ახალი ამბები

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტი გაფართოვდება

30 ნოემბერი, 2016 • 4447
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტი გაფართოვდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფართოებაა გათვალისწინებული.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, დაახლოებით 270 მილიონი ლარით იზრდება ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი.

“გარკვეული თანხებია გათვალისწინებული ქუთაისში აეროპორტის გაფართოებისთვის, ვინაიდან მგზავრთა ნაკადი მაღალია და ტერმინალი აღარ არის საკმარისი. ცხადია, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გაიზარდოს ტურისტების რაოდენობა.”

მისივე თქმით,  ძირითადი პრიორიტეტი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რათა ქვეყნის  სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად გაიზარდოს და ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მისასვლელი გზები არსებობდეს:

” ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია სახელმწიფოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია თანხა ტურისტული ობიექტების განვითარებისთვის, მათ შორის მთის კურორტების განვითარებისთვის.”

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში შევიდა. პროექტს  პარლამენტი ხვალ, 30 ნოემბერს ჩანიშნულ ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი