ახალი ამბები

ალცჰაიმერის კიდევ ერთმა იმედისმომცემმა პრეპარატმა ტესტირება ვერ გაიარა

23 ნოემბერი, 2016 • 1524
ალცჰაიმერის კიდევ ერთმა იმედისმომცემმა პრეპარატმა ტესტირება ვერ გაიარა

ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატმა, რომელიც იმედისმომცემად იყო მიჩნეული, ერთ-ერთი მთავარი შემოწმება ვერ გაიარა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით, იმ პაციენტებს, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ, პლაცებოს მიმღებებთან შედარებით, კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება არ შენელებიათ. პრეპარატის კვლევის ამ ეტაპზე ალცჰაიმერის დაავადების მქონდე 2000-მდე ადამიანი იყო ჩართული.

პრეპარატს ხელი  ნერვულ უჯრედებში ამილოიდის ცილების დაგროვებისთვის უნდა შეეშალა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ტვინის უჯრედების დახოცვას იწვევს და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ხელშემყობ ფაქტორად მიიჩნევა. დღესდღეობით მეცნიერები მსგავსი დანიშნულების რამდენიმე პრეპარატის შექმნაზე მუშაობენ, თუმცა “სოლანზუმაბი” ყველაზე იმედისმომცემად იყო მიჩნეული.

ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორის და ფარმაკოლოგიის ექსპერტის, პიტერ რობერტსის თქმით, პრეპარატის ჩავარდნა მოულოდნელი არ ყოფილა. ექსპერტის თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ამ ნეიროდეგენერაციული დაავადების კავშირზე ამილოიდების დაგროვებასთან.

“ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ  ამილოიდის ცილების დაგროვება ალცჰაიმერის დაავადების ჩამოყალიბებამდე დაახლოებით 20 წლით ადრე იწყება” – ამბობს პროფესორი.

მეცნიერების მიდგომაში პრობელმას ხედავს საუთჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორი როქსანა ოკარარე. მისი თქმით, დაავადებასთან ბრძოლისთვის არა ამილოიდების გავრცელების შეფერხება, არამედ მათი  სრულად მოცილებაა საჭირო, რაც ამ დროისთვის ვერც ერთმა პრეპარატმა ვერ შეძლო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი