ახალი ამბები

ყურის აწევა და კუთხეში დაყენება – მოსწავლეთა დასჯის მეთოდი, თუ მერვეკლასელების ხუმრობა

29 ნოემბერი, 2016 • 5360
ყურის აწევა და კუთხეში დაყენება – მოსწავლეთა დასჯის მეთოდი, თუ მერვეკლასელების ხუმრობა

გომბორის საჯარო სკოლაში გამოკრული ქცევის წესების მიხედვით, მოსწავლეთა დასჯის ფორმად კვლავ მოქმედებს ყურის აწევა, კედელთან დაყენება ან დირექტორთან ჩაყვანა, განათლების სამინისტრომ კი ასეთი წესების არსებობა რეაგირების გარეშე დატოვა.

წესების მიხედვით, გაკვეთილზე ხმაური და უყურადღებობა ყურის აწევით ან კუთხეში დაყენებით ისჯება, მასწავლებლების მიმართ თავაზიანობის არგამოჩენა – დირექტორთან ჩაყვანით, თუ მომზადებული არ მივლენ სკოლაში, მაშინ გაკვეთილების შემდეგ დარჩენა მოუწევთ, ხოლო სკოლაში დაგვიანება ლექსით ან სიმღერით ეპატიებათ.

ქცევის წესების არსებობა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ირაკლი კუპრაძემ, “აუდიტორია 115”-ის წევრმა სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” ფოტო გაავრცელა.

მოსწავლეების ქცევის კოდექსი გომბორის სკოლაში. ფოტო: ირაკლი კუპრაძე

მოსწავლეების ქცევის წესები გომბორის სკოლაში. ფოტო: ირაკლი კუპრაძე

გომბორის საჯარო სკოლის დირექტორი, ზურაბ ქისტაური ამბობს, რომ სკოლაში დასჯის ამგვარ მეთოდებს არავინ იყენებს და ეს წესები მოსწავლეებმა ხუმრობით შეადგინეს. თუ რაში დასჭირდათ სკოლის მოსწავლეებს ასეთი ხუმრობა, სკოლის დირექტორს პასუხი არ აქვს.

“თითონ ხუმრობით გამოუკრიათ. მითხრეს, რომ ხუმრობით გავაკეთეთო, ან როგორ იფიქრეთ. ხელნაწერი იყო, ხუმრობით გაუკეთებიათ თითონ. ბავშები არიან, ბავშვი ხან რაღაცას ხუმრობს, ხან აფუჭებს, ხან აკეთებს, ხან ცელქობს. რა ვიცი, აბა, რატომ დაწერეს”, – ამბობს ზურაბ ქისტაური.

კითხვაზე, თუ რატომ არ ჩამოხსნეს კედლიდან ასეთი წარწერა, რადგან ასეთი წესების დატოვება ამ მეთოდების ლეგიტიმაციას ნიშნავდა, ქისტაური ამბობს, რომ მოქცევის წესები მოსწავლეებმა პარასკევს გააკრეს, ხოლო ორშაბათს ჩამოიღეს.

“ნეტგაზეთს” სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომლის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ, უთხრა, რომ წარწერა მერვეკლასელებმა გააკეთეს და ეს იყო ხუმრობა. მისი თქმით, ამგვარი მეთოდებით სკოლაში არავინ დაუსჯიათ. მოსწავლის თქმით, ეს წარწერა არა პარასკევიდან, არამედ სემეტრის დასაწყისიდანაა გაკრული სკოლის ერთ-ერთ ოთახში.

“ნეტგაზეთმა” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც მიმართა გუშინ, 28 ნოემბერს, თუმცა სამინისტრომ ასეთი წარწერა გომბორის სკოლაში ვერ აღმოაჩინა.

“არც გომბორის სკოლაში და არც მიმდებარე სკოლებში მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დამეთანხმები, ასეთი ინფორმაცია [ფეისბუკზე გავრცელებული ფოტო] წყაროდ ნაკლებად გამოდგება. ამიტომ, ჯობს, კონკრეტიკა!” – მოგვწერეს განათლების სამინისტროდან.

თუმცა სკოლის დირექტორმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პლაკატი რესურსცენტრის უფროსთან საუბრის შემდეგ აღმოაჩინა და ორშაბათს, 28 ნოემბერს, ჩამოხსნა.

“როცა ვნახე, ჩამოვხსენით, პარასკევს იყო გაკეთებული. მე რა ვიცოდი. ღონისძიება ჰქონდათ და ორშაბათს დამირეკა რესურსცენტრის უფროსმა, შემოვირბინე ფოიეები, არსად არ არის. შემოვედი აქ, ავიხედე მაღლა და ასეთი რაღაც ეწერა”, – ამბობს ზურაბ ქისტაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი