ახალი ამბები

დოლიძე: თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავება წინა პრემიერის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო

24 ნოემბერი, 2016 • 1593
დოლიძე: თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავება წინა პრემიერის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო

“თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება წინა პრემიერ-მინისტრის პირობებში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო,” – ეს განცხადება  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“მე იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდება მათი გათავისუფლება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ჩემთვის და, ვფიქრობ, აქედან [მინისტრის პოზიციიდან] უფრო მეტის გაკეთებას და მხარდაჭერას შევძლებ. თუმცა, ბუნებრივია, სასამართლომ უნდა გამოიტანოს საბოლოო ვერდიქტი და იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება. მე ვინარჩუნებ დაკავებულებთან ურთიერთობას,” – განაცხადა  “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა ლიდერმა, ვიქტორ დოლიძემ.

მისივე თქმით, მინისტრის თანამდებობაზე დათანხმება სწორი გადაწყვეტილება იყო:

“ჩემთვის უმთავრესია პრინციპები და ღირებულებები, რასაც არასოდეს ვუხვევ. სხვა დანარჩენი, ნებისმიერი თანამდებობა არის მეორეხარისხოვანი. მინისტრობასთან დაკავშირებული მიღებული გადაწყვეტილება არის სწორი, ისევე, როგორც მანამდე გადადგმული სხვა პოლიტიკური ნაბიჯები. არასდროს მიჩნდება ერთი კითხვაც კი, სწორად მოვიქეცი თუ არა. ”

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს განაჩენი უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, დაკავებული პირები კი  უდანაშაულოები არიან. “სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ხოლო ISFED-ის წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სასამართლო უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს. პარტია “თავსუფალი დემოკრატების” წევრებმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულეს.

18 მაისს “ეროვნულმა ფორუმმა” პრეზიდენტს ამ ადამიანების შეწყალებისკენ მოუწოდა. თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საქმეს განსაკუთრებით დააკვირდება.

2016 წლის პარლამენტის არჩევნებში “თავისუფალმა დემოკრატებმა” ხმების 4.65 % მიიღეს, რაც საარჩევნო ბარიერის გადასალახად საკმარისი არ არის. არჩევნები ხმათა უმრავლესობით კვლავ “ქართულმა ოცნებამ” მოიგო. მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტში შევიდნენ: “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა” – 48,67% ; “ერთანი ნაციონალური მოძრაობა” – 27,11% ;  საარჩევნო ბლოკი “დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” – 5.01%.

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ “თავისუფალი დემოკრატების” რიგები პირველმა ალექსი პეტრიაშვილმა დატოვა, ხოლო შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ დროებით მიდის პოლიტიკიდან და უარი თქვა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. პეტრიაშვილისა და ალასანიას შემდეგ პარტია კიდევ ოთხმა ლიდერმა დატოვა: ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გიორგი ცაგარეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი