ახალი ამბები

იზორია: თავდაცვის სამინისტროში მრჩევლის ინსტიტუტი გაუქმდება

25 ნოემბერი, 2016 • 1296
იზორია: თავდაცვის სამინისტროში მრჩევლის ინსტიტუტი გაუქმდება

ლევან იზორიას განცხადებით, საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად საჭიროა თანხების მობილიზება, ამიტომ თავდაცვის სამინისტრო სისტემაში ცვლილებებს გეგმავს. ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დღეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრაზე გააკეთა.

იზორიას თქმით, სამინისტროს გეგმის თანახმად, დაიზოგება ათეულობით მილიონი ლარი, საიდანაც ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ხოლო ნაწილი აღჭურვილობას მოხმარდება.

თავდაცვის გენერალურ შტაბში დაგეგმილია დეპარტამენტების სტანდარტიზაცია და არსებული დეპარტამენტების რაოდენობის შემცირება. მინისტრობის კანდიდატი თქმით, 53 დეპარტამენტი შესაძლოა 35-მდე შემცირდეს. ასევე მინისტრი, მისი მოადგილეები და გენშტაბის ხელმძღვანელები უარს ამბობენ მრჩევლის ინსტიტუტზე, რის შედეგადაც, იზორიას განცხადებით, წლიურად ნახევარი მილიონის თანხების ოპტიმიზაცია მოხდება.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ოპტიმიზაცია იგეგმება სახმელეთო ჯარების სარდლობებშიც, სადაც სამინისტროს ეყოლება ოთხი სამანევრო ბრიგადა სამი კომპონენტით: ქვეითი, მექანიზირებული და ჯავშანსატანკო ელემენტებით.

სამინისტროს გეგმის მიხედვით, ავიაცია ძირითადად საჰაერო თავდაცვაზე იქნება ორიენტირებული და შედეგად, ამ მიმართულებითაც მოხდება ოპტიმიზაცია.

“შვეულმფრენების შესაძლებლობის გაუმჯობესებასა და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე ასევე გავამახვილებთ ყურადღებას,” – ამბობს ოზორია.

შემცირდება საშტატო წოდებრივი კატეგორიებიც. იზორიას მიაჩნია, რომ ეს კატეგორია დღეს ხელოვნურად გაზრდილია და 266-დან 100-მდე უნდა დაიწიოს. მილიონობით ლარის დაზოგვას სამინისტრო სამხერო პოლიციისა და ლოგისტიკის მიმართულებითაც გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი