ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებელის დაგეგმილ ეგზიტპოლს ორგანიზაცია GFK განახორცილებს

13 სექტემბერი, 2012 • • 1197
საზოგადოებრივი მაუწყებელის დაგეგმილ ეგზიტპოლს ორგანიზაცია GFK განახორცილებს

აღნიშნულის შესახებ დღეს, 13 სექტემბერს მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ და კვლევითი კომპანია GfK-ს წარმომადგენელმა ნიკ მუნიმ ბრიფინგზე განაცხადეს.

გამოკითხვა ჩატარდება საქართველოს 220 საარჩევნო უბანზე. გამოიკითხება 25 000 რესპონდენტი, რაც იძლევა 3%-მდე ცდომილებას. ამომრჩევლის დასწრებასთან დაკავშირებული მონაცემები გადაიცემა არჩევნების დღეს 12:00, 17:00 და 20:00 საათზე. წინასწარი შედეგები მოსახლეობას 20:00 საათზე, ხოლო საბოლოო შედეგები მაყურებელს 21:00 საათზე ეცნობება.

კონტრაქტი ითვალისწინებს არჩევნების დღეს ეგზიტპოლისა და სექტემბერში ორი სოციოლოგიური კვლევის  ჩატარებას. “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საარჩევნო ეგზიტპოლს უკვე მესამედ უკვეთავს (აქედან მეორედ GfK-ის). 

“GFK  ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია კვლევით ბაზარზე. აქვს დიდი გამოცდილება პოლიტიკური კვლევების, მათ შორის ეგზიტპოლების მსოფლიო მასშტაბით  ჩატარების. ამავე დროს, ნაყოფიერად თანამშრომლობს სხვადასხვა
საზოგადოებრივ თუ კომერციულ მაუწყებლებთან. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და კომპანია GfK თანამშრომლობდნენ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს და ამ თანამშრომლობის შედეგი  მაღალპროფესიულად ჩატარებული ეგზიტპოლი და დროულად გამოცხადებული ქ. თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები იყო, რომელთა მაქსიმალური ცდომილება ოფიციალურ შედეგებთან 2%–ს შეადგენდა”, – აღნიშნავს მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი