ახალი ამბებიკინოხელოვნება

მარგარეტე ფონ ტროტას ოქროს პრომეთე გადაეცა – TIFF 2016 გაიხსნა

29 ნოემბერი, 2016 • 2562
მარგარეტე ფონ ტროტას ოქროს პრომეთე გადაეცა – TIFF 2016 გაიხსნა

ფილმი 2500 წერილისა და ქალის შესახებ, რომელიც ციხის ეზოში ყვავილების ბაღებს აშენებდა – გერმანელი რეჟისორის მარგარეტე ფონ ტროტას ბიოგრაფიული ფილმი როზა ლუქსემბურგის ცხოვრებაზე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე უჩვენეს. გახსნას თავად რეჟისორიც დაესწრო, რომელსაც ფესტივალის საპატიო ჯილდო, ოქროს პრომეთე გადაეცა.

ფონ ტროტას მიერ 1986 წელს გადაღებული ფილმი პოლონელი წარმოშობის გერმანელი პოლიტიკური აქტივისტს, ფილოსოფოსსა და რევოლუციონერს როზა ლუქსემბურგს შეეხება, რომელიც სოციალისტური იდეებით ომისა და უთანასწორობის წინააღმდეგ იბრძოდა. 7 სხვადასხვა ციხეში მოხდილი სასჯელის მიუხედავად, ლუქსემბურგი არ წყვეტდა აგიტაციებს და მხარდამჭერებს კვლავ რევოლუციისაკენ მოუწოდებდა. საბოლოოდ იგი 1919 მოკლეს და მისი ცხედარი არხში გადააგდეს.

მარგარეტე ფონ ტროტას თქმით, ორი წლის განმავლობაში ემზადებოდა ფილმისათვის. როზა ლუქსემბურგის პიროვნების გასაცნობად კი, არა მის სამეცნიერო ნაშრომებს, არამედ სააგიტაციო წერილებს ან გამოსვლებს და არქივებში დაცულ მის პირად წერილებს კითხულობდა. როგორც თავად ამბობს, თითო წერილი 5-ჯერ წაიკითხა, ჩანაწერებს არ აკეთებდა და გადაწყვიტა, სწორედ იმაზე გადაეღო ფილმი, რაც ამ წერილებიდან დაამახსოვრდებოდა.

“ეს იქნებოდა ის როზა ლუქსემბურგი, რომელიც ჩემი ფილმის გმირი გახდებოდა,” – ამბობს რეჟისორი.

ფესტივალის განმავლობაში გერმანელი რეჟისორის კიდევ რამდენიმე ფილმს უჩვენებენ. ფონ ტროტა თბილისში დარჩენას და ვორქშოპის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა 29 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრა რეჟისორის დატვირთული გრაფიკის გამო გაუქმდა.

ფესტივალის გახსნას დაესწრნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია. ასევე, ფესტივალის ჟიურის წევრები, რომლებიც საუკეთესო ფილმსა და რეჟისორს გამოავლენენ.

4 დეკემბრის ჩათვლით თბილისის რიგით მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე 115 ფილმს უჩვენებენ. ასევე გამოვლინდება გამარჯვებული ფილმი და რეჟისორი, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ კონკურსებში. დაწვრილებითი ინფორმაცია ფესტივალის პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი