ახალი ამბებისამართალი

WISG: თბილისში 5 ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

27 ნოემბერი, 2016 • 1842
WISG: თბილისში 5 ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის’’ (WISG) ინფორმაციით, 2016 წლის 27 ნოემბრის ღამეს გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთ ტრანსგენდერ ქალს თავს დაეხხა ორი პირი, რომელთაც სცადეს ქალების ცემა, ისროდნენ ქვებს და მინის ბოთლებს.

WISG–ის ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი დანის გამოყენების მუქარით გაეკიდა ორ ქალს, მაგრამ მათ გაქცევა მოახერხეს.

“ინციდენტის შედეგად რამდენიმე დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება. კერძოდ, როგორც დაზარალებული ამბობს, თავდამსხმელმა მას მინის დიდი ბოთლი ესროლა, რომელიც ზურგის არეში მოხვდა.

ერთ-ერთი დაზარალებულის ინფორმაციით, მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავების მოსვლამდე თავდამსხმელებმა მიმალვა მოასწრეს”, – იუწყება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი.

მათივე ცნობით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა WISG-თან საუბარში აღნიშნა, რომ თავდამსხმელი იყო ორი მამაკაცი, რომლებიც გამოიყურებოდნენ ისე, როგორც ის პირები, ვინც 2016 წლის 25 ნოემბერს ტრანსგენდერ ქალ ნატას დაესხნენ თავს. გუშინვე “ნეტგაზეთს” შსს–ში განუცხადეს, რომ ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აწარმოებს, რაც ცემის ფაქტს გულისხმობს. შსს-ში არ დააკონკრეტეს, მომხდართან დაკავშირებით დააკავეს თუ არა ვინმე.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ გუშინ მათთან შევიდა შეტყობინება სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, რის შემდეგაც ადგილზე გამოცხადდა პოლიცია, თუმცა, შსს–ს ცნობით, იმ მოქალაქემ, რომელმაც პოლიცია გამოიძახა, აღარ ითანამშრომლა გამოძიებასთან. შსს–ს ცნობით, მათ მოკვლევა დაიწყეს, თუმცა საქმის გამოძიების ინიციატორმა აღარ ისურვა პროცესის გაგრძელება.

ტრანსგენდერ ქალებზე საჯარო თავშეყრის ადგილებში ძალადობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა. WISG მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გააძლიეროს სამართალდამცავთა პატრულირება ქალაქის ისეთ წერტილებში, სადაც დანაშაულის ჩადენის ალბათობამ იმატა.

მასალების გადაბეჭდვის წესი