ელექტრონული ბარათით იხდის, პირველი მგზავრობის საფასურად 50 თეთრს გადაიხდის, ხოლო საათნახევრის განმავლობაში ყოველი მომდევნო მგზავრობა, გადაჯდომა ავტობუსსა და მეტროში უფასო იქნება.

აღნიშნული იდეა ვებ-გვერდზე www.chemitbilisi.com განთავსდა და მოსახლეობის მიერ 15000 ხმის მოგროვების შემდეგ ძალაში შევიდა, თუმცა საიტზე აღნიშნული არ ყოფილა, რომ ამ ფასდაკლების ამოქმედებისთანავე ძალას კარგავს ძველი ფასდაკლების სისტემა, როდესაც პირველი მგზავრობა 50, მეორე მგზავრობა 30, ხოლო ყოველი მომდევნო მგზავრობა 20 თეთრი ღირდა.

აღნიშნულმა იდეამ უკვე გამოიწვია ხმაური სოციალურ ქსელებში. მოსახლეობის განცხადებით, მაგალითად, ის ადამიანები, ვინც დღეში მხოლოდ ორჯერ სარგებლობდა ტრანსპორტით, სამსახურში წასვლისას და წამოსვლისას, ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ საბოლოო ჯამში 1 ლარს გადაიხდიან 80 თეთრის ნაცვლად.

ფასდაკლების ახალი სისტემა სამარშრუტო ტაქსებს არ შეეხება და ძალაში ხვალიდან, 15 სექტემბრიდან შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი