ახალი ამბები

მანდატურები საუბნო საარჩევნო კომისიებში

11 სექტემბერი, 2012 • 1925
მანდატურები საუბნო საარჩევნო კომისიებში

თბილისის საჯარო სკოლებში გახსნილ საარჩევნო უბნებში, საოლქოდან დანიშნული ექვსი წევრიდან ერთი მანდატურია.

როდესაც 2010 წელს უსაფრთხო სკოლის მიზნით საქართველოს განათლების სისტემაში მანდატურის ინსტიტუტი შეიქმნა, განათლების საკითხებში ექსპერტთა დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ სახელმწიფომ სკოლებში უსაფრთხო სკოლის სახელით მანდატურის ინსტიტუტის ჩამოყალიბება საკუთარი გავლენისა და სკოლის ადმინისტრაციების დასუსტების მიზნით გადაწყვიტა. მოგვიანებით, საჯარო სკოლების შემდეგ მანდატურები საქართველოს კერძო სკოლებშიც შევიდნენ. კერძო სკოლების ადმინისტრაციები კი პრივატულ საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ მანდატურები სკოლებში განათლების სამინისტროს უშუალო დავალებით შეიყვანეს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მანდატურები სხვა ამპლუაშიც გამოჩნდნენ.

მთაწმინდის რაიონში, ღამბაშიძის ქუჩაზე მდებარე 183-ე საჯარო სკოლაში ორი საარჩევნო უბანია გახსნილი, – 31-ე და 33-ე. ორივე მათგანში მთაწმინდის რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული წევრები ამავე სკოლის მანდატურები, ლაშა სადაღიშვილი და თამარ მახარობლიშვილი არიან.

თამარ მახარობლიშვილი 183–ე საჯარო სკოლის მანდატურად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, იქამდე სხვა სკოლაში მუშაობდა. 31–ე საარჩევნო უბნის კომისიაში კი, როგორც ამბობს კონკურსის შედეგად მოხვდა.

„ჩემი სურვილით შევიტანე განაცხადი და შემარჩიეს,“ – ამბობს მანდატური.

 

ასეთივე კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ მანდატურები კომისიის წევრებად თბილისის იმ სხვა საარჩევნო უბნებში, რომელიც საჯარო სკოლებშია გახსნილი. ჩვენ მიერ ადგილზე ნანახი თბილისის საჯარო სკოლებში იდენტური სიტუაციაა – საოლქოს მიერ დანიშნული ერთი კომისიის წევრი ამავე სკოლის მანდატურია.

საარჩევნო უბნის 13 წევრიდან, 7 პარტიის მიერ დანიშნული წევრი, ხოლო 6 საოლქოს მიერ შერჩეულია. როგორც ირკვევა საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიის წევრებად თბილისის საჯარო სკოლებში მომუშავე მანდატურების კანდიდატურები შეარჩია. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის თითქმის ყველა საჯარო სკოლაშია გახსნილი საარჩევნო უბანი, ზოგ სკოლაში კი ორი უბანი, საარჩევნო ადმინისტრაციებში თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, 200-მდე მანდატურია დასაქმებული.

სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში 131–ე საჯარო სკოლაშიც ორი საარჩევნო უბანია გახსნილი. ორივე უბნის კომისიის წევრები ერთ საკლასო ოთახში მუშაობენ. ოთახი პირობითად ორად არის გაყოფილი. ერთ მხარეს ერთი უბანია, მეორე მხარეს – მეორე.  კედლებზე საარჩევნო კომისიების წევრთა სიებია გაკრული. თითოეულ სიაში საოლქოს მიერ დანიშნული წევრებს შორის სკოლის მანდატურის ამოცნობა რთული არ არის იმ გრაფით, სადაც კომისიის წევრთა დაბადების თარიღები წერია, – ასაკით ყველაზე ახალგაზრდა წევრები მანდატურები არიან. კომისიის წევრები, რომლებიც ამავე სკოლის პედაგოგები აღმოჩნდენ, ამბობენ, რომ მანდატურებს, მაია ტოროშელიძესა და იოსებ მაჩელაშვილი საარჩევნო კომისიაში დღეს მორიგეობა არ უწევთ, თუმცა კომისიის წევრებად მათ დანიშვნას ადასტურებენ.

150-ე საჯარო სკოლაში გახსნილ # 2 საარჩევნო უბანში საოლქოს მიერ კომისიის წევრი, სხვა სკოლაში მუშაობს მანდატურად. თუმცა, საუბარში აცხადებს, რომ სკოლაში მართვის გაკვეთილებს ასწავლის.

თბილისის 94-ე სკოლაში გახნილ ორ, 85–ე და 87–ე  საარჩევნო უბნებში საოლქოს მიერ დანიშნული ექვსი წევრიდან ხუთი, მანდატურის, ამირან ჩაჩუას ჩათვლით ამავე სკოლის თანამშრომლები არიან.

მაგალითად, 87–ე უბნის საოლქოს მიერ დანიშნული წევრების მუდმივი სამუშაო ადგილები ასე გამოიყურება – უბნის თავმჯდომარე, 94–ე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ჩაგანავაა, კომისიის წევრები ვენერა ლობჟანიძე, ნინელი ობგაიძე და ნანა ცერცვაძე, ამავე სკოლის პედაგოგები, ნინო დავითულიანი სკოლის მანდატური და დოდო ხუციშვილი, როგორც კომისიის თავმჯდომარე ამბობს, მერიის პროექტის, „თბილისი სინათლის ქალაქის“ თანამშრომელია.

კითხვაზე, ხელს ხომ არ შეუშლის კომისიის თავმჯდომარეობა და წევრობა სკოლის თანამშრომლებს 17 სექტემბრის შემდეგ, როდესაც სასწავლო წელი იწყება, კომისიის თავმჯდომარე, მარინა ჩაგანავა პასუხობს, რომ კომისიის წევრთა მორიგეობის გათვალისწინებით პრობლემა არ შეიქმნება.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პრობლება არ შეიქმნას და არცერთ საქმიანობას ხელი არ შეეშალოს,“– ამბობს სკოლის დირექტორი.

შეთავსებით საარჩევნო ადმინისტრაციის წევრობა, სკოლის თანამშრომლებს არც სამართლებრივად ეზღუდებათ.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საჯარო მოხელე, და მასზე არ გავრცელდება  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით  დადგენილი მოთხოვნები სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ.

„სკოლის თანამშრომლები საჯარო მოხელეები არ არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების დროს უფლებამოსილება შეუჩერდებოდათ. მათზე არ ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და ერთდროულად ორგან მუშაობა მათ არ ეკრძალებათ,“- ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ლელა ტალიური.

იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობა არც მანდატურებს და სკოლის სხვა თანამშრომლებს საარჩევნო ადმინისტრაციების წევრობას არ უზღუდავს,  კოალიცია „ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონის საარჩევნო ადმინისტრაციების სამსახურის ხელმძღვანელი, ეკა ხარატიშვილი ამბობს, მმართველმა პარტიამ საარჩევნო კომისიებში საკუთარი აქტივი ამ გზით მოიყვანა.

„მათი გამოყენება არჩევნების დღემდე, წინაასარჩევნო პერიოდშიც შეიძლება. როდესაც რაიმე საკითხი უნდა გადაწყდეს, ან მდივანი უნდა აირჩიონ, ისინი ყოველთვის უმრავლესობაში არიან. შესაბამისად, თბილისის ყველა საარჩევნო უბანში ჩვენი წარმომადგენლები უმცირესობაში სხვდებიან. სწორედ იმის გამო, რომ წევრთა უმრავლესობა ნაცმოძრაობის აქტივია, მთაწმინდის 39 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ სამშია კოალიციის წარმომადგენელი არჩეული მდივნად,“- ამბობს ეკა ხარატიშვილი.

კომისიის წევრების მიუკერძოებლობაზე საუბრობს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ლომჯარიაც.

„ჩვენი ორგანიზაცია და საია სწორედ ასეთ შემთხვევებს ვაკვირდებით. 400 უბანი შევარჩიეთ, სადაც კომისიის წევრთა დაკომპლექტებას ვამონიტორინგებთ. ვაკვირდებით იმას, სად მუშაობენ ეს ადამიანები და ხომ არ აქვს ადგილი ინტერესთა კონფლიქტს. ხომ არ ახდენს მათი მუდმივი სამსახური მათზე გავლენას და ხომ არ ჩნდება ეჭვები მათ ობიექტურობასთან დაკავშირებით,“- ამბობს ნინო ლომჯარია.

 

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი