ახალი ამბები

კვირიკაშვილი: სამწუხაროდ, თინა ხიდაშელის მხრიდან ეთიკა ბევრჯერ დაირღვა

25 ნოემბერი, 2016 • 1514
კვირიკაშვილი: სამწუხაროდ, თინა ხიდაშელის მხრიდან ეთიკა ბევრჯერ დაირღვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმება მოუმზადებელი გადაწყვეტილება იყო.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მინისტრმა თინა ხიდაშელმა ეს გადაწყვეტილება მასთან შეუთანხმებლად მიიღო. კვირიკაშვილი ასევე ამბობს, რომ თინა ხიდაშელი ეთიკას ხშირად არღვევდა:

“თინა ხიდაშელმა განცხადება გამოაცხადა პირდაპირ ეთერში, ჩემდა სამწუხაროდ. მე ამდენი ხანი საჯარო სირცეში კრიტიკისგან თავს ვიკავებდი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთი კაბინეტის წევრები ვიყავით. სამწუხაროდ, მისი მხრიდან ეს ეთიკა ბევრჯერ დაირღვა. მე ბევრჯერ შეიძლება გული მეტკინოს ამაზე, მაგრამ არაუშავს, პოლიტიკაში გულისტკენები არ არის მნიშვნელოვანი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იყო  იმ გრძელვადიან სტრატეგიასთან შესაბამისობაში, რომელიც ჩვენ ერთად გვაქვს დამტკიცებული, მაგრამ იყო მოუმზადებელი იმ დროსა და სივრცეში, როცა იქნა მიღებული,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

2017 წლიდან ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ინიციატივა იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა  სავალდებულო სამხედრო სამსახურის სრულად გაუქმებას. ხიდაშელის ინიციატივის მიხედვით, სავალდებულო გაწვევას მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ეთიშებოდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების სამინისტროს კვლავ შეეძლო 18-დან 27 წლამდე მოქალაქეების გაწვევა, რადგან მათთან მსახურება, კანონის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურად ითვლება.

7 ნოემბერს 100 დღის  ანგარიშის პრეზენტაციაზე თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ წვევამდელების სისტემა აღდგება, თუმცა მასში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი