ახალი ამბები

კოჟორიძე: “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” თუ საქართველომ უნდა არჩინოს “მრეწველები”?

24 ნოემბერი, 2016 • 2617
კოჟორიძე: “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” თუ საქართველომ უნდა არჩინოს “მრეწველები”?

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩველი კახა კოჟორიძე პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” დაფინანსების საკითხს ეხმაურება. “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს თუ საქართველომ უნდა არჩინოს მრეწველები?” – კითხულობს კოჟორიძე. პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის განცხადებით, ეს საკითხი არა მხოლოდ ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობის ნაკლოვანებაზე მიუთითებს, არამედ პოლიტიკური მორალისა და სამართლილანი სასამართლოს არარსებობაზე:

“ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა რომ მრავალმხრივ დასახვეწია, ეგ ფაქტია. მაგრამ ერთი რამ კარგად უნდა ვიცოდეთ: ვერასოდეს ვერ დავწერთ ისეთ კანონებს, რომელსაც გარკვეული არაკეთილსინდისიერი თუ უსამართლო გზებით პოლიტიკოსები (ან სხვები) გვერდს ვერ აუვლიან. ასეთი სრულყოფილი კანონმდებლობა მსოფლიოში არ არსებოს და არც არასოდეს იარსებებს. მაგრამ ჩვენ რომ გვინდა გავხდეთ ისეთი ქვეყნები, რაც არსებობს, არის შემდეგი: 1) პოლიტიკური კულტურა და მორალი, რომელიც პოლიტიკოსს უზღუდავს არაკეთილსინდისიერი მოქმედებების შესაძლებლობას და 2) სამართლიანი სასამართლო. ოხ, ოხ, კარგი მოსამართლე რა გადაწყვეტილებას დაწერდა ამ ხელოვნური ფრაქციის საქმეზე. პროფესიული თვალსაზრისით გემრიელი ლუკმაა, მაგრამ ჩვენს დამატებით (უფრო სწორად, მთავარ!) პრობლემად კვლავ რჩება ის გარემოება, რომ ასეთი მოსამართლეები უმცირესობაში არიან.”

კოჟორიძის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში კანონის განმარტებისას პრივილეგირებულმა პარტიამ ისარგებლა მხარდაჭერითა და ხარვეზებიანი კანონმდებლობით.

“სამართლის ნორმის განმარტება არ არის მხოლოდ კანონის გრამატიკული ტექსტის წაკითხვა. მხოლოდ გრამატიკულად კანონს კითხულობდნენ ევროპელი ლეგისტები 800 წლის წინ, რომაული სამართლის აღდგენის დროს. მას შემდეგ განვითარდა ევროპული სამართალი. რადგან ჩვენ ქართველები და მაშასადამე ევროპელები ვართ, იქნებ ჩვენი სამართალიც განვავითაროთ. კანონის სწორი განმარტების უამრავი თეორიულ-ფილოსოფიური ხერხებისა და მეთოდების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თან საჭიროც არ არის. მოცემულ შემთხვევაში სამართლის პრინციპი ისედაც მარტივია და ნათელია: პრივილეგიებით ისარგებლოს იმ პარტიამ, ვისაც ხალხის მეტი მხარდაჭერა აქვს. არ არის მარტივი? არ არის სამართლიანი? შეეკითხეთ ნებისმიერ გამვლელს და, თუ სამართალს არ განვავითარებთ, გამვლელებს მაინც დავუჯეროთ.

ამ კითხვებზე სწორი და სამართლებრივად დასაბუთებული პასუხის გაცემა ჩვენი ხარვეზიანი კანონმდებლობიდანაც შეიძლებოდა, მაგრამ როგორ მოვიქეცით: ხარვეზიანი კანონმდებლობის უხარვეზო პრინციპი გვერდზე მივაგდეთ და რაც ხარვეზიანი წინადადება ვიპოვეთ, ზუსტად ის წესად ვაქციეთ. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ისევ მანკიერ წრეზე წაგვიყვანს და პოლიტიკურ მორალთან, სამართლიან სასამართლოსთან და კიდევ სხვა მსგავს რაღაცებთან მიგვიყვანს.

ჰოდა, სანამ პოლიტიკური კულტურა თუ მორალი ამაღლდება, სანამ ღირსეული მოსამართლეები უმრავლესობაში მოვლენ და სანამ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, მანამ საქართველომ უნდა არჩინოს მრეწველები. ასეთია რეალობა, სიღარიბე და უმუშევრობა პრობლემების რეიტინგის მუდმივი ლიდერი რომ არის, აი, იმ ქვეყანაში.” – აცხადებს კოჟორიძე ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

პ/გ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ბიუჯეტიდან 300 ათას ლარს მიიღებს იმის მიუხედავად, რომ ამ პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 0.78% მიიღო და პარლამენტში მხოლოდ ერთი წევრი შეიყვანა, მაგრამ 6-წევრიანი ფრაქციის შექმნა მოახერხა “ქართული ოცნების” დახმარებით.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით პარტია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული იყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომლის წევრიც არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, თუ იგი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას, ბიუჯეტიდან 300 000 ლარს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი