ახალი ამბები

9 ოპოციზიური პარტია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა

28 ნოემბერი, 2016 • 2793
9 ოპოციზიური პარტია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს 9 ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ისინი მიიჩნევენ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული და უკან გადადგმული ნაბიჯი 2012, 2013 და 2014 წლის არჩევნებთან შედარებით. ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე გამოვლენილი ფაქტების გამოძებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ, ხოლო მათი ნაწილი პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანაზე საუბრობს.

ოპოზიციური პარტიებიდან განცხადებას ხელი არ მოაწერეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, “რესპუბლიკურმა პარტიამ”, “ეროვნულმა ფორუმმა” და “მრეწველებმა”, თუმცა დღევანდელ მიმართვას შეუერთდა “პატრიოტთა ალიანსი”, რომელმაც საარჩევნო ბარიერის გადალახვა შეძლო და პარლამენტში შევიდა.

“პატრიოტების” გარდა, განცხადებას ხელს აწერენ: “თავისუფალი საქართველო”, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”, “ახალი ქრისტიან–დემოკრატები”, “თავისუფლება”, “ლეიბორისტული პარტია”, “ტრადიციონალისტთა კავშირი”, “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.

9 ოპოზიციური პარტია არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს. 28.11.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

9 ოპოზიციური პარტია არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს. 28.11.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

ისინი მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტიამ არ განახორციელა საკუთარი საარჩევნო პროგრამით დაპირებული საარჩევნო რეფორმა, არ გააუქმა არადემოკრატიული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. ისინი მმართველ გუნდს არჩევნების წინ საარჩევნო კანონში ყველა ცვლილების დისკრიმინაციულად  განხორციელებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მათ არ გაითვალისწინეს ოპოზიციის არც ერთი შენიშვნა და წინადადება.

განცხადებაზე ხელმომწერი პარტიები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო აპარატი, საჯარო მოსამსახურეები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტოტალურად იყვნენ ჩართული მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში. განცხადების მიხედვით, ხელისუფლებამ შექმნა არაფორმალური ჯგუფები, როგორც სპორტსმენების, ისე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების შემადგენლობით, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებითაც მობილიზებული იყვნენ ე.წ. რთულ უბნებთან და ახდენდნენ ამომრჩეველზე ზეწოლას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო კამპანიის დროს ამ ჯგუფების მხრიდან ხორციელდებოდა ოპოზიციის მხარდამჭერების და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების არაერთი ფაქტი, აგრეთვე, იმ საარჩევნო უბნების დარბევა, რომელსაც ხელისუფლება აგებდა. მათი მტკიცებით, არც ერთი ასეთი ფაქტი არ არის გამოძიებული, ხოლო ეჭვმიტანილები წახალისებული არიან.

განცხადების მიხედვით, უპრეცედენტო მასშტაბები მიიღო ამომრჩევლის მოსყიდვამ, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველი პირების დაშინებამ, რომ მოეხსნებოდათ დახმარებები, თუ არჩევანს არ გააკეთებდნენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მათი მტკიცებით, კვლავაც ძლიერი ზეწოლის ქვეშ მყოფი ბიზნესმენები აფინანსებდნენ მხოლოდ მმართველ გუნდს. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ მობილიზებული იყო მრავალმილიონიანი არალეგალური საარჩევნო ფონდი, საიდანაც ოფიციალური დეკლარირებების გარეშე ხელფასი გადაუხადეს დაახლოებით 70 000 ე.წ. კოორდინატორს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელი მოაწერეს განცხადების შინაარსს, რომლის მიხედვითაც ისინი დღვანდელ პარლამენტს ნაკლებად ლეგიტიმურს უწოდებენ. 28.11.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელი მოაწერეს განცხადების შინაარსს, რომლის მიხედვითაც ისინი დღვანდელ პარლამენტს ნაკლებად ლეგიტიმურს უწოდებენ. 28.11.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების წინა პერიოდში რამდენიმე ცენტრალურ არხზე დაიხურა პოლიტიკური გადაცემები, რამდენიმე არხს კიმესაკუთრე შეეცვალა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირებით. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ მათ ნაწილს პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდა.

პარტიების ნაწილი კიდევ ერთ დარღვევად “გამოვლენილ ე.წ. კარუსელის ნაირსახეობას” ასახელებს. მათი მტკიცებით, საარჩევნო უბნებზე ხშირად არ იყენებდნენ მარკირებას და ადამიანები სხვის ნაცვლად აძლევდნენ ხმას, ხოლო “უამრავ შემთხვევაში” დარღვეული იყო არჩევნების ფარულობა.

განცხადების მიხედვით, გაყალბებამ განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ხოლო უბნების დახურვისთანავე დაიწყო ბიულეტენებით არნახული მანიპულირება და არასასურველი პარტიების ბიულეტენების სხვა პარტიების ბიულეტენებში შერევა. მათი მტკიცებით, ადგილი ჰქონდა ბიულეტენების მასობრივ გაბათილებას – მთლიანობაში, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 137 000 ხმა გაბათილდა.

როგორც პარტიების ნაწილი ირწმუნება, გამოვლენილია ასეულობით გაყალბებული ოქმი, რომელთა უმეტესობა არის დაუბალანსებელი, ბევრ მათგანში დაფიქსირებულია არმომრჩევლების 100%–იანი გამოცხადება უბნებზე, გამოაშკარავდა წინასწარ ხელმოწერილი და გაყალბებული მონაცემების ჩასაწერად გამზადებული ოქმები.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი პარტიის მიერ სრულად კონტროლირებადმა საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლოებმა რეალურად არ განიხილეს და უყურადღებოდ დატოვეს ოპოზიციური პარტიების საჩივარი დარღვევებთან დაკავშრებით. მათი თქმით, ხელისუფლებამ უარი თქვა, ასობით სადავო უბნის შედეგებიდან გადაეთვალა თუნდაც რამდენიმე. შედეგად, როგორც პარტიების ნაწილი მიიჩნევს, მმართველმა გუნდმა, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში, მოიგო ყველა მაჟორიტარული ოლქი (ფორმალურად 73–დან 72), საერთო ჯამში კი, ამომრჩეველთა ხმების უმცირესობით (48%) მიიღო მანდატების საკონსტიტუციო უმრავლესობა (3/4).

მათივე განცხადებებიდან გამომდინარე, ოპოზიციური პარტიები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ, როგორც ტოტალურად გაყალბებულს, არათავისუფალს და არასამართლიანს, რომლის შედეგადაც დამახინჯდა ქართველი ხალხის ნება. ისინი მიიჩნევენ, რომ პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა არ ასახავს ადეკვატურად საქართველოს მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანს და არ გააჩნია ლეგიტიმაციის სათანადო ხარისხი. მათი ნაწილი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა გააერთიანონ ძალისხმევა, რათა გამოავლინონ და გამოიძიონ კონკრეტული დარღვევები კანონით დადგენილი წესით. ამის შემდეგ ისინი გეგმავენ, რომ გაიხსნას და გადაითვალოს ხმები სადავო უბნებზე და დაისაჯონ დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით.

პარტია “თავისუფლების” ლიდერი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსთან” ბლოკში მონაწილეობდა, პროცესების ქუჩაში გადატანის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, დღევანდელი განცხადება იქნება ეფექტური, რადგან არჩევნები გამოცხადებულია ნაკლებად ლეგიტიმურად, რომელიც სრულად და სათანადოდ არ ასახავს ქართველი ერის ნებას:

“ამდენად, როდესაც გარკვეული პოლიტიკური ეტაპები გავლილი იქნება და გაზაფხული მოვა, ჩვენ ვნახავთ, თუ როგორი იქნება ხალხის და საზოგადოების შეკვეთა და სათანადო დასკვნებსაც გამოვიტანთ. ანუ პროცესების გადატანა ქუჩაში აუცილებელი იქნება. მე მიმაჩნია, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება არ დათმობს არც ერთ ნაბიჯს. სხვათა შორის, ეს გვიჩვენა იმ პროცესმა, რომელიც ჩვენ გავიარეთ ხელისუფლებასთან 2015 და 2016 წლის დასაწყისში, როდესაც ჩვენ შეგვხვდა მაშინდელი პრემიერ–მინისტრი და ძალიან ბევრ რამეს დაგვპირდა, მაგრამ არაფერი გააკეთა. პრაქტიკულად, პროცესი საარჩევნო კანონმდებლობის დადგენის და დაზუსტებისა ერთობლივად ოპოზიციასთან ერთად არ მოხდა. მათ არაფერი დათმეს პრაქტიკულად და რაღაც კოსმეტიკური ცვლილებები განახორციელეს, ისიც ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე.”

"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ–ერთ ლიდერი, გიორგი ახვლედიანი ხელს აწერს 9 ოპოზიციური პარტიის განცხადებას. 28.11.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

“დემოკრატიული მოძრაობის” ერთ–ერთ ლიდერი, გიორგი ახვლედიანი ხელს აწერს 9 ოპოზიციური პარტიის განცხადებას. 28.11.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე / ნეტგაზეთი

არჩევნებს “ტოტალურად გაყალბებულად” მიიჩნევენ ნინო ბურჯანაძის პარტიაშიც. “დემოკრატიული მოძრაობა” სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად სარჩელს ამზადებს. ბურჯანაძის გუნდის წევრი, გიორგი ახვლედიანი ასევე არ გამორიცხავს საპროტესტო აქციების დაწყებას იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების მხრიდან იქნება ამის დაკვეთა.

“ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ რეალურად ჩავერთოთ ყველა გამოძიების პროცესში, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ამის ნაკლები იმედი გვაქვს. ამიტომ “დემოკრატიული მოძრაობა”, უპირველეს ყოვლისა, ვამზადებთ სტრასბურგში სარჩელს იმისათვის, რომ რეალურად საერთაშორისო დონეზე დაერქვას ამ არჩევნებს გაყალბებული. ამაზე პასუხისგება “ქართულ ოცნებას” აუცილებლად მოუწევს. ამისთვის მზადდება სარჩელი და, როგორც კი მომზადდება, გაიგებთ. პოლიტიკური ბრძოლისთვის ყველანაირი მეთოდი განიხილება, რომელიც კონსტიტუციის ფარგლებში იქნება ჩასმული, განსაზღვრული და დაშვებული. რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციებიც შეიძლება, ოღონდ ამ საქმეში საჭიროა საზოგადოებრივი განწყობის მნიშვნელოვნად გათვალისწინება. საზოგადოება უნდა იყოს დამკვეთი ამ პროცესების. რეალურად, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, მთელი ძირითადი ოპოზიციური სპექტრი ტოტალურად გაყალბებული და მოპარული არჩევნებით დაეტოვებინა ქუჩაში, ის ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, მიიღებს ქუჩის პოლიტიკას. როგორც გითხარით, ამას სჭირდება კონკრეტული პოლიტიკური წინაპირობები და საზოგადოებრივი დაკვეთა,” – ამბობს ახვლედიანი.

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა, რომელიც ასევე “პატრიოტთა ალიანსთან” ერთად იღებდა არჩევნებში მონაწილებას, ამბობს, რომ დღევანდელი განცხადების ტექსტთან დაკავშირებით კონსულტაციები დიდხანს მიმდინარეობდა იმიტომ, რომ გარკვეულ პარტიებს ჰქონდათ სხვადასხვა მოსაზრებები. თუმცა, მისი თქმით, ძირითადი ნაწილი მაინც შეთანხმდა იმ ფაქტზე, რომ 2016 წლის არჩვნები იყო არათავისუფალი და არასამართლიანი, რის გამოც დღევანდელ პარლამენტს გააჩნია ლეგიტიმაციის დაბალი ხარისხი.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ დარღვევების მტკიცებულებების პრეზენტაცია ცალკე გავმართოთ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის და დიპლომატიური კორპუსისათვის. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა გამოიძიონ ეს დარღვევები. ასევე, მოვითხოვთ, გადაითვალონ ხმები სადავო უბნებზე, თუმცა არა იმ მიზნით, რომ არჩევნების შედეგები შეიცვალოს; ჩვენ გვესმის, რომ ამ პირობებში უკვე არარეალისტურია ეს, მაგრამ იმ მიზნით, რომ დარღვევები დადგინდეს და დამნაშავეები დაისაჯონ, ხმების გადათვლა საჭიროა. ჩვენ ამ მიზნით ვაპირებთ თანამშრომლობას საპარლამენტო ოპოზიციასთანაც. ბუნებრივია, საარჩევნო სისტემა იყო ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც გამოიწვია ქართველი ხალხის ნების დამახინჯება ამ არჩევნებზე და ამ მიზნით უახლოეს დღეებში შეიკრიბება პარტიების კიდევ უფრო ფართო წრე და დაფუძნდება სპეციალური ფორმატი, რომელიც დაიწყებს მუშაობას საარჩევნო რეფორმაზე,” – ამბობს კუკავა.

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ–ერთი ლიდერი, გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ ისინი საქართველოს პარლამენტს დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ, რომელიც იმის სიღრმისეულ ანალიზს დადებს, თუ როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე. მისი თქმით, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, დღევანდელ განცხადებაზე ხელმომწერ პოლიტიკურ ძალებთან ერთად დამოუკიდებლად შეუდგებიან ამ საკითხის გამოძიებას და ამის შემდეგ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად საკანონმდებლო წინადადებას წარადგენენ პარლამენტში:

“ჩვენ ვეცდებით, რომ საპარლამენტო ტრიბუნა და ყველა მექანიზმი გამოვიყენოთ [პოლიტიკური ბრძოლისთვის]. თუ ხელისუფლება მაინც ვერ მოვა გონს და თავად შექმნის ამის [საპროტესტო აქციების] ფონს, ეს უკვე ჩვენი არჩევანი იქნება. საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნაა საარჩევნო სისტემის შეცვლა, რათა უფრო გამჭვირვალდე, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ტარდებოდეს არჩევნები. თუ ხალხის ამ არჩევანს ხელისუფლება ყურად არ იღებს, თავისთავად ცხადია, ის მიიღებს უკვე სხვა პროცესებს.”

“ლეიბორისტული პარტიის” იურიდიული საკითხების ხელმძღვანელი, პაატა ჩოხელი ამბობს, რომ სანამ არ შეიცვლება საარჩევნო სისტემა/გარემო, პოლიტიკურ სტაბილურობაზე ლაპარაკი ზედმეტია. “ლეიბორისტები” ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ. მისი თქმით, სარჩელი მზადდება პარტიის მხრიდან, რომელიც გაივლის მთელ ინსტანციებს და საბოლოოდ სტრასბურგში გადაიგზავნება. პაატა ჩოხელი მიიჩნევს, რომ ამით აუცილებლად უნდა დადგეს დღევანდელი ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების საკითხი.

“თავისუფალი დემოკრატები” 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭქვეშ არ აყენებენ, რის გამოც არ მოაწერეს დღევანდელ განცხადებას ხელი, ხოლო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ნაწილში “პატრიოტთა ალიანსთან” და სხვა პარტიებთან თანამშრომლობენ. როგორც ნეტგაზეთს “თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ განუცხადა, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების საკითხი იყო ის გარემოება, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ განცხადებას არ შეუერთდნენ: “თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს თანამშრომლობა მათთან. ჩვეულებრივად განვაგრძობთ ერთობლივ სამუშაო ფორმატს.”

რაც შეეხება საპროტესტო აქციების საკითხს, თამარ კეკენაძე ამბობს, რომ “თავისუფალი დემოკრატები” გამორიცხავენ პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას.

რაც შეეხება “რესპუბლიკურ პარტიას”, ისინი 9 ოპოზიციური პარტიის მოსაზრებებს ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ ამ განცხადებას არც ეთანხმებიან და არც მიიუღიათ მის დაწერაში მონაწილეობა.

“რესპუბლიკური პარტია არ შეერთებია ამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრას და არ ვიზიარებთ ამ მოსაზრებებს. პარლამენტი შეიკრიბა, პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა და არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ამ ტიპის განცხადებები არის ნორმალური ოპოზიციური პარტიების გაერთიანებისგან. ჩვენ არც ვეთანხმებით და არც მიგვიღია მონაწილეობა,” – ამბობს “რესპუბლიკელების” ერთ–ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებით, პარლამენტის წევრებად არჩეულნი არიან “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 115 დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 27 დეპუტატი, ხოლო “პატრიოტთა ალიანსიდან” 6 დეპუტატი, “თოფაძე – მრეწველებიდან” – 1 დეპუტატი და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ერთი დეპუტატი. ცესკოს საბოლოო ოქმით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 513 884, ხოლო ბათილად იქნა ცნობილი და განეორებითი კენჭისყრა არ ჩატარებულა 10 უბანზე. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა იყო 1 825 054. საარჩევნო სუბიექტები, ვინც გადალახა ბარიერი, არიან: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 477 053 ხმა, “დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია” – 88 097 ხმა, და “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 855 638 ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი