ახალი ამბები

გენერალური შტაბის უფროსმა სამი მოადგილე დანიშნა, პირველი მოადგილე ნიკა ჯანჯღავაა

24 ნოემბერი, 2016 • 2996
გენერალური შტაბის უფროსმა სამი მოადგილე დანიშნა, პირველი მოადგილე ნიკა ჯანჯღავაა

გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დღეს, 24 ნოემბერს, სამი მოადგილე – პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე წარადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა კურირებას გაუწევს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას.

„პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა პასუხისმგებელი იქნება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის აღსრულების პროცესზე, ასევე, განათლების სფეროზე. ის ჩართული იქნება საქართველოს მზადყოფნის პროგრამაში და კოორდინაციას გაუწევს სხვადასხვა სწავლებებს და საერთაშორისო ღონისძიებებს,“ – განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე კურირებას გაუწევს გენერალური შტაბის ელემენტს. გენერალური შტაბის უფროსის, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, პოლკოვნიკი ჩხაიძე შტაბის ყველა “J” დეპარტამენტის მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. „სწორედ ის იქნება პიროვნება, რომელიც თავის გარშემო გააერთიანებს ყველა დეპარტამენტსა თუ სამსახურს, რაც  გადაწყვეტილების მიღების პროცესში დამეხმარება“.

გენერალური შტაბის უფროსის მესამე მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე კურირებას გაუწევს სამანევრო, უზრუნველყოფის და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების მუშაობას.

გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას სამხედრო კარიერის დაწყებამდე დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. პოლკოვნიკ ჯანჯღავას სამხედრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ის არმიის გენერალური შტაბის აკადემიაში. 2012 წელს პოლკოვნიკმა ჯანჯღავამ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის მაგისტრის ხარისხიც მიიღო სტრატეგიულ მეცნიერებაში. გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დემარტამენტის უფროსად მუშაობდა.

პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობს.

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული აკადემიის კურსდამთავრებულია. გავლილი აქვს საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსი (CGSC). მას ასევე დამთავრებული აქვს აშშ-ის არმიის კოლეჯი. გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე წარდგენამდე პოლკოვნიკი ჩხაიძე J-2 დაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1994 წლიდან მსახურობს.

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძეს სხვადასხვა დროს დამთავრებული აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის საარტილერიო  და სახმელეთო ჯარების სამეთაურო-ტაქტიკური ფაკულტეტები. 2008 წელს ლიტვის სამხედრო აკადემიაში კაპიტნის საკარიერო კურსი გაიარა. ის ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ეროვნული ცენტრის უსაფრთხოების, სტაბილურობის, ტრანზაქციის და რეკონსტრუქციის კურსის მსმენელიც იყო. გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე პოლკოვნიკი ჯაბახიძე სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი იყო.

პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1998 წლიდან მსახურობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი