ახალი ამბები

ალექსანდრე ჯეჯელავა: სტუდენტის სტატუსი ფინანსური პრობლემების გამო 5 %-ს შეუჩერდა

24 ნოემბერი, 2016 • 1706
ალექსანდრე ჯეჯელავა: სტუდენტის სტატუსი ფინანსური პრობლემების გამო 5 %-ს შეუჩერდა

განათლების მინისტრობის კანდიდატის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების მხოლოდ 5 % ვერ აგრძელებს სწავლას ფინანსური პრობლემების გამო. ამის შესახებ მან პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა”  განხილვა მიმდინარეობს.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალგაზრდები უნივერსიტეტებში სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით აბარებენ. მისივე შეფასებით, ეს ცუდია:

“სტატუსშეჩერებული კლიენტები… ისინი, სტუდენტები. კომერციული სექტორის გამოცდილება თავისას შვრება. 191 ათასი სტუდენტიდან სტატუსშეჩერებული არის დაახლოებით 38 ათასი. მათ შორის ფინანსური მიზეზებით სტატუსი  დაახლოებით ხუთ პროცენტს შეუჩერდა. ერთი ძალიან მნიშნელოვანი საკითხი უკავშირდება სტატუსის შეჩერებას, ამ სიტყვების თქმაც არ მინდა, ჯარისგან დახსნა. ეს ძალიან ფუნდამენტური პრობლემაა და ყველა ჩვენგანის სამუშაოა. სტუდენტობის ამ მიზნით გამოყენება ძალიან ცუდი რაღაცაა და ჩვენ რამენაირად, ერთად უნდა ვებრძოლოთ სტატუსის შეჩერების ამ სახეობას. ”

ჯეჯელავას განცხადებით, სტატუსის შეჩერების “დანარჩენ სახეობებში არა გვიშავს”:

“დანარჩენ სახეობებში არა გვიშავს. შედარებადი ვართ ჩვენი ტიპის ქვეყნებთან. პოლიტიკა გვაქვს ამ მიმართულებით, მათ შორის ძალიან ბევრ სტატუსშეჩერებულ სტუდენტს შევთავაზეთ, თუ ფინანსური პრობლემებია, პროფესიულ კოლეჯში პარალელურად მიიღონ განათლება, რაც უფასო არის. ძალიან გვიხარია, რომ უამრავი სტუდენტი იღებს პარალელურად პროფესიულ განათლებას. მათი ნაწილი სტატუსშეჩერებულია, ნაწილი არა. ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ.”

 

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. 6

მასალების გადაბეჭდვის წესი