ახალი ამბები

შს მინისტრობის კანდიდატი კიბერდანაშაულის საკითხზე ირმა ინაშვილთან სათანამშრომლოდ მზადაა

25 ნოემბერი, 2016 • 1289
შს მინისტრობის კანდიდატი კიბერდანაშაულის საკითხზე ირმა ინაშვილთან სათანამშრომლოდ მზადაა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ მზადაა პატრიოტთა ალიანსთან სათანამშრომლოდ კიბერდანაშაულის პრობლემის საკითხზე. ამის შესახებ მღებრიშვილმა პარტლამენტში მინისტრობის კანდიდატებისა და პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის შეხვედრაზე განაცხადა.

“კიბერდანაშაული მსოფლიოს ერთ-ერთი თანამედროვე გამოწვევაა. გეთანხმებით იმაში, რომ კანონმდებლობა დასახვეწია და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ თქვენთან. მომავალ წელს ვგეგმავთ ულტრათანამედროვე ტექნიკური საშუალებების შეძენას, გარდა ამისა, ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ასევე ესტონეთთან ერთად, ვახორციელებთ ჩვენი თანამშრომლების გადამზადებას, ტრენინგებს… ისინი აქტიურად გვეხმარებიან ჩვენ. გამოვხატავთ მზაობას, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლოთ და კანონმდებლობაც დავხვეწოთ”, – განაცხადა მღებრიშვილმა ირმა ინაშვილის კითხვის საპასუხოდ.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით,  მათი ფრაქცია კიბერდანაშაულთან დაკავშირებით კანონპროექტს ამზადებს. კიბერდანაშაულის კონტექსტში ირმა ინაშვილმა ინტერნეტში შეურაცხყოფის მიყენებაზე ისაუბრა.

პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსი” მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენს. სხდომაზე ირმა ინაშვილმა შს მინისტრობის კანდიდატს, გიორგი მღბრიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ ინტერნეტში სრული განუკითხაობაა:

“აუცილებელია ამ სამმართველოს გაძლიერება, საშტატო ერთეულების დამატება. ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს სამმართველოს. ხომ არ ფიქრობთ, რომ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ფუნქციური დატვირთვა  უნდა შეიცვალოს? დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ვსაუბრობთ, რომ დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს ადამიანის უფლებების დაცვა ესმის როგორც მხოლოდ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა. ეს ასე არ არის. როცა ადამიანების პირად ღირსებას ეხებიან, ესეც ადამიანის უფლებების შელახვაა.  ინტერნეტსივრცეში სრული განუკითხაობაა, კიბერდანაშაულის კუთხით, ინტერნეტდანაშაულის კუთხით.”

მისივე თქმით, ამზადებენ  შემდეგ კანონპროექტს:

“გათანაბრებული იყოს სისხლის სამართლის დანაშაულთან. როცა მე მემუქრებიან, ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია და მნიშვნელობა არ აქვს, ქუჩაში მემუქრებიან, თუ ინტერნეტსივრცეში. მე მაქვს ამის თქმის უფლება, მე ვარ ის ადამიანი, ვინც უკიდეგანო ლანძღვა-გინების და ფურთხის ობიექტი ვიყავი ამ 12 წლის მანძილზე, ვისთვისაც ძალიან ძნელი იყო პოლიტიკაში ადგილის დამკვიდრება, ვინც ათასგვარი ცილისწამების ობიექტი იყო. ამას ბევრი ვერ გაუძლებს, ადამიანი თვითმკვლელობამდე მივა, ღირსების ისეთ შელახვასთან გვაქვს საქმე.”

ინაშვილის აზრით,  საზოგადოებისთვის ცნობილ სახეები პოლიტიკური პროცესების შეფასებისგან თავს იკავებენ, რადგან “ინტერნეტსივრციდან და შავი პიარის ტექნოლოგების მხრიდან  დარტყმებს გაურბიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი