ახალი ამბებიეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: ონლაინ-სესხებზე რეგულაციები დაწესდება

30 ნოემბერი, 2016 • 2674
გიორგი კაკაურიძე: ონლაინ-სესხებზე რეგულაციები დაწესდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, ონლაინ-სესხების გაცემა არ აიკრძალება, თუმცა ისეთი რეგულაციები დაწესდება, რომელიც ზოგიერთი ასეთი კომპანიის გაუქმებას გამოიწვევს.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით,  დაწესდება ზღვრული მაჩვენებელი იმ ჯარიმაზე, რაც შეიძლება მსესხებელს დაეკისროს:

“პირობითად, შეიძლება სესხის ძირის ორმაგ ოდენობაზე მეტის დაკისრება არ მოხდეს პროცენტების სახით. რეგულაციები აუცილებლად შემოვა და ეს აუცილებლად გამოიწვევს ონლაინ-სესხების ნაწილის გაუქმებას, ვინაიდან ისინი მაღალი რისკის მქონე პირებზე მუშაობენ და იმით სარგებლობენ, რომ ეს მომხმარებლები ცუდ მდგომარეობაში არიან. ამიტომ მათი დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, დაიხურება.”

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონი დაარეგულირებს, თუ რა სახელწოდება ექნებათ მომავალში ონლაინსასესხო კომპანიებს:

“რეგულაციები იმისთვის იქნება, რომ მსესხებელი იყოს დაცული და 100 ლარში 20 ათასი ლარის გადახდა არ მოუწიოს. ის ორგანიზაციები, რომლებიც სწორად აკეთებენ ბიზნესს და სწორი მენეჯმენტი აქვთ, რა თქმა უნდა, დარჩებიან და იქნებიან ბაზარზე. რა სახელწოდებით იქნებიან, ამას კანონი დაარეგულირებს, თუმცა ის ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობის გაღატაკებაზე მუშაობენ, ეტაპობრივად გაუქმდებიან.”

29 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად, მთავრობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო პაკეტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა:

„ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც ზოგ შემთხვევაში მომენტალური მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევებში კი, საშუალო და გრძელვადიანი ეფექტი და შედეგი ექნება.“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი