ახალი ამბები

როდის, როგორ და რამდენი დელეგატით ჩატარდება ენმ-ის “არაცერემონიალური” ყრილობა [დოკუმენტი]

28 ნოემბერი, 2016 • 3666
როდის, როგორ და რამდენი დელეგატით ჩატარდება ენმ-ის “არაცერემონიალური” ყრილობა [დოკუმენტი]

30 ნოემბერს ენმ-ის პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, თუ როგორ ჩატარდება დეკემბერში [ან იანვარში] ყრილობა, რომელმაც პარტიის ახალი ხელმძღვანელობა უნდა აირჩიოს. პოლიტსაბჭოს წევრებმა არჩევანი დელეგატების შერჩევის ორ წესს შორის უნდა გააკეთონ: ერთის მიხედვით, ყრილობაში ხმის უფლების მქონე 7000-მდე  დელეგატი მიიღებს მონაწილოებას, ხოლო მეორეს თანახმად – 2000-ზე ცოტა მეტი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წესდების მიხედვით, ყრილობა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მაინც მოიწვევა, პოლიტიკური გაერთიანების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა. ყრილობის პრეროგატივაში შედის პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ცვლილების შეტანა, პარტიის თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოს წევრების, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისა და სარევიზიო კომისიის არჩევა.

ნაციონალური მოძრაობის წესდებაში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელი ფორმულით აირჩევიან ყრილობის მონაწილე ხმის უფლების მქონე დელეგატები, პარტიის 12-გვერდიან წესდებაში მხოლოდ ის წერია, რომ დელეგატთა რაოდენობა 200-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და მათი არჩევის წესს პოლიტიკური საბჭო განსაზღვრავს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, პოლიტსაბჭომ სამდივნოს გავლით შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ყრილობის დღის წესრიგის, ასევე დელეგატთა არჩევის სამუშაო პროექტი მოამზადა. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ლევან თარხნიშვილი გვიხნის, თუ რა სამუშაო პროექტზე შეჯერდნენ:

ვარიანტი #1

ლევან თარხნიშვილის განმარტებით, მათი პროექტით, დელეგატების დასახელების უფლება ექნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 64 რაიონულ ორგანიზაციას (მათ შორის ერთი თბილისია). მისივე თქმით, იმ რაიონულ ორგანიზაციებს, რომლებმაც არჩევნებზე სხვებთან შედარებით უფრო მეტი ხმის მობილიზება და უკეთესი პროცენტული მაჩვენებლის მოგროვება შეძლეს, წახალისების პრინციპიდან გამომდინარე უფრო მეტი დელეგატის არჩევის საშუალება ექნებათ. თარხნიშვილი ამბობს, რომ ამას სპეციალური ფორმულით ადგენენ ადგილზე მიღებული ხმებისა და პროცენტული მაჩვენებლის ნამრავლის შედეგად გამოყვანილი კოეფიციენტით. მისივე თქმით, ანალოგიური პრინციპის საფუძველზე დელეგატების არჩევის მეორე წყარო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნები იქნება და იქ უკვე არა ამა თუ იმ რაიონული ორგანიზაციის მიერ ნაჩვენები პროპორციული შედეგია მნიშვნელოვანი, არამედ კონკრეტულად მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ მაჟორიტარულ ოლქებში დაფიქსირებული მონაცემი, რადგან სწორედ კანდიდატები დაასახელებენ დელეგატებს.

თარხნიშვილი იხსენებს, რომ, მაგალითად, კახეთში ენმ-ს საუკეთესო მონაცემი თელავის ოლქში ჰქონდა, სამეგრელოში – ზუგდიდში, სამცხე-ჯავახეთში- ახალციხეში, ქვემო ქართლში- რუსთავსა და მარნეულში, იმერეთში- ქუთაისში და ა.შ.

პროექტის მიხედვით, დელეგატის მანდატს ავტომატურად მიიღებენ რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრები.

გარდა ამისა, ზემოხსენებული სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტით, პარლამენტში ენმ-ის სიით გასულ 27 დეპუტატს 3-3 დელეგატის დასახელების უფლება ექნება. ამასთან, ენმ-ის საარჩევნო სიის 200-მდე წევრს დელეგატის მანდატი ავტომატურად ენიჭება.

პარლამენტში ენმ-ის სიით გასული არაერთი წევრი რამდენიმე თვის წინ, როდესაც ცესკოში ენმ-ის სია შევიდა, პარტიული საერთოდ არ ყოფილა, მაგალითად, სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია და სხვები. ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ კანონის მიხედვით, ყრილობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მხოლოდ ის ადამიანები იქნებიან ჩართული, ვინც ყრილობის დღეს პარტიის წევრები იქნებიან. სხვები ყრილობაზე დასწრებას მხოლოდ სტუმრის სტატუსით შეძლებენ:

“ეს ადამიანები სიის შევსების დროს არ იყვნენ [პარტიის წევრები], მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ აქვთ გადაწყვეტილი, რომ გაწევრიანდნენ”, – ამბობს თარხნიშვილი.

ლევან თარხნიშვილის თქმით, დელეგატის მანდატით აღიჭურვება აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 5 წევრი ენმ-დან, ასევე, პარტიის “პარტნიორ ორგანიზაციებს” მიეცემათ საშუალება, რომ 5-5 დელეგატი წარადგინონ ყრილობაზე. თარხნიშვილი ამბობს, რომ ამ ორგანიზაციების ვინაობას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, საუბარია “თავისუფალი ზონის” ტიპის ორგანიზაციებზე.

“გარდა ამისა, ჩვენ გამოვყავით სეპციალური კვოტა, 10-10 ადგილი დევნილებისთვის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან”, – ამბობს ლევან თარხნიშვილი

სამუშაო პროექტის მიხედვით გამოდის, რომ ყრილობაში, ჯამში, 2158 დელეგატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

გთავაზობთ ენმ-ის ყრილობის წესების იმ პროექტს, რომელიც სამუშაო ჯგუფმა მოამზადა:

ვარიანტი #2

სამუშაო ჯგუფისგან განსხვავებული მეორე ვარინტი პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრმა მოამზადა, რომელთაგან ერთ-ერთს, ზაზა ბიბილაშვილს ნეტგაზეთი ესაუბრა. ამ ვარიანტში პირდაპირ წერია, რომ ყრილობა მინიმუმ 7000 დელეგატით უნდა განისაზღვროს. პირველი ვარიანტისაგან განსხვავებულია ფორმულა, რომელსაც პოლიტსაბჭოს ალტერნატიული ვარიანტის ავტორები სთავაზობენ. ამ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებში მიღებული 70 ხმა = 1 დელეგატს:

ე.წ. მეორე ვარიანტის მიხედვით, ენმ-ის VII ყრილობის დელეგატები ავტომატურად არიან: ენმ-ის პარლამენტის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს ენმ-ის დეპუტატები, 2012-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს ენმ-ის დეპუტატები, ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრები, ენმ-ის რაიონული და საქალაქო პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და საკრებულოების წევრები, 2016 წლის არჩევნების დროს ენმ-ის პარლამენტის პარტიული სიის კანდიდატები და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის კანდიდატები, 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებზე ენმ-ის მიერ დასახელებული პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

პროექტის თანახმად, დელეგატების შერჩევის წყაროები არიან რაიონული და საქალაქო პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და 2016 წლის არჩევნებზე ენმ-ის მიერ დასახელებული პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, პარტიასთან აფილირებული ორგანიზაციები და ჯგუფები.

დოკუმენტში წერია, რომ რაიონული და საქალაქო პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეების და 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებზე ენმ-ის მიერ დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ შესარჩევი დელეგატების ოდენობა განისაზღვრება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით;

თითოეული პარტიული ორგანიზაციის დელეგატების კვოტის ოდენობის განსასაზღვრად გამოიყენება სპეციალური კოეფიციენტი, რომელიც შეადგენს პროპორციულ არჩევნებში მიღებულ ყოველ 70 ხმაზე 1 დელეგატს.

ყრილობის დელეგატობის კანდიდატებს შეარჩევენ პარტიული გაერთიანების თავმჯდომარე და მაჟორიტარობის კანდიდატი/კანდიდატები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

იმ შემთხვევაში, თუ რაიონში ენმ-ს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პროექტის მიხედვით, მათ ფუნქციებს ახორციელებს პარტიის რეგიონალური წარმომადგენელი. “პარტიული გაერთიანების თავმჯდომარემ და მაჟორიტარობის კანდიდატი/კანდიდატებმა დელეგატების შერჩევისას, როგორც წესი, უნდა გაითვალისწინონ საპარლამენტო არჩევნებში უბნებზე მიღებული შედეგები და დელეგატები შეარჩიონ ენმ-ის საუბნო წარმომადგენლობიდან”.

პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარტიის თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვერ აღწევენ შეთანხმებას დელეგატების შერჩევის საკითხში, მოწვეულ უნდა იქნეს რაიონული კონფერენცია. რაიონული კონფერენცია ღებულობს გადაწყვეტილებას დელეგატების შერჩევის შესახებ.

ე.წ. მეორე ვარიანტის მიხედვით, ყრილობაზე დელეგატების წარდგენის უფლება აქვთ ენმ-სთან აფილირებულ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს:

“პოლიტიკური საბჭო ყრილობის მოწვევის წესთან ერთად განსაზღვრავს ორგანიზაციების და ჯგუფების ჩამონათვალს; წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილოება მიიღონ ენმ-ის ყრილობაში დელეგატების მეშვეობით, მიმართავენ პოლიტსაბჭოს წინასწარი რეგისტრაციის გასავლელად. რეგისტრაციას წარმატებით გაივლიან ის ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც 2012 – 2016 წლებში საკუთარი სახელით და საჯაროდ მართავდნენ ენმ-ის პოლიტიკის მხარდამჭერ ღონისძიებებს ან/და  მონაწილეობდნენ ენმ-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. თითოეულ ორგანიზაციასა და საზოგადოებრივ ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს არაუმეტეს 10 წევრისა”, – ნათქვამია პროექტში.

გთავაზობთ ენმ-ის ყრილობის წესების იმ ვარიანტს, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილმა მოამზადა, საბოლოოდ კი პოლიტსაბჭოს ზაზა ბიბილაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ და ლევან ბეჟაშვილმა წარუდგინეს:

დისკუსია პარტიის ლიდერებსა და მხარდამჭერებს შორის

დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს პარტიის ყრილობა და რამდენმა დელეგატმა უნდა მიიღოს მასში მონაწილოება, ენმ-ის მხარდამჭერებსა და ლიდერებს შორის აქტიურად მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ. ამ დისკუსიაში ჩართულია პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ეწევა ოპოზიციურ საქმიანობას. მან ღიად დაუჭირა მხარი ყრილობის მოწყობის ე.წ. მე-2 წესს:

“დღეს, გაყალბებული საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, ისე, როგორც არასდროს, ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მის გმირულ აქტივს და მხარდამჭერებს აქვთ განცდა, რომ პარტიის მმართველი რგოლი აღარ ასახავს უმრავლესობის აზრებს და მისწრაფებებს. ამიტომ დღეს პარტიის უმრავლესობას აქვს განსაკუთრებული სურვილი, რომ თავად ჩაერთოს პარტიის ბედის გადაწყვეტაში. ამას ორიათასდელეგატიანი ყრილობა ვარანაირად ვერ უზრუნველყოფს”, – განაცხადა სააკაშვილმა ფეისბუკზე ვიდეომიმართვაში.

ამ დისკუსიის შესახებ რამდენიმე დღის წინ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ პოლიტსაბჭოს წევრ გიგა ბოკერიას და დელეგატების საორიენტაციო რაოდენობად 10 000 მივუთითეთ, რადგან პარტიის ზოგიერთი მხარდამჭერი მაშინ სწორედ ამ რიცხვზე აპელირებდა. ბოკერიას თქმით, ეს ენმ-ის ისტორიაში პირველი ყრილობაა, რომელიც არა ცერემონიალური (“თუმცა ცერმონიალური ყრილობაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამბავია”), არამედ რეალური დისკუსიის პლატფორმა იქნება.

“ევროპულ ქვეყნებში, სადაც რეალური ყრილობა ტარდება და არა ცერემონიალური, 10 000-დელეგატიანი ყრილობა არსად მინახავს. მაგალითად, დემოკრატიული პარტიის კონვენციაზე დაახლოებით 3-4 ათასი ადამიანი იყო ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ბევრი სხვა მაგალითებიც არსებობს”, – გვითხრა ბოკერიამ.

ლევან თარხნიშვილს ასევე ვთხოვეთ დაესახელებინა სამუშაო ჯგუფის არგუმენტები, რატომ უნდა მიიღოს პარტიის მენეჯმენტზე გადაწყვეტილებები მხოლოდ 2000-მა დელეგატმა და არა უფრო მეტმა, როგორც ამას ყრილობის ჩატარების წესის ალტერნატიული ვარინატი ითვალისწინებს:

“არგუმენტი ძალიან მარტივია. საერთაშორისო გამოცდილებას რომ გადავხედოთ, როგორც წესი, ყრილობა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება (და საზეიმო ღონისძიება არ არის), 1000, მაქსიმუმ 2000-დელეგატიანი წარმომადგენლობით ტარდება ხოლმე. შეგიძლიათ გადახედოთ ნებისმიერ დემოკრატიული ქვეყნის გამოცდილებას. მაგალითად, ამერიკის რესპუბლიკური პარტიის კონვენციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი იყო, გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატების ყრილობა 1200-დელეგატიანი წარმომადგენლობით ჩატარდა. ანუ, თუ წარმომადგენლობის პირნციპი დაცულია, 2000 [დელეგატი] არის ის რაოდენობა, რომელიც იძლევა სამუშაო ვითარების [შექმნის შესაძლებლობას იძლევა]. ჩვენ გვინდა სამუშაო ყრილობა, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება”, – გვითხრა თარხნიშვილმა.

ზაზა ბიბილაშვილს აინტერესებს, ვინ დაადგინა ის, რომ დეკემბერში ჩასატარებელი ყრილობა სამუშაოა და წინა ყრილობები მხოლოდ ცერემონიალური იყო. იგი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს სხვა წევრების არგუმენტები ვერ გამოდგება იმის გასამართლებლად, რომ “ყრილობა ვიწრო ფორმატში ჩატარდეს”. მისი თქმით, გარდა ფართო წარმომადგენლობისა, დელეგატების შერჩევის წესი და პრინციპი უნდა იყოს ტრანსპარსნტული, “ანუ მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული ისეთი სცენარი, როდესაც რეალურად დელეგატების დანიშვნა ხდება და არა შერჩევა – ქვემოდან ზემოთ უნდა წამოვიდეს ეს პროცესი და არა პირიქით”.

“ის [საერთაშორისო] პრეცედენტები, რომელიც დღეს “აღმოვაჩნეთ”, მანამდეც არსებობდა სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ [ენმ] ყოველთვის ფართომასშტაბიან ყრილობას ვატარებდით მოყოლებული 2003 წლიდან. ის, რომ რადგან რომელიღაც ქვეყანაში რომელიღაც პარტია ასე ატარებს თავის ყრილობას, დღეს ეს არგუმენტი არ არის. ჩვენ გვაქვს [ფართომასშტაბიანი ყრილობების] ძალიან მყარი ტრადიცია და უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა და მოცემულობა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ასევე იმ საკითხების მნიშვნელობა, რომლის გადაწყვეტასაც ვაპირებთ ამ ყრილობაზე. ეს ყველაფერი ითხოვს [აქტივის] მრავალათასიან ჩართულობას იმისათვის, რომ მაქსიმალური ლეგიტიმაცია იყოს [შედეგის თვალსაზრისით]. მცირე ყრილობაზე მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ექნება ლეგიტიმაციის პრობლემა, ამას წმინდა სამართლებრივი კუთხით არ ვამბობ, ვგულისხმობ იმას, თუ როგორ გამოჩნდება ეს ამომრჩევლის თვალში და მგონია, რომ ეს სრულიად ლოგიკურია, თუ აქამდე, 2003 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის მრავალათასიან ყრილობას ვატარებდით, დღეს რატომ უნდა შეიცვალოს ეს?”, – ამბობს ზაზა ბიბილაშვილი.

ის, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხობა არსებობს, ნორმალურ მოვლენად მიაჩნია ლევან თარხნიშვილს, მისი თქმით, საბოლოოდ რომელი ვარიანტი დამტკიცდება, ამას პოლიტსაბჭო გადაწყვეტს ხმათა უმრავლესობით.

“7000 დელეგატი იქნება თუ 2000, ყრილობა მაინც წარმომადგენლობითია. საბოლოო ჯამში, ჩვენ ბევრად მეტი აქტივისტი გვყავს. ბოლო საარჩევნო კამპანიაში დაახლოებით 25 000 აქტივისტი იყო ჩაბმული და წევრების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. ჩვენ ხომ პლებისციტს ან პრაიმერიზს არ ვატარებთ, სადაც ყველა წევრი მონაწილეოებს. მე, ისევე როგორც ამ სამუშაო ჯგუფს, მიმაჩნია, რომ სამუშაო ატმოსფეროსთვის 2000-ის ფარგლებში ყრილობა ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე 7000. რაც შეეხება წარმომადგენლობას, ორივე წარმომდგენლობითია, ანუ როგორც 2000 წარმოადგენს ჩვენს 25000 აქტივისტს, ისე- 7000. ეს დაახლოებით იგივეა, ახლა რომ ვიკამათოთ: 150 წევრი წარმოადგენს თუ არა საქართველოს მოსახლეობას პარლამენტში…”

ზაზა ბიბილაშვილი ჯერჯერობით არ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ, საბოლოო ჯამში, პოლიტსაბჭო ყრილობის ჩატარების პირველ ვარიანტს მიანიჭებს უპირატესობას. ამ კუთხით ფეისბუკზე ენმ-ის ზოგიერთი მხარდამჭერი საკმაოდ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, მათ შორის ისმის აზრი ალტერნატიული ყრილობის ჩატარების შესახებაც:

“სპეკულირება ნამდვილად არ მინდა. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ხელოვნურად არ შევზღუდავთ მხარდამჭერების, აქტივისტების და იმ ათასობით ადამიანის სურვილს, რომლებსაც ყრილობაში მონაწილეობის ნება დეკლარირებული აქვთ”, – ამბობს ბიბილაშვილი.

ლევან თარხნიშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, ყრილობაზე უნდა აირჩიონ ახალი პოლიტსაბჭო და პარტიის ახალი თავმჯდომარე. ეს ერთ-ერთი ძირითად საკითხია, რომელიც ენმ-ში დაპირისპირების საგნად იქცა ბოლო პერიოდში. მეორე მხარეს, მათ შორის მათ, ვინც ყრილობის ალტერნატიული წესები შეიმუშავა, მიაჩნიათ, რომ პარტიამ ახალი თავმჯდომარე არ უნდა აირჩიოს და დელეგატებს ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებაც უნდა მიეცეს.

უთანხმოების კიდევ ერთ საგანს წარმოადგენს ყრილობის თარიღი, პოლიტსაბჭოს სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტით ყრილობის სავარაუდო თარიღი 27 დეკემბერია, რასაც ოპონენტები არ ეთანხმებიან. მათი თქმით, ყრილობის 27 დეკემბერს ჩატარება გააჩენს აზრს, რომ ღონისძიების წინასაახალწლო პერიოდში გამართვა დელეგატების რაოდენობის ხელოვნურად შემცირებას ემსახურება. ისინი თვლიან, რომ ყრილობა შეიძლება მაგალითად 20 იანვარს ჩატარდეს.

ლევან თარხნიშვილის თქმით, მათი პროექტით ყრილობაზე იგეგმება წესდებაში ცვლილებების ინიცირება, რომლის მიხედვითაც, პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების წესი შეიცვლება და გარკვეულ რეგიონულ კვოტირებას დაექვემდებარება, ასევე, არჩევნების ნაჩვენები შედეგების გათვალისიწნებით. როგორც ირკვევა, აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხზეც არსებობს. ე.წ. მეორე ვარიანტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ  ყრილობამ უნდა აირჩიოს ახალი პოლიტსაბჭო, “ოღონდ რეალური არჩევნების გზით, სადაც წინასწარ იქნება ცნობილი კანდიდატურები, სადაც წარმოდგენილი იქნება პარტიის განვითარების ხედვები, სადაც პარტიის აქტივს შეეძლება პრაიმერისის ფორმატით აირჩიონ თავიანი რეგიონების წარმომადგენლები და არა ისე, რომ ერთიანი სია გაჩნდეს ყრილობის წინ და დელეგატებს არ ჰქონდეთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა”.

ზემოხსენებული ორივე პროექტის მიხედვით, დელეგატები ხმას არა დახურული კენჭისყრის საფუძველზე, არამედ სახელობითი ბიულეტენებით მისცემენ.


 

აქვე ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერვიუს ჩიორა თაქთაქიშვილთან და სერგი კაპანაძესთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი