ახალი ამბები

პრეზიდენტი ახალი კურორტისთვის სახელს კონკურსით შეარჩევს

14 სექტემბერი, 2012 • • 1382
პრეზიდენტი ახალი კურორტისთვის სახელს კონკურსით შეარჩევს

“გოდერძის უღელტეხილთან შენდება სრულიად ახალი კურორტი და ერთ-ერთი სასტუმროს მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი. მოიფიქრეთ, რა შეიძლება დაერქვას ამ კურორტს და საკუთარი ვერსია კომენტარის სახით შემოგვთავაზეთ. სახელის შერჩევისას, სასურველია, გაითვალისწინოთ კურორტის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ისტორიული წინაპირობა“– ნათქვამია პრეზიდენტის ფეისბუკის გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.   

ფეისბუკზე ვერსიების მიღება 23 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებული სახელწოდება კი ახალ კურორტს დაერქმევა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გოდერძის უღელტეხილზე ახალი კურორტის ტერიტორიაზე სასტუმრო-კომპლექსის “პიაცა ალტა“ მშენებლობის საფუძველის ჩაყრას დაესწრო. სააკაშვილმა ახალი კურორტისათვის სახელის შერჩევის შესახებ გოდერძის უღელტეხილზე ყოფნისას ისაუბრა:  

„ახალი გეგეოგრაფიული წერტილი გაჩნდება საქართველოს რუკაზე. ჩემს ფეიზბუკზე კონკურსი უნდა გამოვაცხადო. ახლა სხვებმა მოიფიქრონ სახელი, ლაზიკა ხომ მოვიფიქრე. ახლა კოლექტიურად მოვიფიქროთ რა დავარქვათ. აქ იქნება ყველაზე ლამაზი და მაგარი სათხილამურო კომპლექსი. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. ამიტომ კარგი სახელი მინდა, რომ აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდეს ხალხი. სახელი პირველ რიგში ქართველებს უნდა მოეწონოთ“. 

გოდერძის უღელტეხილზე მშენებარე “პიაცა ალტა“–ს  კომპლექსი სულ 5 სასტუმროსგან შედგება. სასტუმროებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ყველა ასაკისა და გემოვნების დამსვენებელს დააკმაყოფილებს. 

მშენებლობის პირველი ეტაპი 2013 წლის ბოლოს დასრულდება,  სრული დატვირთვით კი კომპლექსი 2014 წლისთვის ამუშავდება. აღნიშნულ მშენებლობაზე 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

 

ამ დროისათვის გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარეობს საბაგირო გზის და  სათხილამურო ტრასის მსენებლობა. პრიექტს ავსტრიელი მშენებლები კურირებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი