ახალი ამბები

გოგორიშვილი: მხარს ვუჭერ [ყრილობაზე] ორი ათასზე ოდნავ მეტი დელეგატის რაოდენობას

29 ნოემბერი, 2016 • 1304
გოგორიშვილი: მხარს ვუჭერ [ყრილობაზე] ორი ათასზე ოდნავ მეტი დელეგატის რაოდენობას

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ პარტიის ყრილობაში დაახლოებით ორი ათასმა დელეგატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, პარტიის ისტორიაში ეს პირველი ყრილობა იქნება, სადაც კონკრეტულ გადაწვეტილებებს მიიღებენ და არა ფორმალურს:

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში ეს პირველი ყრილობაა, რომელიც იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიმღები და ეს არ იქნება საზეიმო ყრილობა, როდესაც გადაწყვეტილებები ფორმალურ ხასიათს ატარებდა ხოლმე. ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები და აქედან გამომდინარე, მე პირადად, როგორც პოლიტსაბჭოს ერთი წევრი, უფრო საქმიანი ყრილობის ვარიანტიდან გამომდინარე მხარს ვუჭერ ორი ათასზე ოდნავ მეტი დელეგატის რაოდენობას. ეს რაოდენობაც საკმაო სირთულეს წარმოადგენს, თუმცა სამენეჯმენტოდ უფრო ადვილია,” – აღნიშნავს გოგორიშვილი.

მისივე თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყრილობა ფორმალური ხასიათის უნდა იყოს, შეიძლება 6,7-ათასიანი კი არა, 30 და 50-ათასიანი ჩატარდეს.

კითხვას, პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გადარჩევის შემთხვევაში ემუქრება თუ არა პარტიას დაშლა, დეპუტატი პასუხობს:

“დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ხვალ არის პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომა მიიღებს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ ვისაუბროთ.”

დღეს, 29, ნოემბერს ,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს 22-მა წევრმა პარტიის მოახლოებულ ყრილობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ენმ-ის ლიდერების ნაწილი მხარს უჭერს ყრილობის მინიმუმ 7000-დელეგატიანი წარმომადგენლობით ჩატარებას და თავმჯდომარის თანამდებობის ვაკანტურად დატოვებას.

ენმ-ის პოლიტსაბჭოში დაახლოებით 60 ადამიანია გაწევრიანებული. ყრილობის ჩატარების ორ შესაძლო წესსა და პარტიაში მიმდინარე დისკუსიის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი