ახალი ამბები

რატომ უნდა შეიქმნას შსს-ში გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის განყოფილება?

25 ნოემბერი, 2016 • 1945
რატომ უნდა შეიქმნას შსს-ში გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის განყოფილება?

დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე კიდევ ერთხელ მოითხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური დანაყოფის შექმნა. საგამოძიებო უწყება კი არ პასუხობს შეკითხვას, აპირებს თუ არა აღნიშნული მოთხოვნის შესრულებას. 

ამგვარი მოთხოვნა ქალთა მოძრაობის მხრიდან პირველად 2016 წლის ზაფხულში გაისმა. მოთხოვნის მთავარი მიზეზი სამართალდამცავ სტრუქტურებში გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულის მიმართ ნაკლები მგრძნობელობა და კომპეტენცია სახელდება. როგორ წარმოუდგენიათ აქტივისტებს ასეთი დანაყოფის შექმნა და რას ფიქრობს სახელმწიფო ამ ინიციატივაზე?

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2016 წელს 10 თვის მონაცემებით, 13 ქალი მოკლეს ოჯახში ძალადობის პირობებში. კვლავ მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი, პოლიციამ 2000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება. “ქალთა მოძრაობის” წევრი იდა ბახტურიძე, ამბობს, რომ ასეთი დანაყოფის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან ძალადობის მასშტაბი არ იცვლება:

“ჩვენ ვთვლით, რომ სპეციალური განყოფილების შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც იმუშავებს გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე, იქნება გამოსავალი, გამომდინარე იქოდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელია ამ თემებზე მიმდინარეობს მუშაობა და შსს-ც აცხადებს, რომ მისთვის პრიორიტეტია ეს თემა, დანაშაულის მასშტაბები არ მცირდება”,- ამბობს ბახტურიძე.

მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თბილისში პოლიციის შენობასთან დასრულდა 25.11.2016/ ფოტო: გუკი გიუნაშვილი

მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თბილისში პოლიციის შენობასთან დასრულდა 25.11.2016/ ფოტო: გუკი გიუნაშვილი

გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი სტრუქტურების დამოკიდებულება ვლინდება იმითაც, თუ რა მუხლით იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან მთავარი პროკურატურა გამოძიებას. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წელს გააანალიზა 2014 წლის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფემიციდის 12 შემთხვევაზე, რომლიდან თითქმის ყველა საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

დღეს შეკრებილი აქტივისტები სხვადასხვა მიზეზებს ასახელებდნენ, თუ რატომაა ოჯახში ან გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე ადეკვატური რეაგირება მნიშვნელოვანი. ყოფილი დეპუტატი და “რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ ეს პრობლემა გრძელვადიან პერსპექტივაში ახდენს გავლენას მომავალ თაობაზე:

“მნიშვნელოვანია, რომ ამ განყოფილებაში მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ მაღალი მგრძნობელობა და მათ კარგად ჰქონდეთ გაცნობიერებული, თუ რატომაა ოჯახში ძალადობა განსაკუთრებული ხასიათის დანაშაული. გრძელვადიან პერსპექტივაში მომავალ თაობებს ანადგურებს ოჯახში ძალადობა. გარდა იმისა, რომ ქალია მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევაში, მსხვერპლი ასევე არის ბავშვი. აქედან გამომდინარე, ყველა პოლიციელს კარგად უნდა ესმოდეს სწორედ ის რისკები, რაც შეიძლება ახლდეს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე არასათანადო რეაგირებას”,- განაცხადა კორძაიამ.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” მიიჩნევს, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში არა მხოლოდ გენდერული ნიშნით, ასევე სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებელი დანაყოფი უნდა შეიქმნას. EMC მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური და სიმბოლური დანაშაულებია, რასაც ადამიანები კულტურული რწმენებისა და საჯარო სივრცეებზე საკუთარი წესრიგის დამყარების ინტერესის გამო ჩადიან.

“ამ დანაშაულებს სახელმწიფომ უნდა შეხედოს როგორც პოლიტიკურ პრობლემას, რომელიც სამოქალაქო მშვიდობას და უსაფრთხოებას აზიანებს და შეუძლებელს ხდის პლურალურ თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების არსებობას. გენდერული ძალადობის ძალიან ბევრ შემთხვევაში სახელმწიფოს უჭირს გენდერული იდენტობის გამო სიძულვილის იდენტიფიცირება და მას მხოლოდ როგორც ოჯახში ძალადობას ხედავს. პრინციპში, საქართველომ ოჯახში ძალადობის პრობლემა და მასთან დაკავშირებული პოლიტიზების აუცილებლობა  უკვე გაიარა, სახელმწიფო დონეზე ამის აღიარება ხდება, მაგრამ ის, რომ სახელმწიფო ვერ ხედავს გენდერული იდენტობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების სპეციფიკას და ის, რომ ეს დანაშაული ძალიან ხშირად სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული შეიძლება იყოს, ეს ეტაპი გასააზრებელი აქვს”,- განაცხადა თამთა მიქელაძემ , EMC-ის წარმომადგენელმა.

მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თბილისში. 25.11.2016/ ფოტო: გუკი გიუნაშვილი

მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ თბილისში. 25.11.2016/ ფოტო: გუკი გიუნაშვილი

დღეს შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ იმ პიროვნებებს, რომლებიც ამგვარ დანაყოფში იმუშავებენ, მეტი მგრძნობელობა  და ცოდნა უნდა ჰქონდეთ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მიმართ, თუმცა კონცეფცია – როგორი უნდა იყოს ეს სტრუქტურა, ჯერჯერობით არ არსებობს. როგორც  იდა ბახტურიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, “ქალთა მოძრაობას” კომუნიკაცია ჰქონდა შსს-სთან, მათ პრესკონფერენციაც გამართეს და ამ საკითხზე მინისტრთან შეხვედრაც მოითხოვეს, თუმცა, ამაოდ:

“ჩვენ ვერ მივიღეთ დასაბუთებული ახსნა, თუ რატომ არის უწყება ამ განყოფილების შექმნის  წინააღმდეგი. მიგვაჩნია, რომ ადამიანური რესურსი შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს და ამ რესურსით შესაძლებელია, რომ ეს განყოფილება ჩამოყალიბდეს, განსაკუთრებულად დიდი ბიუჯეტი ამ განყოფილების შექმნას არ სჭირდება”,- ამბობს ბახტურიძე.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეტა სამინისტროს და ჰკითხა, რა პოზიცია აქვს ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით შსს-ს, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ შსს-ს თანამშრომლების გადამზადება და ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა სისტემური პრობლემაა:

“ეს არის ყველაზე დიდი უწყება, რომელსაც ათეულ ათასობით თანამშრომელი ჰყავს და, ცხადია, პოლიტიკური და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ცნობიერების გაჩენა ამ სისტემაში რთული გამოწვევაა. ამ დრომდე სამინისტროს მცდელობები პოლიციის გადამზადების კუთხით, პრინციპში, ფრაგმენტულია  და ის სისტემურ ღონისძიებებს არ ახორციელებს.  როდესაც ვამბობთ, რომ სპეციალური უწყებები უნდა გაჩნდეს, ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ კარგი სტაფი შეირჩეს, რომლის პერიოდული და სისტემური გადამზადებაც მოხდება”,- ამბობს მიქელაძე.

გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებელი სპეციალური დანაყოფები სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს, განსაკუთრებით იქ, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი მაღალია. მაგალითად, ბრაზილიაში არსებობს სეციალური სასამართლოები, რომლებიც ოჯახში ძალადობის საქმეებს იძიებს. გვატემალის მთავრობამაც მიიღო გადაწყვეტილება, სპეციალური ჯგუფი შექმნას, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებს გამოიძიებს.

დღევანდელ დღეს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომელმაც მიმართა ხელისუფლებას და პარლამენტს, დააჩქაროს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება; ასევე, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს, მოახდინონ ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის, დეფინიციის განსაზღვრა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი