ახალი ამბები

კომიტეტმა გერმანული საარჩევნო მოდელის განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია

28 ნოემბერი, 2016 • 1351
კომიტეტმა გერმანული საარჩევნო მოდელის განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიზენშეუწონლად მიიჩნია გააგრძელოს ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე მომზადებული კანონპროექტის განხილვა.

დღეს, 28 ნოემბერს, გამართულ სხდომაზე დეპუტატებმა  VIII მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის  შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვა არ გაგრძელდეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტი არ აფასებს კანონპროექტის შინაარს:

“ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ ყველა ცვლიელბა,  რომელიც საარჩევნო კოდექსს უკავშირდება, ერთიან ჭრილში განვიხილოთ. ის, რაც კონსტიტუციას ეხება, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ვიმსჯელოთ. არ ვამბობთ, რომ ეს ცუდია და ეს კარგია. ვამბობთ, რომ სისტემურად მივუდგეთ განხილვის პროცესს,” – აღნიშნა ბესელიამ.

გერმანულ მოდელზე “რესპუბლიკური პარტიის” მიერ მომზადებული კანონპროექტი  შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში სპეციალური ფორმულით გამოითვლება იმ პარტიის საპარლამენტო მანდატების რაოდენობა, რომელიც გადალახავს 5%-იან ბარიერს.

კერძოდ, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადამლახავი პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა გამოითვლება ფორმულით: Ni = Mi x (150-P):M.

Mi არის ამ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, P – მაჟორიტარული სისტემით იმ სუბიექტთა წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, ხოლო M – იმ სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების ჯამი, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ზღურბლი.

მოქმედი საარჩევნო სისტემით, “ქართულმა ოცნებამ” 2016 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში 115 მანდატი მიიღო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 27 მანდატი, ხოლო “პატრიოტთა ალიანსმა” – 6 მანდატი.

გერმანული საარჩევნო მოდელით, “ქართული ოცნება” –  88 მანდატს მიიღებდა, “ნაციონალური მოძრაობა” –  49 მანდატს, ხოლო  “პატრიოტთა ალიანსი” –  9 მანდატს.

მასალების გადაბეჭდვის წესი