ახალი ამბები

აუდიტორია #115 მარიამ ჯაშთან 2 პუნქტზე შეთანხმების მიუხედავად VI კორპუსში რჩება

29 ნოემბერი, 2016 • 1544
აუდიტორია #115 მარიამ ჯაშთან 2 პუნქტზე შეთანხმების მიუხედავად VI კორპუსში რჩება

სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია #115”-ის წევრები საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარიამ ჯაშთან შეხვედრის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ 5 დეკემბერს საჯარო სხდომაზე განათლების კომიტეტს გააცნობენ მათ მოთხოვნებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, პარალელურად კი მოძრაობა განაგრძობს პროტესტს და უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში რჩება.

როგორც “აუდიტორია115”-ის წევრები ამბობენ, 28 ნოემბერს მარიამ ჯაშთნ შეხვედრის მთავარი თემა იყო მოძრაობის ინიციატივა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 45-ე მუხლის გაუქმებას, – რომელიც განსაზღვრავს სტუდენტური თვითმმართველობის არსებულ მოდელს. ასევე, საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა პირდაპირი წესით არჩევას, რაც, როგორც “115” წერს, გულისხმობს, რომ სტუდენტები საფაკულტეტო საბჭოებში უნდა აირჩნენ პირდაპირი, საყოველთაო, გამჭვირვალე არჩევნების გზით და არა რომელიმე კონკრეტული ორგანოს ან ჯგუფის გავლით.

აუდიტორია 115 წერს, რომ მარიამ ჯაში ეთანხმება მათ მიერ წარმოდგენილ ძირითად პრინციპებს:

1. სტუდენტებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა უნივერსიტეტის მატერიალურ და ტექნიკურ რესურსებზე;

2. სტუდენტების არჩევა უნივერსიტეტის საფაკულტეტო საბჭოებში მოხდეს პირდაპირი კენჭისყრის საფუძველზე;

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსაზრებები მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა და არ არსებობს წინააღმდეგობა კანონპროექტის აღნიშნული პუნქტების შინაარსთან დაკავშირებით, მისი მხრიდან არ არის მზაობა, მოხდეს ამ ცვლილებების მოკლე ვადებში მიღება. ქ-ნ-მა მარიამ ჯაშმა შემოგვთავაზა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც განიხილავს კანონპროექტში წარმოდგენილ სხვა საკითხებს. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, გვაქვს ეჭვი, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა ემსახურებოდეს სტუდენტუტი პროტესტის შეჩერებას, მუხტის გაქრობას და რეალურად, არ ემსახურებოდეს რეფორმების განხორციელებას. ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ძირითადი პრინციპების კანონში ასახვა მოკლე ვადაში უნდა განხორციელდეს. ეს, თავის მხრივ, ხელს არ უშლის მოლაპარაკებების წარმართვას უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რაც შედარებით გრძელვადიანი პროცესია”, – წერია “აუდიტორია115”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აუდიტორია115 უნივერსიტეტის ჯერ პირველ კორპუსთან შეიკრიბა, რამდენიმე წუთში კი მათ შენობის ფოიეში გადაინაცვლეს. 25.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აუდიტორია115 უნივერსიტეტის პირველ კორპუსში აპროტესტებენ თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას. 25.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მოძრაობის ინფორმაციით, 5 დეკემბერს გაიმართება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფართო სხდომა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იქნება.

“განხილვა იქნება საჯარო, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეეძლება დასწრება. თუმცა უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესი წარიმართება აუდიტორია 115-სა და კომიტეტს შორის, რაც გამორიცხავს ჩვენი და სტუდენტური თვითმმართველობის თანამშრომლობას”, – აცხადებენ მოძრაობის წევრები. თავის მხრივ, თვითმმართველობის წევრები არ ეთანხმებიან უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების საჭიროებას.

მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორია N115–ს შვიდი საარჩევნო უბანი თითქმის მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა პიკეტირებული, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 25 ნოემბრეს მაინც შედგა. თსუ-ის ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში 2436-მა სტუდენტმა მისცა ხმა და 140 დელეგატი აირჩია. ცესკომ აარჩევნები ლეგიტიმურად ცნო. აუდიტორია115-ს კი 24 ნოემბრის ღამის შემდეგ თსუ-ის მე-6 კორპუსის შენობა აქვთ პიკეტირებული – სასწავლო პროცესი სხვა კორპუსებში გრძლედება და აქუარი ლექციების სხვაგან ტარდება. შაბათს აუდიტორიელებს თსუ-ის რექტორიც შეხვდა, თუმცა მოძრაობა არ აპირებს, დათმოს მე-6 კორპუსი, სანამ ყველა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი