ახალი ამბები

რა შეიძლება შეიცვალოს თავდაცვის სისტემაში არჩევნების შემდეგ

7 სექტემბერი, 2012 • • 2948
რა შეიძლება შეიცვალოს თავდაცვის სისტემაში არჩევნების შემდეგ

საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა თავდაცვის ახალი ე.წ. “3ტ” კონცეფცია, რომელიც სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს, ესენია: ტოტალური ზრუნვა, ტოტალური წრთვნა და ტოტალური თავდაცვა.

 

არსებული რეზერვის სისტემის ძირეული ცვლილება, სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერება, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის შემცირება – ასეთია კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიიციპები თავდაცვის კუთხით. 

 

“ქრისტიან-დემოკრატები” და “ახალი მემარჯვენეები” კი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებასა და არმიის სრულად საკონტრაქტო პრინციპზე გადაყვანას აპირებენ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

“ახალ–მემარჯვენეებს” 108–გვერდიან საარჩევნო პროგრამაში თავდაცის სისტემაზე საარჩევნო დაპირებები და ხედვა მხოლოდ რამდენიმე სტრიქონს მოიცავს. აღნიშნული პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანია საქართველოს თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ნატოს სტანდარტების შესაბამის შეიარაღებულ ძალად გარდაქმნა, სადაც სამხედრო მოსამსახურეთა  ანაზღაურებისა და სოციალური დაცვის დასავლური სტანდარტი იქნება დანერგილი. ამის მისაღწევად “ახალი მემარჯვენეები” თავდაცვის ბიუჯეტის 40–45%–ის დახარჯვას სოციალური სფეროსთვის აპირებენ.  ისინი, ასევე, გეგმავენ რეზერვის მრავალსაფეხურიან სისტემას.

“ახალი მემარჯვენეების” მსგავსად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას აპირებენ “ქრისტიან-დემოკრატებიც”:
 

“შერეული სახით საკონტრაქტო და სავალდებულო სამხედრო სამსახური, როგორიც ჩვენთან არის,  არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის და ეს ქმნის ძალიან დიდ დისონანსს ჯარში, რაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, სავალდებულო სამსახური მორალურად მოძველებულია და საზოგადოებაში მომძლავრებულია აზრი, რომ სამხედრო სამსახურში მიდის ის, ვისაც ნამდვილად უნდა და ვისაც არ უნდა, ათას გზას ეძებს ამის თავიდან ასაცილებლად”, – განუცხადა “ქრისტიან–დემოკრატების” წევრმა ნიკა ლალიაშილმა “ნეტგაზეთს”.

მისივე მოსაზრებით, სავალდებულო სამსახურში გაწვეული წვევამდელი არ არის მოტივირებული, ისწავლოს სამხედრო საქმე და შესაბამისად, ასეთი ქვედანაყოფები ძალიან დაბალი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან. ამიტომ “ქრისტიან–დემოკრატებს”  უმჯობესად მიაჩნიათ, გაუქმდეს სავალდებულო გაწვევა და ქვეყანა მთლიანად გადავიდეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის წევრი, მოქმედი პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსგავსი დაპირება მოცემულ სიტუაციაში საქართველოსთვის ნაადრევია და მისი დანერგვა არ შეიძლება:

“ჯარის მთლიანად გადაყვანა საკონტრაქტო სისტემაზე და სავალდებულო გაწვევის გაუქმება, არის იდეალური გამოსავალი ჩამოყალიბებულ, ლიბერალურ–დემოკრატიულ ქვეყანაში: ვისაც უნდა მსახურობს, ვისაც უნდა – არა. მეორეს მხრივ, ყველა განვითარებული ქვეყანა ინარჩუნებს გაწვვევის სისტემას, თუ დასჭირდათ გაიწვევენ. მაგალითად, 1970 წლის შემდეგ, ვიეტნამის ომის მერე აშშ–ში წვევამდელთა გაწვევა არ მომხდარა”, – ამბობს დავით დარჩიაშვილი.

მისივე თქმით, ჯარის მთლიანად გადასვლა საკონტრაქტო სისტემაზე მოითხოვს დამატებით ხარჯებს, რისი საშუალებაც ბიუჯეტს არ ექნება. “ქრისტიან-დემოკრატები” საბიუჯეტო სახსრების გამოთავისუფლებას სამხედროების რაოდენობის 37 ათასიდან 10 ათასამდე შემცირების გზით გეგმავენ. ნიკა ლალიაშილის თქმით, ამ შემცირებით გამოთავისუფლებული თანხები მოხმარდება კონტრატქორი 10 ათასი სამხედროს ხელფასებს, სოციალურ უზრუნველყოფას, აღჭურვას, დანარჩენი თანხა კი ჩამოცილდება თავდაცვის ბიუჯეტს:

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ 37 ათასი სამხედრო აბსოლუტურად ზედმეტია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი აზრით, კარგად აღჭურვილი და პროფესიონალურად მომაზდებული 10 ათასი ჯარისკაცი სჯობს 37 ათას  საშუალოდ მომზადებულ ჯარისკაცს”.

 

სამხედროების რაოდენობის შემცირება დაუშვებლად მიაჩნია მმართველი პარტიის წარმომადგენელს, დავით დარჩიაშვილს. მისი თქმით, როცა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და პოტენციური მტერი მუდმივად მზადაა ქვეყანაში შემოჭრისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არმია იყოს იმ მასშტაბის, რომ შეძლოს ტოტალური წინააღმდეგობის გაწევა. დარჩიაშვილის მოსაზრებით, ქვეყნის ტოტალური თავდაცვისთვის საკმარისი არ იქნება 10 ათასი ჯარისკაცი, თუნდაც უმაღლეს დონეზე მომზადებული.

 

“ქრისტიან–დემოკრატების” მოსაზრებით, საბრძოლო რეზერვი უნდა დაკომპლექტდეს ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებით, ხოლო რეზერვის ის ნაწილი, რომელსაც დაევალება სამხედროების ზურგის უზრუნველყოფა, შესაძლოა, სამხედრო სფეროში ნაკლებად კვალიფიციური კადრებით დაკმაყოფილდეს.

არსებული რეზერვის სისტემის ცვლილების პირობას საარჩევნოდ დებს კოალიცია “ქართული ოცნება”.  

“ჩვენი კონცეპტუალური ხედვით, სარეზერვო სამსახური არსებული ფორმით აბსოლუტურად არაეფექტურია და ვერ პასუხობს შესაბამის გამოწვევებს. 5-დან 18–დღიან მომზადებას ეფექტურად ვერანაირად ვერ გამოიყენებ და ეს კრიტიკულ სიტუაციებში კარგად გამოჩნდა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “ქართული ოცნების” ერთ–ერთმა წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის მიხედვით, სამხედრო რეზერვი უნდა დაკომპლექტდეს ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებით, სავალდებული სამხედრო სამსახურის ვადა კი არსებული 15 თვიდან 6–8 თვემდე უნდა შემცირდეს.

“წვევამდელი როცა იწყებს სამხედრო სამსახურს, პირველი ორი–სამი თვის მანძილზე ხდება მისი მომზადება, შემდეგი სამი თვის მაძილზე ის აღრმავებს სამხედრო ცოდნას , შემდეგ კი ის იწყებს ზარმაცობას, რაც ფაქტია”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” თავდაცვის კონცეფციით, 6–თვიანი სამსახური უფრო კომფორტულია და მისი დანერგვით წლის მანძილზე მოხერხდება ჯარში უფრო მეტი ადამიანის გაწვევა, რომლებიც შემდეგ შეძლებენ შეასრულებენ რეზერვის ფუქნციაც და ამისთვის იქნებიან უფრო მომზადებულები.

“შესაძლებელია, ასევე, 1+6 სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს წვევამდელთა სავალდებულო სამსახურში წასვლამდე ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოებში თეორიულ მომზადებას, სადაც ისინი შეისწავლიან სხვადასხვა საკითხებს. ამის მიზანია, რომ როცა წვევამდელი სამხედრო სამსახურში მოხვდება, მან უკვე წინასწარ იცოდეს თავისი უფლება–მოვალეობები, წინასწარ იცოდეს თეორიული საკითხები. ასევე, მნიშვნელოვანია მათი ფსიქოლოგიური მომზადება. გაწვევის ასაკი აიწევს და ახალგაზრდების გაწვევა მოხდება 19–20 წლის ასაკიდან, რადგან 18 წლის ქართველი ბიჭი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული არც ფიზიოლოგიურად და არც ფსიქოლოგიურად”, – უთხრა ირაკლი სესიაშვილმა “ნეტგაზეთს”.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” პოზიციას ემთხვევა მმართველი პარტიის ხედვები. დავით დარჩიაშვილიც ეთანხმება მოსაზრებას, რომ წვევამდელისთვის საკმარისია სამხედრო სამსახურის გავლა 1 წელიწადზე ნაკლები ვადით, რათა ის სრულად არ მოწყდეს სწავლას და კარიერას.

“ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” თავდაცვის სისტემის ფორმირებასთან დაკავშირებით, სხვა საკითხებშიც მსგავსი ხედვები აქვთ. ერთ–ერთი ასეთი საკითხია სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შექმნა, რაც არა  აქვს სხვა პარტიებს.

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში ნახსენები სამოქალაქო თავდაცვის სისტემა გულისხმობს ინფრასტრუქტური მოწყობას (თავშესაფრებს, ბუნკერებს და ა.შ), საევაკუაციო გეგმების მომზადებასა და ადამიანთა გადამზდებას.

აღნიშნულისგან მცირედით განსხვავდება მმართველი პარტიის შეხედულებებიც.

“სამოქალაქო თავდაცვა გულისხმობს რეზერვის ფორმირებას, მათ შორის ხანმოკლე ვადიანი რეზერვისას, რომელსაც, ასევე, ექნება სამოქალაქო დატვირთვა, ეს გულისხმობს საგანგებო სიტუაციებში ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დახმარებას”, – ამბობს დავით დარჩიაშვილი. მისივე თქმით, სამოქალაქო თავდაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან, რაც გულისმხობს საგანგებო სიტუაციისას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და საშიში ზონიდან უსაფრთხოდ გაყვანის გეგმის შემუშავებას.

დავით დარჩიაშვილს უსარგებლოდ და არაპრაქტიკულად მიაჩნია მთელი ქვეყნის მასშტაბით თავშესაფრებისა და ბუნკერების მოწყობა ისე, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. მმართველი გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ობიექტებს რეალური დანიშნულება არასდროს ჰქონია და მათი შექმნა კორუფციის ერთ–ერთ წყაროს წარმოადგენდა.

მმართველი და სხვა პარტიებისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” საარჩევნო დაპირებებს შორისაა სამხედრო–საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა, რაც ირაკლი სესიაშვილის თქმით, განპირობებულია სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დარღვევით.

“დღესდღეობით, უფლებები ირღვევა და სამხედრო მოსამსახურის კონტრაქტი არის კაბალური. თავდაცვის სამინისტროს შეუძლია ორი დისციპლინური დარღვევის საფუძველზე შეუწყვიტოს ხელშეკრულება სამხედრო მოსამსახურეს და დააკისროს მას 14 ათასი ლარის ჯარიმა, მაგალითად, 6 თვის მანძილზე ორჯერ თუ დაავიწყდა მხედრული სალმის მიცემა ზემდგომისთვის”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

მმართველის გუნდის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვებ-გვერდზე, სადაც საარჩევნო დაპირებები სფეროების მიხედვითაა დაყოფილი, კონკრეტულად, თავდაცვის სისტემა გამოყოფილი არ არის. თუმცა, პორტალ partiebi.ge–ზე გამოქვეყნებულია პარტიის ხედვები თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით. ასევე, თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ახალი “3ტ” კონცეფცია თავდაცვის სფეროში.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიაჩნია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა, საქართველოს უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს გათვალისწინებით. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

 

ჩვენი თავდაცვის ორგანიზაცია ეფუძნება ”ტოტალური თავდაცვის” პრინციპს, რაც გულისხმობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და მოსახლეობის სათანადო მომზადებას. ტოტალური თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სამოქალაქო თავდაცვის სისტემის დანერგვა, სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება და რეზერვის გაძლიერება. ამასთანავე, გაგრძელდება ჯარის მომზადება, საერთაშორისო წვრთნები და ტრენინგები, აგრეთვე აღჭურვა თანამედროვე შეიარაღებით. კიდევ ერთი პრიორიტეტია სამხედრო აღჭურვილობის და იარაღის წარმოება”,  – წერია “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო პროგრამაში.

“ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი