ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ (არ) სურთ სტუდენტური თვითმმართველობის არსებული მოდელის შეცვლა [ფოტო/ვიდეო]

25 ნოემბერი, 2016 • 2808
რატომ (არ) სურთ სტუდენტური თვითმმართველობის არსებული მოდელის შეცვლა [ფოტო/ვიდეო]

სტუდენტური თვითმმართველობის არსებული სისტემა რომ შესაცვლელია, ამაზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდნენ როგორც სტუდენტები, ასევე მმართველი გუნდის ლიდერები, თუმცა დღეს აუდიტორია N115-ს საარჩევნო უბნების პიკეტირება დასჭირდა მთავრობისთვის დაპირებების შესახსენებლად.

თსუ–ის ცესკოს თავმჯდომარის, დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორია N115–ს შვიდი საარჩევნო უბანი თითქმის მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა პიკეტირებული, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები დღეს მაინც შედგა. მისი თქმით, არჩევნებში 2436-მა სტუდენტმა მისცა ხმა: “არჩეულია 140 დელეგატი, არჩევნები შემდგარია და არჩევნები ლეგიტიმურია”.

სტუდენტური გაერთიანების წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში რჩებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ და განათლების კომიტეტის წევრებთან ითხოვენ შეხვედრას.

რატომ არის სისტემა შესაცვლელი?

სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია N115-ის წევრები და მათი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ თვითმმართველობის არსებული მოდელი არ აძლევს ყველა სტუდენტს უნივერსიტეტის მართვის პროცესში თანაბრად ჩართვის უფლებას. სტუდენტთა ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ეს სისტემა არ აძლევს მათ იმის საშუალებას, რომ თანაბრად დაგეგმონ და გააკეთონ სხვადასხვა ტიპის აქტივობები თუ ღონისძიებები. სტუდენტური გაერთიანების წევრი, გიორგი არობელიძე თვითმმართველობის ახლანდელი მოდელის მანკიერ მხარეებს ორ ნაწილად ყოფს:

ერთია ის, რომ ეს სისტემა არ უზრუნველყოფს სტუდენტების მართვის პროცესში ჩართვას. მარტში სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას გაუგზავნა მისი რეკომენდაცია, რომელიც სტუდენტების მართვის პროცესში ჩართვას ეხებოდა. ომბუდსმენი ამბობს, რომ საფაკულტეტო საბჭოებში არჩევის ამჟამინდელი წესი არის დისკრიმინაციული; საფაკულტეტო საბჭოში მოსახვედრად არ უნდა იყოს სავალდებულო სტუდენტური თვითმმართველობის წევრობა.

მეორე ნაწილი შეეხება პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვას. ჩვენ ვხედავთ სიტუაციას, როდესაც სტუდენტურ თვითმმართველობას მონოპოლია აქვს ფინასებზე წვდომის და პრაქტიკულად სტუდენტებს არ ეძლევათ იმის საშუალება, რომ შექმნან სხვადასხვა ტიპის გაერთიანება თავისი ინტერესების გარშემო და გააკეთონ სხვადასხვა ტიპის აქტივობები. იმ მოდელში, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეს ყველაფერი არის გათვალისწინებული იმგვარად, რომ სტუდენტებს შორის ამ მხრივ იყოს გათვალისწინებული თანასწორობა; ნებისმიერ სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს ექნება იმის საშუალება, რომ შეიტანოს სპეციალურად შექმნილ კომისიაში განაცხადი თავისი იდეისა და პროექტის გარშემო. ეს კომისია წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით განიხილავს ამ პროექტს და გადაწყვეტს, დააფინანსებს თუ არა.

აუდიტორია115-ის წევრები ქვეყანაში განათლების ფუნდამენტურ მოთხოვნას მოითხოვენ. 25.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აუდიტორია115-ის წევრები ქვეყანაში განათლების ფუნდამენტურ მოთხოვნას მოითხოვენ. 25.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

რა პასუხი აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ბახვა კვირიკაშვილს, რომელიც მათი მოდელის დადებით მხარეებზე საუბრობს. მისი თქმით, სტუდენტური გაერთიანების წევრებს შესთავაზეს არჩევნებში მონაწილეობა და თუ ისინი გაიმარჯვებდნენ, მათი მოდელით გაეგრძელებინათ საქმიანობა უნივერსიტეტში. თუმცა, როგორც ბახვა ამბობს, აუდიტორია N115–მა ეს არ ისურვა, რადგან სტუდენტების მხარდაჭერის იმედი არ აქვს.

“სტუდენტური თვითმმართველობის ამჟამინდელ მოდელში დადებითი არის ძალიან ბევრი, პირველ რიგში ის, რომ უნივერსიტეტში არსებულ ბიუროკრატიულ სისტემას ჩვენს მიერ პრაქტიკაზე შექმნილი მენეჯმენტი ძალიან მარტივად უმკლავდება და ის პროცედურები, რომლებიც შესაძლოა ძალიან დიდხანს გაიწელოს, ჩვენ მიერ შექმნილი მოდელით ძალიან მარტივად გვარდება. პლუს ამას, მეტი სტუდენტი საქმდება იმ კუთხით, რომ ბევრი მათგანი გადის მოხალისეობრივ საქმიანობას, არის შედეგზე ორიენტირებული, განათლების კუთხით მიმდინარეობს ძალიან ბევრი პროექტები, აღმასრულებელი სისტემა კარგად არის განვითარებული ჩვენს მოდელში და გვაქვს ის შედეგები, რომლებიც შეგიძლიათ ივენთების სახით ნახოთ, ან სხვადასხვა დამოკიდებულებების სახით შეგვიძლია დავდოთ და ნახავთ, რამდენად მასშტაბურად ხორციელდება ჩვენ მიერ ჩატარებული პროექტები, რამდენად ბევრი სპონსორი გვყავს, რამდენად ბევრი პარტნიორი გვყავს ამ პროექტების განმავლობაში,” – ამბობს ბახვა კვირიკაშვილი.

ბახვა კვირიკაშვილი, თსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ბახვა კვირიკაშვილი, თსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მისი თქმით, ნებიემიერი ორგანიზაცია და სტუდენტური ერთეული, რომელიც საჯარო სამართალში არსებობს, სუბორდინაციის პრინციპს ექვემდებარება:

“ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ორგანიზმში, იქნება ეს საჯარო თუ კერძო სტრუქტურაში, არის იერარქია, სადაც იდეაში არის უფრო დაბალიც, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება სუფთა საქმიდან გამომდინარე და რაიმე პრივილეგიებს არ მოიცავს. რაც შეეხება თანასწორობის უფლებას, რაზეც ნეგატიური აღქმების შესაქმნელად აპელირებენ 26-ე მუხლით, ეს არის ყველაფერი სიცრუე და ნორმის არმცოდნე ადამიანის განმარტება, რადგან კონსტიტუციის 26-ე მუხლის მოცულობაში არ შედის საჯარო სამართლის სუბიექტები და ამ შემთხვევაში ასეთი სუბიექტია სტუდენტური თვითმმართველობა.”

აუდიტორია N115-ის დღევანდელი საპროტესტო აქცია რამდენიმე მთავარ მოთხოვნას აერთიანებს. გარდა სტუდენტური თვითმმართველობის სისტემის რეფორმირებისა, ისინი სტუდენტური საერთო საცხოვრებელის სრულად რეაბილიტირებასა და მეცნიერების დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ.

აუდიტორია115-ის წევრები ქვეყანაში განათლების ფუნდამენტურ მოთხოვნას მოითხოვენ. 25.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აუდიტორია115-ის წევრები ქვეყანაში განათლების ფუნდამენტურ მოთხოვნას მოითხოვენ. 25.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“საქართველოს კონსტიტუციაში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი და განისაზღვროს კონსტიტუციით ის მინიმალური ზღვარი, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, რომლითაც დაფინანსდება განათლება და მეცნიერება. აღსანიშნავია, რომ ამ იდეის ინიციატორი თავად პრემიერი კვირიკაშვილია. მან ჩვენთან შეხვედრის დროს თქვა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ასე მოხდებოდა, თუმცა აღნიშნა, რომ არ ჰყავდათ კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში და ამიტომ ეს სამომავლოდ გადაიდებოდა. თუმცა დღეს პოლიტიკური სიტუაცია შეცვლილია, მმართველ გუნდს პარლამენტში ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა და თავისუფლად არის შესაძლებელი ამ იდეის განხორციელება. ეს არის უმნიშვნელოვანესი იმ კუთხით, რომ აუცილებელია უნივერსიტეტებში კვლევითი სფეროს დაფინანსების გაზრდა და მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრის ქვედა მინიმალური ზღვარი იყოს განსაზღვრული კონსტიტუციით. რაც შეეხება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს: ეს არის პრობლემა, რომელზეც სტუდენტები უკვე წლებია საუბრობენ. საცხოვრებელი ვერ აკმაყოფილებს სტუდენტების მოთხოვნას და ათჯერ მეტია იმ სტუდენტების რიცხვი, ვისაც სურს, უნივერსიტეტმა უზრუნველყოს მათი საცხოვრებელი, მაგრამ, უბრალოდ, ადგილები არ არის. ის შეზღუდული რაოდენობაც კი, რომელიც აქვს უნივერსიტეტს, არის ამორტიზებულ მდგომარეობაში – ნებისმიერ დროს არსებობს იმის საფრთხე, რომ კედელი ჩამოინგრეს ან წყალმა ამოასხას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ სახელმწიფომ გამოუყოს უნივერსიტეტს ერთჯერადი დაფინანსება უშუალოდ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე გარემონტდეს და გაკეთდეს სტუდენტური საცხოვრებელი,” – ამბობს არობელიძე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი, ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ აუდიტორია N115-ის მოთხოვნებს შინაარსობრივად ეთანხმება და თვითმმართველობის რეფორმაც მიმდინარეობს, თუმცა სასწავლო პროცესისთვის ხელის შეშლით სტუდენტური გაერთიანება ვერაფერს მიიღებს. მისი თქმით, სტუდენტების პროტესტის ფორმა არის “ღია კარის მტვრევა”.

აუდიტორია115-ის წევრი ეკამათება თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დემეტრე ეგნატაშვილს. 25.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აუდიტორია115-ის წევრი ეკამათება თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დემეტრე ეგნატაშვილს. 25.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ყველა მზად არის მათთან შესახვედრად. მათ იციან, რომ სტრატეგია მზადდება თსუ-ში და თვითონაც არიან ჩართულები ამ პროცესში. ამიტომ ახლა ამ სტუდენტებისთვის ხელის შეშლით და სასწავლო პროცესისთვის და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელის შეშლით უკეთესობას ვერაფერს მიიღებენ, მხოლოდ ათასობით სტუდენტს შეუშლიან თავიანთი კანონიერი უფლების განხორციელებას,” – განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სტუდენტური გაერთიანების წევრებთან რეგულარულად ჰქონდა შეხვედრები და მათთვის კარი ახლაც ღია აქვს:

“მათ რომ სდომოდათ, გუშინაც ჩემთან მოვიდოდნენ და კორპუსს არ დაიკავებდნენ, მაგრამ მათი არჩევანია ასეთი მეთოდით მოქმედება. ყველა მზად არის მათთან შესახვედრად. მათ იციან, რომ სტრატეგია მზადდება თსუ-სი, თვითონაც არიან ჩართული ამ პროცესში. ახლა სტუდენტებისთვის და სასწავლო პროცესისთვის ხელის შეშლით, თვითმმართველობისთვის ხელის შეშლით, უკეთესობას ვერაფერს მიიღებენ. მხოლოდ ათასობით სტუდენტს შეუშლიან კანონიერი უფლების განხორციელებას.”

სტუდენტური გაერთიანების წევრი, გიორგი არობელიძე ალექსანდრე ჯეჯელავას დემაგოგიაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მინისტრობის კანდიდატს საზოგადოება ხშირად   შეცდომაში შეჰყავს.

აუდიტორია115-ის წევრების ნაწილი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მსჯელობენ დღის გეგმებზე. 25.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აუდიტორია115-ის წევრების ნაწილი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში მსჯელობს დღის გეგმებზე. 25.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“ჩვენ ასევე გვახსოვს ამჟამინდელი რექტორის, გიორგი შარვაშიძის ან თუნდაც ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებები, რომლებიც აუდიტორია N115–ის მოთხოვნებს უწოდებდნენ სრულიად ლეგიტიმურს და გულწრფელს. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენი მოთხოვნების შესრულება აუცილებელი იყო საუნივერსიტეტო პროცესის გაჯანსაღებისთვის, მაგრამ დღეს ვხედავთ, რას ამბობს განათლების მინისტრობის კანდიდატი. ჩინოვნიკები სიტყვა “თვითმმართველობას” აძლევენ სხვადასხვაგარ ინტერპრეტაციას. თვითმმართველობაზე როცა ვსაუბრობთ, ამაში ვგულისხმობთ იმ სისტემას, რომელიც ამ სახელით მოიხსენება და არ ვგულისხმობთ თვითონ თვითმმართველობის იდეას. რა თქმა უნდა, ჩვენი შეთავაზებული მოდელი უზრუნველყოფს რეალური თვითმმართველობის იდეის განხორციელებას. ჩვენ პრობლემა გვაქვს ამ ფორმის სტრუქტურასთან. ჯეჯელავა ხშირად დემაგოგობს და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას; საჭიროების შემთხვევაში, ის იტყვის, რომ “თვითმმართველობაში” თვითონ იდეას გულისხმობდა და არა სტრუქტურას, ხოლო თუ საპირისპირო დასჭირდება, საპირისპიროსაც დაამტკიცებს. ბუნებრივია, ეს ხაზს უსვამს ამ ადამიანის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას,” – ამბობს არობელიძე.

აუდიტორია115 უნივერსიტეტის ჯერ პირველ კორპუსთან შეიკრიბა, რამდენიმე წუთში კი მათ შენობის ფოიეში გადაინაცვლეს. 25.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აუდიტორია115 უნივერსიტეტის ჯერ პირველ კორპუსთან შეიკრიბა, რამდენიმე წუთში კი მათ შენობის ფოიეში გადაინაცვლეს. 25.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

2016 წლის აპრილში სტუდენტური გაერთიანების წევრებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა, სადაც მან განაცხადა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა აღარ უნდა არსებობდეს ასეთი “მახინჯი სახით”. პრემიერმა სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, მათი მოთხოვნების უდიდესი ნაწილი არის ნამდვილად გულით ნაკარნახევი. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პირადად ჩაერთვებოდა განათლების შესახებ კანონის შემუშავებაში, თუმცა ეს ყველაფერი დღემდე არ მომხდარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი