ახალი ამბები

შსს–მ გუნავას დაკავებისას გამოვლენილი დარღვევების გამო 5 პოლიციელი გაათავისუფლა

21 დეკემბერი, 2012 • 1141
შსს–მ გუნავას დაკავებისას გამოვლენილი დარღვევების გამო 5 პოლიციელი გაათავისუფლა

“გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და  დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა ცენტრალური  კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი.

 

ამავე საკითხზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. დამატებითი ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის  ცნობილი გახდება გამოძიების დასრულების შემდეგ”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს, 21 დეკემბერს გავრცელდა.

 

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა 2012 წლის 16 ნოემბერს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. ის ამტკიცებს, რომ ნარკოტიკი და იარაღი დაკავებისას ჩაუდეს. გუნავა მისთვის ბრალის წაყენებას ბაჩო ახალაიასთან  მეგობრობას და ამ ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებს. მან ჩაიტარა ექსპერტიზა, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში არანაირი ნარკოტიკი არ მოუხმარია გარდა მისი დაკავების შემთხვევისა, როცა მის ორგანიზმში იყო ნარკოტიკული საშუალება მორფინი, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, დაკითხვისას წყალში გარეული დაალევინეს. გარდა ამისა, ამტკიცებს, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჯიბეში “მაკაროვის” სისტემის იარაღი ჩაუდეს. თენგიზ გუნავამ    მისთვის იარაღის ჩადების ფაქტის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურასაც მიმართა.

 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თენგიზ გუნავას დაკავების საქმეს იძიებდა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

თენგიზ გუნავა
თენგიზ გუნავა

მასალების გადაბეჭდვის წესი