ახალი ამბები

“გირჩი” პრეზიდენტს: სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენით არღვევთ კონსტიტუციას

24 ნოემბერი, 2016 • 1794
“გირჩი” პრეზიდენტს: სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენით არღვევთ კონსტიტუციას

ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” თავდაცვის სამინისტროს მიერ სავალდებულო სამსახურის აღდგენის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს. “გირჩი” მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივის მხარდაჭერით პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს.

“სავალდებულო სამხედრო სამსახური არის ახალგაზრდა მამაკაცებისთვის გარკვეული ვადით თავისუფლების აღკვეთა სახელმწიფოსგან ძალადობის შიშით. თავისუფლებააღკვეთილი ოთხი ახალგაზრდა მამაკაციდან სამს აიძულებთ დგომას სახელმწიფო უწყებების შლაგბაუმებთან და სასჯელაღსრულების ობიექტების კოშკურებზე სხვა თავისუფლებააღკვეთილი ადამიანების სადარაჯოდ. ამ ფორმით თქვენ, საქართველოს კონსტიტუციას გარანტი, არღვევთ ქვეყნის კონსტიტუციას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ შრომა თავისუფალია. გასაგებია, რომ თქვენი მთავარი არგუმენტი ქვეყნის უსაფრთხოებაა, რომელსაც თქვენი აზრით, პირადი შემადგენლობის, ადამიანურ ენაზე კი პერსონალის დეფიციტის პრობლემა აქვს და ამ საბაბით ოთხიდან ერთ ადამიანს აიძულებთ დაგიცვათ”,- ნათქვამია “გირჩის” მიმართვაში.

“გირჩის” მიმართვაში ჩამოთვლილია ის გადაწყვეტილებებიც, რასაც ახალგაზრდა კაცები მიმართავენ, რათა სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი დააღწიონ, მაგალითად, ფიზიკურად თავს იზიანებენ,  საჭიროებისა და სურვილის გარეშე აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და სწავლის გახანგრძლივების მიზნით განზრახ არ სწავლობენ, არც გამოცდებს აბარებენ, მიდიან ქვეყნიდან; ერთი წლით საკუთარი თავის გამოსასყიდად იხდიან 2000 ლარს:

“ოთხიდან ერთი ადამიანი, ვისაც თავდაცვის სამინისტროში უკარით თავი, ის ახალგაზრდაა, ვინც გამოსასყიდი ვერ გადაგიხადათ, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება ვერ შეძლო და სხვა მეთოდების გამოყენებაც არ მოინდომა. თავს იტყუებთ ან ღრმად ცდებით, თუ გგონიათ, რომ საქმე-საქმეზე თუ მიდგება, ამ ადამიანებს თქვენი დაცვა ენდომებათ”,- ვკისთხულობთ მიმართვის ტექსტში.

2017 წლიდან ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ინიციატივა იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა  სავალდებულო სამხედრო სამსახურის სრულად გაუქმებას. ხიდაშელის ინიციატივის მიხედვით, სავალდებულო გაწვევას მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ეთიშებოდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების სამინისტროს კვლავ შეეძლო 18-დან 27 წლამდე მოქალაქეების გაწვევა, რადგან მათთან მსახურება, კანონის თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურად ითვლება.  ხიდაშელის შემცვლელმა ლევან იზორიამ კი მინისტრად დანიშვნიდან მალევე განაცხადა, რომ სავალდებულო გაწვევას აღადგენდა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობამ 2016 წლის 21 ნოემბერს საბჭოს სხდომაზე მხარი დაუჭირა თავდაცვის სამინისტროს მიერ სავალდებულო სამხედრო გაწვევის აღდგენის საკითხსა და საგაზაფხულო გაწვევის განახლების პოზიციას. ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც, რომელიც აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი “შეიარაღებული ძალებში პირადი შემადგენლობის თვალსაზრისით არსებული ვითარება” გახდა.

2015 წლის საშემოდგომო გაწვევისას სამხედრო სავალდებულო-სამსახურში შსს-ს კვოტით სულ 1350 ადამიანი გაიწვიეს, სასჯელაღსრულების კვოტით – 998, ხოლო თავდაცვის უწყების კვოტით – 1050.

მასალების გადაბეჭდვის წესი