ახალი ამბები

სახელმწიფომ ‘მიხეილის საავადმყოფო’ დაიბრუნა – რა ელის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს

24 ნოემბერი, 2016 • 2932
სახელმწიფომ ‘მიხეილის საავადმყოფო’ დაიბრუნა – რა ელის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს

სასტუმროს, სამორინესა და საოფისე ფართების შექმნის პირობით გაყიდული “მიხეილის საავადმყოფოს” შენობაი ნვესტორის მხრიდან პირობების დარღვევის გამო წელიწადნახევრის შემდეგ კვლავ სახელმწიფომ დაიბრუნა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სახელმწიფომ ხელახლა უნდა გაყიდოს.

ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ინვესტორმა პირობები დაარღვია. მათივე ცნობით, “მიხეილის საავადმყოფო” ექსკლუზიური ქონებაა, რომელზეც მოთხოვნა მუდამ არის და ინვესტორებთან ამ ქონების თაობაზე მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს. რომელი იქნება შემდეგი მყიდველი კომპანია, საგენტოში ჯერ ვერ აცხადებენ.

“მიხეილის საავადმყოფო” და მიმდებარე მიწის ნაკვეთი 2015 წლის 23 ივნისს კომპანია “აღმას” მიჰყიდეს. კომპანია “აღმა”, საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2014 წლის 25 აპრილსაა დარეგისტრირებული. მისი მფლობელია კორეის რესპუბლიკის მოქალაქე ჰიუკ ლეე, ხოლო კომპანიის დირექტორი- გოგი უგრეხელიძე.

უგრეხელიძეს “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა. მან მოკლედ გვიპასუხა, რომ პროექტები, რომლებიც კომპანიას უნდა განეხორციელებინა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

“ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თვის ბოლოსთვის იქნება ცნობილი რაღაც”, – განაცხადა გოგი უგრეხელიძემ.

“მიხეილის საავადმყოფოს” შენობა და მიმდებარე ტერიტორია 4 მილიონ აშშ დოლარად იმ პირობით გაყიდეს, რომ ინვესტორი განახორციელებდა 57 760 000 აშშ დოლარის ინვესტიციას და შექმნიდა მინიმუმ მაღალი ხარისხის STR chain მასშტაბის კატეგორიის მქონე არანაკლებ 200-ოთახიან, ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და სამორინეს.

ამავე ფართობზე კომპანიას 2019 წლის 16 დეკემბრამდე უნდა შეექმნა ან აეშენებინა Grade-A კატეგორიის არანაკლებ 10 000 კვ.მ სამშენებლო ფართის მქონე საოფისე შენობები. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის 1 ნოემბრამდე უნდა დაეწყო.

მიხეილის საავადმყოფოს შენობა აღმაშენებლის გამზირის 58-60 ნომერში მდებარეობს. მისი ტერიტორია ასევე ემიჯნება დიმიტრი უზნაძის ქუჩას. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა დგას, რომელთაგან სამი – ყოფილი საავადმყოფოს შენობა და აღმაშენებლის გამზირის 58 და 60 ნომერში მდებარე შენობები- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მთავარი შენობა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში საავადმყოფოსთვის ააშენეს და 21-ე საუკუნემდე ფუნქციონირებდა, საინვესტიციო ტერიტორიის ცენტრში მდებარეობს.

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მარინე მიზანდარი ამბობს, რომ ეს შენობა არის მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელსაც გერმანული მემკვიდრეობის კვალიც აღენიშნება. შენობის არქიტექტორი თბილისში მცხოვრები გერმანელი ალბერტ ზალცმანი იყო.

მიზანდარის თქმით, იმისთვის, რომ ზალცმანი გაცნობოდა, როგორ შენდებოდა საავადმყოფოები ევროპის დედაქალაქებში, ევროპაში იმოგზაურა. ეს არის პირველი შენობა, რომელიც საავადმყოფოს ფუნქციით ააშენეს.
"მიხეილის საავადმყოფო"
მარინე მიზანდარი, რომელიც 2012-2014 წლებში კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, იხსენებს, რომ კორეელი ინვესტორები ამ შენობით 2013 წლიდან დაინტერესდნენ. მიზანდარის თქმით, მაშინ ეკონომიკის სამინისტრო ცდილობდა კულტურის სამინისტროს დაყოლიებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ძეგლისთვის სტატუსი მოეხსნათ, თუმცა სამინისტრომ უარი განაცხადა.  

ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს კულტურის სამინისტროს მიმართა, რომ აღმაშენებლის გამზირის 58 და 60 ნომერში მდებარე შენობებისთვის ძეგლის სტატუსი ჩამოერთმიათ. ამ მიმართვის საფუძველზე, ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ცენტრმა მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ამ შენობების ნაცვლად სასტუმროს აშენება გაუმართლებელი იყო, რადგან მათ სრულად ჰქონდათ შენარჩუნებული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა.

მაშინ სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ეს ნაგებობები, მათ შორის  მიხეილის ყოფილი საავადმყოფოს მთავარ კორპუსი, ერთიან ანსამბლს ქმნის. ამ დასკვნის მომზადების შემდეგ ამ ორ შენობას პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა, თუმცა მიხეილის საავადმყოფოს ყოფილი შენობა არ განახლებულა.

ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს შეიმუშავა კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც, ცვლილება შევიდოდა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში და ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა შესაძლებელი გახდებოდა „განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას“.  თუმცა კანონპროექტის მიღება შეჩერდა, რადგან მას პროფესიული წრეები დაუპირისპირდნენ.

მიზანდარი ამბობს, რომ 2013 წელს ინვესტორებს სურდათ, აღამაშენებლის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაენგრიათ, რათა ავტობუსებს სასტუმროსთან ფართო მისასვლელი ჰქონოდა. მიზანდარი ეკონომიკის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავებას “მიხეილის საავადმყოფოს” თაობაზე გაწეულ წინააღმდეგობას უკავშირებს.

ამ გამოცდილების გათვალისწინებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცველები, ვისაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, შეშფოთებული არიან იმ პროცესებით, რაც “მიხეილის საავადმყოფოს” ირგვლივ მიმდინარეობს.

“ლურჯი ფარის საქართველოს კომიტეტის” დირექტორი, მანანა თევზაძე შიშობს, რომ ის მოთხოვნები, რაც მთავრობის განკარგულებაში იყო ჩადებული, გულისხმობს მიხეილის საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი შენობების დადგმას, რაც საფრთხეს უქმნის შენობას, როგორც კულტურულ მემკვიდრეობას.

მიზანდარი ამბობს, რომ საავადმყოფოს ყოფილი შენობა დიდია, თუმცა არ ჰგონია, რომ 200-ოთახიანი სასტუმროსთვის საკმარისი ფართი იყოს.

მანანა თევზაძე კი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, აქაც ისეთივე რამ მოხდეს, რაც იმელის ყოფილი შენობის ან ბათუმის ფოსტის შენობის შემთხვევაში მოხდა, როცა ისტორიულ შენობას დიდი მოცულობის ნაგებობები დააშენეს.

“სანამ ჯერ კიდევ ძეგლია, სტატუსი აქვს და სანამ სამუშაოები არ დაწყებულა, წინდაწინ ვიჩენთ სიფრთხილეს, რომ გავიგოთ, რა პროექტით განხორციელდება [საინვესტიციო პროექტი]”, – ამბობს მანანა თევზაძე.

მანანა თევზაძის თქმით, კულტურული მემკვიდროების შესახებ კანონის მიხედვით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა ძეგლის მესაკუთრე- სახელმწიფო თუ ინვესტორი. მოვლა-პატრონობის შესახებ ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის, რაც წელიწადნახევრის განმავლობაში არ მომხდარა.

“ჩვენთვის პრობლემა არ არის ის, რომ გასხვისდა. ღირებულებები, რაც ამ ძეგლებს გააჩნია და რა სტატუსიც აქვს, უნდა იყოს შენარჩუნებული”, – ამბობს მანანა თევზაძე.

მარინე მიზანდარი კი საუბრობს იმის შესახებ, რომ უნდა შეიქმნას კონსერვაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, სპეციალისტები გაითვალისწინებენ ყველა ასპექტს, თუ როგორ ჩაჯდება ახალი პროექტი იმ ისტორიულ უბანში, სადაც “მიხეილის საავადმყოფოს” ყოფილი შენობა მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი