ახალი ამბები

ათეშგა – სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თბილისში

30 ნოემბერი, 2016 • 4060
ათეშგა – სახელმწიფოს მზრუნველობის გარეშე დარჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თბილისში

კულტურული მემკვიდრეობის დამცველები მოითხოვენ, რომ თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე ზოროასტრული ცეცხლის ტაძარს, ათეშგას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს და რომელიმე უწყებამ მისი მოვლა-პატრონობა ითავოს.

ქართველების შემწყნარებლობის შესახებ ნარატივი, რომელიც ეფუძნება არგუმენტს, რომ ძველ თბილისში სხვადასხვა აღმსარებლობის სალოცავები მშვიდობიანად არსებობენ, არ მოიაზრებს მივიწყებულ ზოროასტრული ცეცხლის ტაძარს – ათეშგას, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში მეჩეთის, სინაგოგისა და ქრისტიანული ეკლესიების გვერდით დგას.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბეთლემის უბანში არსებულ ტურისტულ რუკაზე დატანილია, თუმცა, თუ მისი ნახვა გინდათ, აუცილებლად უნდა გაიგოთ, არის თუ არა სახლში თბილისში მცხოვრები ანტონ დგებუაძე ან მისი ოჯახის წევრები, რადგან ათეშგაში მოხვედრა მათი სახლის გავლითაა შესაძლებელი.

ანტონ დგებუაძის სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ერთი მხრიდან ესაზღვრება. ეზო, საიდანაც ცეცხლის ტაძარში მოხვედრაა შესაძლებელი, ასევე, დგებუაძის საკუთრებაა, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისის მერიის საკუთრებაშია.

დგებუაძე ამბობს, რომ ტურისტები მის სახლს ხშირად აკითხავენ, თითქმის ყველა ქვეყნიდან. ზაფხულში უფრო ხშირად დადიან, ვიდრე ზამთარში, მიდიან დღისითაც და გვიან საღამოსაც. დგებუაძე ამბობს, რომ სახლში თითქმის ყოველთვის არის ვინმე, თუმცა თუ სახლში არ არიან, მაშინ ტურისტები ძეგლს ვერ ნახულობენ.

ანტონ დგებუაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში შუქი მან გაიყვანა, ასევე განაახლა კიბე და სისტემატურ მოვლა-პატრონობასაც თავად უწევს. სახელმწიფო უწყებები კი ძეგლს არ უვლიან.

“გამოსაწმენდია ხოლმე, იქ ფოთლები იყრება, მტვერი იყრება, ხან ჩემი რძალი, ხან – მე. ქვეშიდან იმდენი ფოთოლი იყო ჩაცვენილი, ხუთი ტომარა გამოვიდა”, – ამბობს დგებუაძე.

მისი თქმით, ათეშგას გარედან განათება უნდა, ასევე არ არის განათებული ქუჩა და ტურისტებს საღამოს საათებში სიარული უჭირთ.

“ხალხი რომ ამოდის, რომ ნახულობს, არ ეცდები, რომ სუფთად იყოს?! იმიტომაც ვუვლი. მე ვცხოვრობ და სირცხვილიც არის, რომ ხელი არ შევავლო და რაღაც არ გავაკეთო. ისეთი ხალხი ჩამოდის: აკადემიკოსები, პროფესორები”, – ამბობს დგებუაძე.

ათეშგა, იგიგე ცეცხლის ტაძარი, ცეცხლის საგზებელი, ზოროასტრიზმის სალოცავია. ზოროასტრიზმი ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან აქემენიდური ირანის სახელმწიფო რელიგია იყო. ახალი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნემდე მნიშვნელოვან რელიგიად დარჩა სასანიდური ირანის არსებობის პერიოდშიც. მისი გავლენა ასევე დიდი იყო საქართელოს ტერიტორიაზეც. სავარაუდოდ, მეშვიდე საუკუნემდე უნდა იყოს აშენებული თბილისის ათეშგაც.

ათეშგა, იმ სახით რა სახითაც დღესაა, კერძო ინიციატივის საფუძველზე არსებობს. 2007 წელს ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდა, მოხდა მისი ინვენტარიზაცია და გაუკეთდა დროებითი გადახურვა, რომელიც მას ეროზიული პროცესებისგან დაიცავს. ნაგებობას გუმბათის სახურავი აღარ აქვს.

ეს ყველაფერი “იკომოს-საქართველოს” მუშაობით ჩატარდა. ორგანიზაციაში, რომელიც ათეშგის მიმდებარედ, ბეთლემის უბნის საინფორმაციო ცენტრს ამუშავებს, ამბობენ, რომ ისინი აკვალიანებენ და ეხმარებიან იქ მისულ ტურისტებს ათეშგის დათვალიერებაში.

“იკომოს-საქართველოს” მიაჩნია, რომ ახლა ათეშგას სისტემატური მოვლა და პატრონობა სახელმწიფოსგან სჭირდება და უნდა მიენიჭოს მას ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რომ უკეთესად იყოს დაცული საფრთხეებისგან.

"იკომოს საქართველო" ამბობს, რომ ტერასის აშენების შემდეგ ხედი კალაზე დაიფარება

“იკომოს საქართველო” ამბობს, რომ ტერასის აშენების შემდეგ ხედი კალაზე დაიფარება

ერთ-ერთ ასეთ საფრთხედ “იკომოს-საქართველო” მიიჩნევს ათეშგის მიმდებარედ არსებული სასტუმროსთვის ნიშნულის აწევას და მის ბრტყელ გადახურვაზე ღია კაფის ფანჩატურის მოწყობას, რადგან ახალი მოცულობა დაფარავს ხედს კალაზე ათეშგიდან, ასევე იცვლება ხედი ისტორიულ უბანზე გომის ქუჩიდან.

იკომოს-საქართველოში მიაჩნიათ, რომ ისტორიული განაშენიანების შენარჩუნების გარდა, მნიშვნელოვანია ხედვის არეალი – რომელიც ათეშგიდან იშლება.

“იკომოს-საქართველომ” შეიმუშავა კონსერვაციის გეგმა ბეთლემის კლდის უბნისთვის, სადაც ათეშგა მდებარეობს. კონსერვაციის გეგმის მიხედვით, არ შეიძლება ნიშნულის აწევა, მასშტაბის და მოცულობის გაზრდა, ხედვის არეალის შემცირება. კონსერვაციის გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც უადვილებს დამკვეთს, მეპატრონეს, ქალაქს იმის განსაზღვრას, რისი გაკეთებაც შეიძლება ამ ისტორიულ უბანში.

სასტუმროს მეპატრონეს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა ჯერ არ მისცა. არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ განიხილა პროექტის ესკიზი და ორჯერ დაიწუნა.

არქიტექტორი დავით გოგუაძე, ვინც ამხანაგობა “გომის” დაკვეთით სასტუმროს პროექტზე მუშაობს, ამბობს, რომ ამჟამად ელოდებიან, როდის გაიზრდება კ2 კოეფიციენტი, რადგანაც შენობას უნდა მიეშენოს კიბის უჯრედი. თუ როგორი იქნება ტერასა, ჯერ ვერ ამბობს, რადგან საპროექტო ორგანიზაცია მერიასთან შეთანხმებით ტერასის ესკიზის ჩამოყალიბებაზე მუშაობს.

“ახლა გვაქვს ესკიზის შეთანხმების სტადია. როგორი იქნება შენობა  ვიზუალურად, ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული”, – ამბობს გოგუაძე.

მერიის არქიტექტურის საიტის მიხედვით, 28 ნოემბერს მერიას დამკვეთმა ახალი პროექტები წარუდგინა, რომლებიც გულისხმობს კიბის უჯრედისა და ტერასის მოწყობას.

  113

“იკომოს-საქართველომ” თბილისის მერიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურის სამინისტროს წერილობით სამი მოთხოვნით მიმართა: არ განხორციელდეს ისეთი პროექტი სასტუმროს ტერიტორიაზე, რომელიც ათეშგის ხედვის არეალს შეამცირებს, რომელიმე ორგანომ ათეშგის მოვლა-პატრონობაზე აიღოს პასუხისმგებლობა და მას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ არსებობს უძველესი ძეგლი – ცეცხლის ტაძარი, მიაჩნიათ “იკომოს საქართველოში”.

“ნეტგაზეთმა” თბილისის მერიის მოადგილეს, ნინა ხატისკაცს მიმართა კითხვით, თუ რატომ არ უვლის მერია კულტურული მემკვდრეობის ძეგლს, განიხილავენ თუ არა მისთვის ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიჭების საკითხს და მოაგვარებენ თუ არა ძეგლის ტერიტორიაზე დამოუკიდებლად შეღწევის პრობლემას. 

ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ მერიის ერთ-ერთი ინიციატივა გულისხმობს ახლო მომავალში ათეშგის გადაქცევას ძეგლ-მუზეუმად, რომელიც ახლად შექმნილი სამუზეუმო გაერთიანების ნაწილი გახდება და სწორედ ეს რგოლი იქნება ათეშგის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი.

მერის მოადგილის თქმით, უზუნველყოფილი იქნება ტაძარში დამოუკიდებლად შესასვლელი. მერია ასევე მზადაა, რომ მხარი დაუჭიროს ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭებას. თუ რა პერიოდში განხორციელდება მერიის გეგმები, ამაზე ხატისკაცი ჯერ ვერ საუბრობს და ელის, როდის მოამზადებს გეგმას სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი. 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ უვლის მერია ძეგლს და რატომაა დარჩენილი მისი მოვლა კერძო ინიციატივის ანაბარად, ხატისკაცი ამბობს, რომ მერიას აქამდე არ ჰქონია უწყება, რომელიც მოუვლიდა მის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს.

“დღემდე ქალაქს ჰქონდა მხოლოდ რამდენიმე მუზეუმი და არ ჰქონდა, ამის გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკა. შეიქმნა მუზეუმების გაერთიანება… თბილისის მერიაში აქამდე შესაბამისი უწყებაც არ არსებობდა, ვინც ამაზე იზრუნებდა”, – ამბობს ხატისკაცი.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გურამ ყიფიანი, რომელსაც ეკუთვნის ნარკვევი ათეშგის შესახებ, მიიჩნევს, რომ მას უნდა მიენიჭოს ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ყიფიანის თქმით, ათეშგა არის საქართველოს ისტორიის ნაწილი და არ შეიძლება განყენებული იყოს მისგან.

“არ შეიძლება, კონკრეტული არქეოლოგიური ძეგლი იყოს განყენებული. ის უნდა გავხადოთ ისტორიის ნაწილი, ეს ჩემი ისტორიის ნაწილია”, – ამბობს გურამ ყიფიანი.

ყიფიანის თქმით, ათეშგა მეშვიდე საუკუნეშია აგებული და  გვიან სასანური პერიოდის ნაგებობაა. მისი თქმით, არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ აღმოაჩინეს კლდეში ჩაჭრილი ადგილი და რკინის არმატურა, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ აქ კერპი იყო აღმართული.

ათეშგა

ათეშგა

ყიფიანი ამბობს, რომ ათეშგა აგურის მაღალ ცოკოლზე დგას, რომელიც ნარიყალამდე ადის. ისტორიკოსის ვარაუდით, ეს ის ტერასაა, საიდანაც ქართველები და ირანელები ებრძოდნენ ჰერაკლე კეისარსა და ხაზართა ხაკანს.

საქართველოში არაბების შემოსვლის შემდეგ ათეშგა მეჩეთად გადააკეთეს და მედრესეც მიუშენეს. ცეცხლის ტაძრების გადაქცევა მეჩეთებად ასევე გავრცელებული მოვლენა იყო ირანის ტერიტორიაზეც, რადგან ისლამი ზოროასტრიზმს უფრო ებრძოდა, ვიდრე ქრისტიანობას, ამბობს ყიფიანი.

ეროვნული კატეგორიის მინიჭებას ემხრობა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინე კოშორიძე. მას მიაჩნია, რომ ათეშგა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია იმით, რომ მისი არსებობა კარგად ასახავს იმ პოლიტიკურ, ისტორიულ და კულტურულ მდგომარეობას, რაც იმ პერიოდში იყო.

ირინა კოშორიძე ამბობს, რომ თბილისში სეიდაბადი იყო ადგილი, სადაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე და მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ცხოვრობდნენ სპარსელები, არის მეჩეთი, რომელშიც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობდნენ, ხოლო მანამდე პერიოდში ზოროასტრიზმს თავისი ადგილი ჰქონდა საქართველოს ისტორიაში.

“[ათეშგა] ასახავს იმ კულტურულ ურთიერთობებს, რომელიც გვქონდა და რატომ ვაღარიბებთ ამ ურთიეთობებს, როცა გვაქვს. მით უმეტეს, რომ სასანიდური პერიოდის სხვა არაფერი არ არის შემორჩენილი”, – ამბობს ირინა კოშორიძე.

მიიღებს თუ არა ათეშგა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსს, ამ საკითხზე რეკომენდაცია უნდა მოამზადოს თბილისის მერიის კულტურის სამსახურმა, ხოლო სტატუსი უნდა მიანიჭოს საქართველოს მთავრობამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი