ახალი ამბები

გოცირიძე: ხელისუფლების ინიციატივები საბაზრო ეკონომიკიდან გადახვევაა

30 ნოემბერი, 2016 • 2101
გოცირიძე: ხელისუფლების ინიციატივები საბაზრო  ეკონომიკიდან გადახვევაა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ეკონომიკური აქტივობები ქვეყნის საბაზრო ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკიდან ადმინისტრაციულად მართვადი ეკონომიკისკენ გადახვევაა. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში დამტკიცებისას ახალ მთავრობას დაგეგმილი ცვლილებების შესახებ არაფერი უთქვამს, რაც მისი აზრით, ხალხის და დეპუტატების მოტყუებაა:

“ფაქტობრივად, ეს იყო ქვეყნის საბაზრო ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკიდან გადახვევა ადმინისტრაციულად მართვადი ეკონომიკისაკენ. რაც მოვისმინეთ, მთავრობას დამტკიცებისას ამ დარბაზში არ უთქვამს. მთავრობამ მოატყუა ხალხი, მოგვატყუა ჩვენ და მოგატყუათ თქვენ, უმრავლესობა. აქ არ იყო საუბარი, რომ გადასახადების მომატებას აპირებენ.”

მისივე თქმით, საწვავის ფასის გაძვირებას  ყველა სახის საქონლის გაძვირება მოჰყვება, რაც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია საწვავის ფასებთან:

“პარლამენტში მთავრობას არ უთქვამს, რომ აკრძალავდა საბაზო მექანიზმებს ფინანსურ სისტემაში და გააუქმებდა ონლაინ-სესხების სისტემას. მოგვწონს თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ მყარი საფინანსო სისტემა თავისუფალი საბაზრო თამაშის წესებზეა დამოკიდებული.”

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მოქალაქეების ნაწილისთვის  იპოთეკური სესხების დოლარიდან ლარში კონვერტირება არასწორი გადაწყვეტილებაა:

” ლარის გასამყარებლად ხელისუფლება აპირებს 65 მილიონი ლარის დახარჯვას ზოგიერთი კატეგორიის სესხების დოლარიდან ლარში გადასაყვანად. ეს არ იქნება შემსუბუქება. ლარში გადაყვანისას პროცენტი გაიზრდება და თუ ლარი გამყარდება, მათ გაცილებით დიდი საგადასახადო ტვირთის ზიდვა მოუწევთ. თუ  ფული ბიუჯეტიდან იქნება აღებული, ეს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდაა, რაც ლარის გაუფასურებაზე იმოქმედებს. თუ ეროვნული ბანკს აიძულებთ და ეროვნული ბანკი დააფინანსებს ამ ავანტიურისტულ ოპერაციას, ეს იქნება ემისიური, არაუზრუნველყოფილი ფულის გაშვება მიმოქცევაში, რაც ფასების ზრდას და ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას გამოიწვევს.”

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ლარის გამყარების შირმით ისეთი ინიციატივებით გამოდის, რომლებიც ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებს აზარალებს:

“თქვენი ყველა ინიციატივა იქნება წარუმატებელი და საკუთარ არაკომპეტენტურობას და უვიცობას სულ მალე იგრძნობთ.”

29 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა  განაცხადა, რომ აიკრძალება ონლაინ-სესხების გაცემა. ასევე, ხელისუფელბა  დოლარში გაცემული სესხების ლარში გადატანას გეგმავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი