ახალი ამბები

მცხეთასთან ავტომობილი მტკვარში გადავარდა, დაიღუპა კაპრალი და დაშავდა ორი სამხედრო

25 ნოემბერი, 2016 • 1151
მცხეთასთან ავტომობილი მტკვარში გადავარდა, დაიღუპა კაპრალი და დაშავდა ორი სამხედრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მცხეთის შესასვლელთან ქვეითოი ბრიგადის კუთვნილი ავტომობილი მტკვარში გადავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა კაპრალი და დაშავდა ორი სამხედრო მოსამსახურე.

“ქალაქ მცხეთის შესასვლელთან I ქვეითი ბრიგადის „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდა. ავტომანქანა მცხეთიდან თბილისში, „გიგანტის“ დასახლებაში მდებარე უზრუნველყოფის ბატალიონის მიმართულებით გადაადგილდებოდა. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ოლღა ადუაშვილი. ხოლო ამავე ქვედანაყოფის ორი სამხედრო დაშავდა. დაშავებული სამხედროები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს მცხეთის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემდეგი მკურნალობის კურსის ჩატარების მიზნით გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე საათში გადაიყვანენ,”- აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი