ახალი ამბები

აკაკი ზოიძე პარლამენტის შენობაში მოწევის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

30 ნოემბერი, 2016 • 2157
აკაკი ზოიძე პარლამენტის შენობაში მოწევის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

ქართული ოცნების დეპუტატი საქართველოს პარლამენტში აკაკი ზოიძე პარლამენტის შენობაში მოწევის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. განცხადება ამის შესახებ დეპუტატმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე გააკეთა:

“მივმართავ ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებს, რომელთაც, დარწმუნებული ვარ, ყველას, მიუხედავად პარტიული წარმომავლობისა, გვინდა განახლება ამ ქვეყანაში, მოგიწოდებთ, რომ განახლება ჩვენგან დავიწყოთ და ავკრძალოთ მოწევა საქართველოს პარლამენტში, როგორც თბილისში, ისე – ქუთაისში,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით,  თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი საჯარო თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვა და პროდუქციის მაღალი ფასია:

“ჩვენ გვჭირდება დამატებითი თანხა, ბიუჯეტს სჭირდება დამატებითი თანხა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გაფართოებისთვის ჩვენი უმწეო მოქალაქეებისთვის, ჩვენი პენსიონერებისთვის დამატებითი პაკეტის უზრუნველყოფისთვის და ამის ყველაზე ლოგიკური საერთაშორისო გზა არის აქციზიდან მიღებული, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებზე აქციზიდან შემოსავალი. მე მხოლოდ შემიძლია მოვუწონო ეს ინიციატივა მთავრობას” – ამბობს აკაკი ზოიძე.

გუშინ, 29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პირველი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე გაიზრდება აქციზის გადასახადი:

“როგორც მოგეხსენებათ, თამბაქოს ფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის გადასახადის ზრდა ამის გამოძახილი იქნება. ამასთანავე, ვგეგმავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურებას” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი