ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენს მტერს ეგონა, რომ ახლა არის მომენტი ქართველებს სხვანაირად მივუდგეთო

8 სექტემბერი, 2012 • 1041
სააკაშვილი: ჩვენს მტერს ეგონა, რომ ახლა არის მომენტი ქართველებს სხვანაირად მივუდგეთო

ზუგდიდში შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა:

“ჩვენს მტერს ეგონა, რომ ახლა არის მომენტი, რომ ქართველებს სხვანაირად მივუდგეთო. მათ იფიქრეს, რომ მოდი ახლა, იქნებ, ქართველი ხალხი დაიღალა, მოდი, იქნებ ამ არჩევნების შედეგად, ლანგარზე მოგვართვას საკუთარი თავი და რასაც სხვა რაღაცით ვერ მივაღწიეთ ისე, ტკბილი სიტყვით, მოსყიდვით, მოფერებით, ვითომ მოფერებით დავითრიოთ ეს ულამაზესი ქვეყანა. ნურას უკაცრავად! ჩვენ როგორც არასდროს ვდგავართ ფეხზე, ჩვენ გვექნება თავისუფლება, ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა განვითარება, ჩვენ გვინდა ნატო, ჩვენ გვინდა მომავალი, ჩვენ გვინდა უკეთესი ცხოვრება და ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს აქ, სამეგრელოდან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც 1992 წელს, იმ საბაბით რომ აქ იყო ფორმირებები, შემოვიდა და ერთი ოჯახი არ დაუტოვებიათ ზუგდიდში რომ არ შესულიყვნენ და არ გამოეტანათ იქ შექმნილი დოვლათი. ეტყობა, დაგროვდა კიდევ დოვლათი სამეგრელოში და ეტყობა, ეფხანება კიდევ ხელები ვიღაც–ვიღაცებს და ერთი და იგივე ხალხს, რომ აქ გამოისერინოს, ნურას უკაცრავად, ერთი რამე შეეშალა, მაშინდელ პრეზიდენტს ერქვა მათი საყვარელი შევარდნაძე და დღეს მე ვარ, დღეს ჩვენ ვართ ყველა და არასოდეს აღარ დავუშვებ, რომ ვინმემ თითი დააკაროს აქაურობას”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

“ეხლა გვეუბნებიან, მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო აღიარებს ოკუპანტად ჩვენს დამპყრობელს, მოდი, ჩვენ თვითონ არ ვაღიაროთ, მოდი, ჩვენ თვითონ მოვუწეროთ ხელი რაზეც  უნდა და მერე რაღაცნაირად გაგვიჩარხავს საქმეს აფხაზებთან და ოსებთანო. ჩვენ ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ვაშენებთ ოკუპაციის ხაზზე ჩვენს ლაზიკას, ამიტომ ჩვენ კი არ მივალთ აფხაზებთან, რუსებს ვერ გადავახტებით თავზე, აფხაზები მოვლენ ჩვენთან, ჩვენს განვითარებულ წარმატებულ ქვეყანაში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი