ახალი ამბებისაზოგადოება

როცა გოგო იბადება – ფოტოპროექტი გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ

24 ნოემბერი, 2016 • 3889
როცა გოგო იბადება – ფოტოპროექტი გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის წინააღმდეგ

25 ნოემბერს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კვირეულის ფარგლებში დინა ოგანოვას ფოტოპროექტი გამოიფინება. ფოტოსერია გაეროს მოსახლეობის ფონდის დაკვეთით შეიქმნა და თბილისსა და კახეთში ისეთ ოჯახებს ასახავს, რომლებსაც მხოლოდ გოგონები ჰყავთ.

როგორც ფოტოგრაფი ამბობს, პროექტის მიზანი გენდერული ნიშნით შვილის სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო:

ფოტოპროექტტი "გოგონა დაიბადა" ფოტო: დინა ოგანოვა

ფოტოპროექტტი “გოგონა დაიბადა” ფოტო: დინა ოგანოვა

“ძალიან გამიხარდა, რომ ბევრმა ოჯახმა მიიღო მონაწილეობა. მათ რომ ვუხსნიდი, რისთვის იყო ეს ფოტოპროექტი, მონდომებით მოდიოდნენ. მე რომ შემომთავაზეს ამაზე მუშაობა, საერთოდ არ მეგონა, რომ ასეთი პრობლემა არსებობს საქართველოში. იმიტომ, რომ ჩემთვის წარმოუდგენელი მომენტია, როგორ შეიძლება გაიკეთო აბორტი მხოლოდ იმის გამო, რომ ელოდები გოგოს და გინდა ბიჭი” – ამბობს ოგანოვა.

ლიკა ჩაფიძის ოჯახი ერთ-ერთია, რომელიც ფოტოსერიაში “გოგონა დაიბადა” მოხვდა. როგორც ამბობს, ლილეს დაბადებამდე ბავშვის სქესით არ დაინტერესებულა:

ფოტოპროექტტი "გოგონა დაიბადა" ფოტო: დინა ოგანოვა

ფოტოპროექტტი “გოგონა დაიბადა” ფოტო: დინა ოგანოვა

“უკვირდათ ძალიან, საერთოდ ორსულობის დროს მეთერთმეტე კვირაში, უკვე ექოსკოპიის დროს, შესაძლებელია გაიგო სქესი და მაშინ ვიგებდი, რომ ბევრი ქალი კონსულტაციაზე ძალიან რუდუნებით ელოდა შვილის სქესის გაგებას… ბავშვი რომ დაიბადა და ამოიყვანეს, პირდაპირ წაიყვანეს გასასუფთავებლად და არ მეუბნებოდნენ, გოგო იყო თუ ბიჭი. მე ვუთხარი, გამაგებინეთ, ვინ მეყოლა-მეთქი. მახსოვს თვალები, როგორ დამხედა ქირურგმა და მკითხა – რაო, არ იციო? ესეც რაღაც ნიშანი იყო, ალბათ, რომ ძალიან ცოტაა ეგეთი წყვილები, რომლებიც არ ინტერესტებიან ბავშვის სქესით წინასწარ.

უცნობები, ძალიან შორეული ნაცნობი რომ შეგხვდება, გეტყვის, რომ არაუშავს, მეორე ბიჭი იქნება, ეგეთი ფრაზები არის ხოლმე, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას”.  

ანა მებურიშვილი 4 დას შორის უფროსია. როგორც იხსენებს მშობლებისგან, იმის გამო, რომ ოთხივე შვილი გოგო შეეძინათ, გულისწყვეტა არასოდეს უგრძვნია, თუმცა უტაქტო რეპლიკები ნაცნობებისგან მრავალჯერ მოუსმენია:

“როცა ვამბობდი, კიდევ სამი და მყავს-მეთქი, წამოიოხრავდა ვინმე – საწყალი მამაშენი, ამდენ ქალს როგორ უძლებსო. ნაცნობებისგანაც და უცნობებისგანაც ხშირად გამიგია, 4 გოგო კარგია, მაგრამ, ალბათ, როგორ უნდოდა მამაშენს ბიჭიო. ერთხელ მათემატიკის მასწავლებელმა მითხრა – საწყალი კაცი, ამდენ ქალს რა გაათხოვებსო,” – გვიყვება ანა.

ფოტოპროექტტი "გოგონა დაიბადა" ფოტო: დინა ოგანოვა

ფოტოპროექტტი “გოგონა დაიბადა” ფოტო: დინა ოგანოვა

მსგავს ისტორიას ჰყვება ლელა სებუა პროექტში “ქალები საქართველოდან“:

“ის, რომ ქალი მეორე სქესი იყო, ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში აღვიქვი. ჩვენ ორი და ვართ. ძალიან ხშირად მესმოდა მამისგან, რომ არ ჰქონდა ცხოვრების მოტივაცია, რადგან არ ყავდა ბიჭი შვილი – მემკვიდრე. ეს ძნელი გასაგები იყო მაშინაც და საკმაოდ მტკივნეულია ახლაც. მაშინ, ბავშვობისას, უკვე ვიცოდი, რომ გამიჭირდებოდა ამის პატიება მისთვის. ეს შეგრძნება ამდენი წლების შემდეგაც ისევ ჩემთან არის და არსად წასულა. მერე გავიზარდე! ტკივილები და სევდა, რაც ჩვენთან გოგოდ დაბადებას თან ახლავს, არ განელებულა” – წერს ლელა.

ლელა სებუა © 2016 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.

ლელა სებუა
© 2016 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

როგორც ამბობს, მამის დამოკიდებულებას მალე საზოგადოებაც დაემატა, რომელიც ხშირად სქესის გამო შეზღუდვებს უწესებდა:

“ახლა ძალიან ბუნებრივად მიმაჩნია ის პროტესტი, რასაც, პირველ რიგში, მამის და შემდეგ საზოგადოების წინააღმდეგ უნებურად და ახალგაზრდული გამბედაობით ვახორციელებდი. მეცვა ყველაზე მოკლე კაბა 90-იანებში; ვისვამდი ისეთ წითელ პომადას, რომელსაც მაშინ ძალიან ნაკლებად ატარებდნენ და ალბათ სიგარეტის მოწევაც ამის გამო დავიწყე. ეს იყო, ჩემი მცირე საპროტესტო აქცია მამის წინააღმდეგ, რომელმაც დაბადებისთანავე მეორეხარისხოვნის იარილიყი მომამაგრა, და ასევე საზოგადოების, რომელიც დღიურად ცდილობდა ჩემი ინდივიდუალობისა და განსხვავებულობის დაკნინებას, გაქრობას” – ამბობს ლელა.

2013 წლიდან საქართველოში ყოველ 100 დაბადებულ გოგოზე 109 ბიჭი მოდის, რაც იმაზე ნაკლებია [ბიჭების რაოდენობა], ვიდრე წინა წლებში. სტატისტიკის მიუხედავად, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრობლემა ქვეყანაში მაინც დგას. კვლევის მიხედვით,  რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდმა 2014 წელს ჩაატარა, საქართველოში ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში ოჯახების 46% უპირატესობას ბიჭს ანიჭებს. ქალების 9% კი ამბობს, რომ სქესის შერჩევის მიზნით აბორტი გაუკეთებია. კვლევის მონაცემებით, შერჩევითი აბორტები მდედრობითი სქესის ნაყოფზე ორსულობის შესაწყვეტად ფართოდ გამოიყენება.

“ბავშვი ბავშვია, მაგრამ ბიჭი გვარის გამგრძელებელია, ძლიერი ადამიანი, რომელიც ყოველთვის შენს გვერდითაა. რომ დავბერდები, ჩემს გამოცდილებას მას გადავცემ და, იმედია, ქვეყანას გამოადგება. გოგო თხოვდება და სახლიდან მიდის”- ეს არის ერთ-ერთი ინტერვიუს ამონარიდი 2014 წლის ხარისხობრივი კვლევიდან “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში”.

კვლევაზე დაყრდნობით, 1990 წლიდან 2010 წლამდე საქართველოში  25 ათასი გოგონა დაბადებამდე “გაუჩინარდა”. მსგავსი ტენდეციის გაგრძელების შემთხვევაში კი 2020 წლისთვის ეს რიცხვი 40 ათასი, 2035 წლისთვის  – 60, ხოლო 2050 წლისთვის 80 ათასი იქნება.

ფოტოპროექტტი "გოგონა დაიბადა" ფოტო: დინა ოგანოვა

ფოტოპროექტტი “გოგონა დაიბადა” ფოტო: დინა ოგანოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი