ახალი ამბებიეკონომიკა

გიორგი გახარია: უნდა შევქმნათ ტურიზმი, როგორც ოთხსეზონიანი ბიზნესი საქართველოში

24 ნოემბერი, 2016 • 2557
გიორგი გახარია: უნდა შევქმნათ ტურიზმი, როგორც ოთხსეზონიანი ბიზნესი საქართველოში

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოში ტურიზმი ოთხსეზიონიან ბიზნესად უნდა იქცეს. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა შეიქმნას სპეციფიკური ტურიზმის ნიშები, რომლებიც ხელს შეუწყობს სეზონურობის მომენტის გადალახვას.

“დღეს აშკარაა, რომ ჩვენ ძირითადი გამოწვევები გვაქვს: სწრაფ ეკომონიკურ ზრდაზე, დასაქმების ზრდასა და სავაჭრო დეფიციტის შემცირებაზე. ეს ის გამოწვევებია, რომელზეც პასუხის გაცემა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ ქართული ეკონომიკა გამოწვევების ეკონომიკიდან გახდეს შესაძლებლობის ეკონომიკა. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, შექმნილია 4–პუნქტიანი გეგმა და სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ ხდება ფოკუსირება,” – ამბობს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი.

გიორგი გახარიამ ისაუბრა ტურიზმის განვითარებაზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარგად ასახელებს და განაცხადა, რომ ეკონომიკის ზრდისთვის მასზე აუცილებლად გაკეთდება ფოკუსირება.

“ისეთი მნიშვნელოვანი დარგი, როგორიც გახლავთ ტურიზმი, იზრდება, და ჩვენ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ ამ დარგის ზრდას. ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვნად ასაქმებს მოსახლეობას. გარდა იმისა, რომ ტურიზმი მოქმედებს სერვისის ექსპორტზე და პირდაპირ ზეგავლენა აქვს ეკონომიკაზე, ასევე დასაქმების ნაწილში ძალიან გვეხმარება. ამ მიმართულებით არის ძალზედ სერიოზული და უზარმაზარი პროექტები, განაკუთრებით სამთო–სათხილამურო მიმართულებით. ჩვენ უნდა შევქმნათ ტურიზმი, როგორც ოთხსეზონიანი ბიზნესი საქართველოში: შევქმნათ სპეციფიკური ტურიზმის ნიშები, რომლებიც ხელს შეგვიწყობს, რომ სეზონურობის მომენტი გადავლახოთ. რა თქმა უნდა, აქვე ძალიან სინერგიაში მოდის ტრანსპორტის, განსაკუთრებით ავიაციის განვითარების ნაწილი. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ ვითარდება დღეს ქუთაისი; ბოლო წლების განმავლობაში მას დაემატა 62 მიმართულება. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის კონკრეტული მგზავრთა ტრაფიკი, რომლებიც ყოველდღე ჩამოდიან ამ ქვეყანაში,” – ამბობს გახარია.

მომავალი ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ყველა საკითხი, რის შესახებაც საუბრობს, ნაწილობრივ უკვე გაკეთებულია და საკანონმდებლო აქტების სახით უახლოეს პერიოდში გაეგზავნება პარლამენტს.  გახარია სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს ექსპორტის ზრდასაც. მისი თქმით, გაიზრდება საექპორტო სიმძლავრეების ხელშეწყობა და დაფინანსება.  ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი საუბრობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის ათვისებაზე, თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკისადმი ერთგულებაზე, ასევე, ექსპორტიორების ტექნიკური და საინფორმაციო მხარდაჭერაზე.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა მისი გეგმების შესახებ დღეს, 24 ნოემბერს, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი