ახალი ამბებისაზოგადოებატექნოლოგიები

რაზე საუბრობენ ინტერნეტფორუმის დაარსებიდან 3 წლის თავზე – #IFTbilisi16

29 ნოემბერი, 2016 • 20274
რაზე საუბრობენ ინტერნეტფორუმის დაარსებიდან 3 წლის თავზე – #IFTbilisi16

პერსონალური მონაცემების დაცვა და კიბერუსაფრთხოება, წარმატებული პროექტები და “სტარტაპები” ინტერსივრცეში, ინტერნეტ-აქტივიზმი – თბილისის 2016 წლის ინტერნეტფორუმზე ძირითადად ამ თემებზე ისაუბრეს.

პირველი ინტერნეტფორუმი 2014 წელს ექსპერიმენტულად ჩატარდა, რადგან ამის გამოცდილება ორგანიზატორებს მანამდე არ ჰქონდათ. ერთ-ერთი ორგანიზატორის, მირიან ჯუღელის შეფასებით, ინიციატივამ გაამართლა, ღონისძიება ბევრს მოეწონა და ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ინტერნეტფორუმი ყოველწლიურად ჩაეტარებინათ. 2015 წელს ფორუმზე სხვა თემებთან ერთად ისაუბრეს საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაციაზეც და სპორტში ინტერნეტის გამოყენების მნიშვნელობაზეც. ინტერნეტფორუმის წლევანდელ სესიებზე კი წარმატებული პროექტების ავტორებმა კონკრეტული გამოცდილებები გაუზიარეს ფორუმის მონაწილეებს.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პერსონალური მონაცემები არ არის დაცული იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კიბერსაფრთხე არსებობს – ინტერნეტი არ არის უსაფრთხო ადგილი – კიბერდამნაშავეები იყენებენ ძალიან ბევრ ახალ მეთოდს, რათა დაეუფლონ პერსონალურ მონაცემებს”, – თქვა შსს-ის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა, გიორგი პირველმა, და გაიხსენა ბოლო დროს ფეისბუკზე “ფიშინგის” შემთხვევა – “ხშირად ხდება სოციალური ინჟინერიის გამოყენებით სხვისი საბანკო მონაცემების დაუფლება და მსგავსი შემთხვევები ძალიან ბევრია”, – თქვა გიორგი პირველმა. მისი დაკვირვებით, სტატისტუკა აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით უფრო და უფრო მეტი დანაშაული ფიქსირდება, თუმცა ამ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც მაღალია.

დისკუსია ინტერნეტფორუმზე პერსონალური მონაცემების დაცვაის შესახებ. 25.11.2016

დისკუსია ინტერნეტფორუმზე პერსონალური მონაცემების დაცვაის შესახებ. 25.11.2016

ინტერნეტფორუმის კიდევ ერთი მონაწილეს, ნიკა ბოლქვაძეს აინტერესებდა, თუ რამდენად დაცულია მომხმარებელი, როდესაც პირადი მონაცემებს კერძო კომპანიებს (მაგალითად, კომუნიკაციის კომპანიების) გადასცემს. “გასაგებია, რომ ჩვენი აქტივობიდან გამომდინარე “ვერსად ვერ დავიმალებით”, მაგრამ დღეში მომდის ათობით მოკლე ტექსტური შეტყობინება ისეთი კომპანიებისგან, ვისთანაც ხელი არაფერზე მომიწერია. ვცხოვრობ ჩეხეთში და იქ ასეთი ქმედება დასჯადია. ვისაც გაუგზავნი [ასეთ შეტყობინებებს], შეუძლია, გიჩივლოს”, – თქვა ნიკა ბოლქვაძემ.

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტრომა, თამარ ქალდანმა განმარტა, რომ პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობის შემუშავების პირველ ეტაპზე ბიზნესის ინტერესები იყო უფრო მეტად გათვალისწინებული. “ტრადიციული რეკლამა საკმაოდ ძვირი ღირს და პირდაპირი მარკეტინგი ბევრი დამწყები ბიზნესისთვის არის ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალება. ამიტომ [კანონის] თავდაპირველ ვერსიაში ბიზნესისთვის ხელშემწყობი უფრო მეტად იყო რეგულაცია”, – თქვა მან და დასძინა, რომ განახლებულ კანონმდებლობაში გაჩნდა სავალდებულო უარის მექანიზმი თავად sms-შივე (შეტყობინებების გამორთვის ფუნქცია).

“ამ თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა თქვა უარი [შეტყობინებების მიღებაზე], მაინც ფიქსირდება შემთხვევები, [როდესაც მომხმარებელს, ფუნქციის გამორთვის მიუხედავად, მაინც მისდის მოკლე ტექსტური შეტყობინებები] – 32 განცხადება გვაქვს მოქალაქეებისგან მიღებული და 25 დაჯარიმებული კომპანიაა, დანარჩენს მიეცა გაფრთხილება. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევების მოგვარებაა, არამედ ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოვაწესრიგებინოთ ორგანიზაციას მისი სისტემა”, – თქვა თამარ ქალდანმა.

ფორუმის აუდიტორიიდან ერთ-ერთმა მათგანმაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ საჭიროა, “ერთი მარტივი მოქმედებით” იყოს შესაძლებელი ყველა ასეთი შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა: “რატომ უნდა ჩავითრიოთ მომხმარებელი ისეთ პროცესში, რომელიც არც უნდოდა, არც წამოუწყია, არც იმის დასრულების ინტერესი არა აქვს. არაფრის ინტერესი არა აქვს. ჩვენ ავუშენეთ ინდუსტრია და შემდეგ ამ ინდუსტრიაში ჩვენით დაუპატიჟებლად გავაჩინეთ?” – იკითხა მან.

ფორუმის კიდევ ერთმა მონაწილემ დაბრაზიდან იკითხა, საერთოდ, რა საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა ორი სუბიექტის – კომპანიისა და მომხმარებლის – ურთიერთობაში, რაზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უპასუხა, რომ პერსონალური მონაცემები არის ისეთი ფუნდამენტური უფლების შემადგენელი ნაწილი, როგორიც პირადი ცხოვრების დაცულობაა. “ამიტომ აქვს სახელმწიფოს ვალდებულება, იქიდან გამომდინარე, რომ პერსონალური მონაცემები მნიშვენლოვანია სახელმწიფოსთან ურთიერთობაში … მოქალაქე მარტო არ უნდა დატოვო”, – თქვა ინსპექტორმა. თამარ ქალდანს დაეთანხმა გიორგი გაბრიელაშვილიც, “ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის” (IRC) იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები ჰქონდა აღებული და, მისი ვარაუდით, ამის გამო გადაწყდა აღნიშნული კანონის მიღება.

გიორგი გაბრიელაშვილის თქმითვე, ე.წ უფასო სერვისებში, რითაც ინტერნეტმომხმარებელი სარგებლობს ხოლმე, სინამდვილეში ჩვენ “პერსონალურ მონაცემებს “ვიხდით”:

“არსებობს ფასიანი სერვისები, რომელსაც პირდაპირი გაგებით ფულს ვიხდი და თანხას მაჭრის. ასევე, არსებობს სერვისი, რომელიც მგონია, რომ უფასოა, თუმცა მისი ფასი არის ჩემი პერსონალური მონაცემი, რომლის ჩეკიც გვიან მომივა – ეს არაპირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ, რომ მე ამ უფასო სერვისებში ჩემს ისტორიას ვტოვებ, რომელიც არ ვიცი, სად და როგორ დამხვდება. ისიც კი, რაც უფასო მგონია, იმდენ კვალს ვტოვებ, რომ შეიძლება იმდენგან დამხვდეს, რომ ძალიან ძვირი დამიჯდეს”, – ამბობს იგი.

ამიტომ გიორგი პირველი ამბობს, რომ როდესაც ჩვენი ნებით ვაწვდით, მაგალითად, კომპანიებს პერსონალურ მონაცემებს, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რამდენად სანდოა ეს კომპანია: “ხშირად დამნაშავეები სწორედ ყველაზე სანდო კომპანიის სახელით გამოდიან და თავის თავი გამოჰყავთ კომპანიის წარმომადგენლად და ამ ნდობის გამოყენებით ეუფლებიან ჩვენს პერსონალურ მონაცემებს. ამიტომ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ – ვის ვაძლევთ ამ მონაცემებს”, – ამბობს გიორგი პირველი.

ერმალო მაღრაძე და მირიან ჯუღელი ინტერნეტფორუმზე. 25.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ერმალო მაღრაძე და მირიან ჯუღელი ინტერნეტფორუმზე. 25.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

წლევანდელ ინტერნეტფორუმზე მონაწილეებს შორის იყვნენ ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე და ინტერნეტაქტივისტი აკა სინჯიკაშვილი.

“გზააბნეულნი” (2013), “სიძე” (2008), “შვეციის პრინცი იმერეთიდან” (1995), “აპოკალიფსი არ იქნება” (2015) – ინეტრნეტსივრცეში პოპულარული ეს ფილმები სწორედ ერმალო მაღრაძის მიერაა გადაღებული. ერმალო მაღრაძე ამბობს, რომ თუკი ადრე ფილმების პოპულარიზაციისათვის ხანგრძლივად უწევდა შრომა, ახლა მისი ფილმები ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული ინტერნეტის საშუალებით:

“გადავიღებდი ფილმს ფირზე, უნდა ჩადებულიყო სპეციალურ ყუთებში, მიგვქონდა მოსკოვში, უნდა გვენახებინა იქ, უნდა ჩამოგვეტანა და ასე ვწვალობდით. მე რომ გავაკეთე პირველი ფილმი 1995 წელს, ავიღე და დავატარებდი საქართველოში. ვიწვალე და ასე მივიტანე ხალხამდე. გავიდა დრო და რა მოხდა? – გადავიღე “გზააბნეულნი” და ერთ დღეში ვანახე მსოფლიოს. ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს”? – თქვა რეჟისორმა ინტერნეტფორუმზე.



სესიები დაიწყო ეკა ოძელაშვილის პრეზენტაციით, რომელმაც თავის პროექტზე, DINO Photography-ზე ისაუბრა. პერსონალური მონაცემების დაცვაზე დისკუსია ამის შემდეგ გაიმართა. გაგა დარასელიამ “რედბერის” (Redberry – კომპანია, რომელიც მარკეტინგულ კონსულტაციას სთავაზობს სხვა კომპანიებს) მაგალითზე ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება მოხერხდეს შედეგზე ორიენტირებული ციფრული კომუნიკაციის დამყარება მომხმარებელთან. ნათია ნინიკელაშვილმა კი თავისი წარმატებული პროექტის შესახებ უამბო ფორუმის მონაწილეებს — “სოფლიდან” (Soplidan.ge) სოფლის პროდუქტების ინტერნეტმაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს, კომპანიის თქმით, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს. როგორც ნათია ნინიკელაშვილი ამბობს, კომპანია პროდუქტებს გლეხებისგან და ფერმერებისგან ყიდულობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შემდეგ კი დაფასოებულ და შეფუთულ პროდუქტს აწვდის მომხმარებელს, რომელიც ამ ყველაფერს ინტერნეტით უკვეთავს.

აპლიკაცია (ასევე, ვებსაიტი), რომელიც  მსურველებს საშუალებას აძლევს, მოგზაურობისას მონიშნონ დანაგვიანებული ადგილები მთელ ქვეყანაში და მობილური ინტერნეტის მეშვეობით გაუზიაროს სხვებს – ჯეოსელის პროექტის “მოვლა” შესახებ ისაუბრა ვაკო ქვაჩახიამ. ერთ სივრცეში თავმოყრილი ასეთი ინფორმაცია, ავტორების თქმით, საშუალებას აძლევს მსურველებს, ჩაერთონ ქვეყნის მოვლაში და ეტაპობრივად დაასუფთავონ დანაგვიანებული ადგილები. ვაკო ქვაჩახიამ თქვა, რომ მათი სამიზნე აუდიტორია ფეისბუკის მომხმარებლები იყვნენ და აპლიკაცია 20 000-ზე მეტმა ადამიანმა გადმოწერა. ვაკო ქვაჩახიამ ასევე დააანონსა “ჯეოსელისა” და ჟურნალ “ნეიშენალ ჯეოგრაფიკის” (National Geographic საქართველოს) მიერ გამოცხადებული კონკურსი – „ქვეყნის #მოვლა“. კონკურსის ფარგლებში მსურველებმა უნდა დაწერონ ბლოგპოსტი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას, დანაგვიანებული ადგილების პრობლემებს და მის დასუფთავებას ეხება, დაურთონ ტექსტს მათ მიერვე გადაღებული ფოტოები და გააგზავნონ ამ ვებგვერდის საშუალებით. სამი გამარჯვებული “ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან” ერთად გაემგზავრება ორკვირიან მოგზაურობაში კენიაში ველური ბუნებისა და ადგილობრივი ტომებისა მოსანახულებლად.


“ფეისბუკისთვის საქართველო განსაკუთრებული სივრცეა”, – თქვა კომპანია “სოუშალშარკსის” (Socialsharks) წარმომადგენელმა, ნიკა ბოლქვაძემ თავის პრეზენტაციაში. “იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც გვიწოდებენ, ვართ “clickees”, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ხშირად და აქტიურად “ვაკლიკებთ” ყველაფერს, რაც მეორე მხრივ, ძალიან საინტერესოა ბიზნესისთვის, რადგან, რეალურად, ეს შეიძლება აისახოს თქვენს შედეგებზე. ჩვენც იმას ვცდილობთ, რომ ეს გამოვიყენოთ”, – დასძინა მან და ინტერნეტფორუმის მონაწილეებს უჩვენა, თუ როგორ შეიძლება სატელევიზიო რეკლამა გარდაიქმნას სოციალური ქსელისათვის (ფეისბუკისათვის) ისე, რომ სწრაფად მიიქციოს “მსქროლავის” ყურადღება. 

ფორუმის ბოლოს ფეისბუკის დახმარებით ქველმოქმედებაზე ისაუბრა აკა სინჯიკაშვილმა, რომელიც სწორედ ამ სოციალური ქსელის მეშვეობით ახერხებს ადამიანების დახმარებას – მისი პოსტები შეეხება თბილისსა თუ რეგიონებში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, ვისაც სხვადასხვა სახით დახმარება სჭირდება, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი სინჯიკაშვილი საჭირო თანხას აგროვებს ხოლმე. “ჩემი ერთ-ერთი ბოლო პოსტი არის ადამიანზე, რომელსაც არა აქვს კიდურები და სოციალურმა აგენტმა იმიტომ არ დაუნიშნა დახმარება, იმ არგუმენტით, რომ ეზოში დგას 6 ძირი თხილის ხე, რომელიც ისხამს 100კგ თხილს წელიწადში და ეს არის კაპიტალი ოჯახისთვის”, – თქვა სინჯიკაშვილმა და დასძინა, რომ მსგავს შემთხვევებს ხშირად აწყდება. ამასთან, აქტივისტი ამბობს, რომ ინტერნეტმომხმარებელს სიფრთხილე მართებს, თუკი დააპირებს, სხვადასხვა გვერდზე თუ პროფილზე გამოქვეყნებულ საქველმოქმედო პოსტებზე მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს თანხა ვინმეს დახმარების მიზნით, რადგან ხშირად ასეთი პოსტების ავტორები, მისი თქმით, თაღლითები შეიძლება იყვნენ.

თბილისის პირველი ინტერნეტფორუმი 26 ნოემბერსვე დასრულდა. ჩანაწერის ნახვა ინტერნეტფორუმის ფეისბუკ გვერდზე შეგიძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი