ახალი ამბები

“შვილების საკითხავი”- ახალი პუბლიკაცია გენდერული თანასწორობისთვის

25 ნოემბერი, 2016 • 1975
“შვილების საკითხავი”- ახალი პუბლიკაცია გენდერული თანასწორობისთვის

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი (UNFPA), პარტნიორ ორგანიზაცია We Care-თან ერთად, პუბლიკაციას „შვილების საკითხავი“ წარადგენს. პუბლიკაცია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

„შვილების საკითხავი“ ცნობილი ქართველი მწერლების მიერ შვილებზე და შვილებისათვის დაწერილ წერილებს აერთიანებს. პუბლიკაცია კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ნაწილია, რომლის მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების და პარტნიორების, ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, რათა მათ მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა სოციალურ და ეკონომიკურ თანასწორობას, მეტი პასუხისმგებლობა აიღონ ბავშვებზე ზრუნვაზე და თანაბრად გაინაწილონ საოჯახო საქმე.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ აჩვენა, რომ საქართველოში გენდერული როლები არათანაბრადაა გადანაწილებული. კვლევის შედეგების თანახმად, საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპული „კაცური“ და „ქალური“ საქმის აღქმა. კაცურ საქმედ ითვლება საოჯახო ნივთების შეკეთება, ხოლო ქალურ საქმედ – ბავშვებზე ზრუნვა, დალაგება, ოჯახის მოვლა, საჭმლის მომზადება, რაც ოჯახური საქმის ტვირთს მთლიანად ქალს აკისრებს. 10-დან 8 მამა საკუთარ სკოლამდელი ასაკის შვილებს ყოველდღიურად არ უკითხავს წიგნებს, არ მიჰყავს ბაღში, ან გასართობად და არ უკეთებს საჭმელს; გამოკითხულთა 13% იშვიათად, ხოლო 6% – არასოდეს ესაუბრება თავიანთ მოზარდ შვილებს პრობლემების შესახებ. არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ.

“არსებული მდგომარეობის გათვალიწინებით და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცნობიერების ასამაღლებლად და საზოგადოებრივი დისკუსიის წამოსაწყებად, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აქტიური მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში მამაკაცთა ჩართულობის გასაზრდელად განხორციელებულმა კამპანიებმა და ღონისძიებებმა („მამა, წიგნი წამიკითხე“, სატელევიზიო გადაცემა „მამები“, „წერილი შვილს“ და ა.შ.) საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა და სოციალურ ცვლილებებს შეუწყო ხელი. 2015 წლიდან საქართველო გლობალურ „MenCare“-ს შეუერთდა დევიზით „კაცები ზრუნავენ“. ინიციატორები კამპანიაში ჩასართავად ყველა იმ მამაკაცს მოიწვიეს, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა, მზრუნველობა, ჯანსაღი გარემოს შექმნა და პასუხისმგებლობის განაწილება მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

წიგნის პრეზენტაცია 29 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში” გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი